Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Еспресо  უკრაინა

იური ბუტუსოვი

 

რა აიძულებს ზელენსკის დაეხმაროს ადამიანებს ფრონტზე, როგორ მივიპყროთ მისი ყურადღება?

არმია სისხლისგან იცლება, ასობით ბატალიონი და ბრიგადა, განწირული ხმით მოუწოდებს ხალხს: გვიყიდეთ დრონები, გვიყიდეთ ანტენები, გვიყიდეთ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებები, გვიყიდეთ კევლარის ლაბადები, გვიყიდეთ პიკაპები, გვიყიდეთ კვადროციკლები, გვიყიდეთ ცხაურები ჯავშანტექნიკისთვის… ფირზეა აღბეჭდილი  – პორტრეტები და სანთლები, მათ მოსაგონრად, ვისაც არ მიაწოდეს, ვინც დაიღუპა, რადგან არ იყო დრონები, რომლებითაც მიაკვლევდა და გააანადგურებდა მტერს, არ იყო რადიო-ელექტრონული საშუალებები, რითაც წინააღმდეგობას გაუწევდა მტრის დრონებს, არ იყო კვადროციკლები, რითაც მეომარი შეიჭრებოდა ბრძოლის ველზე და შეძლებდა დაჭრილი თანამებრძოლის ევაკუაციას, არ იყო ლაბადები  და „მავიკიდან“ ნასროლი ხელყუმბარა შეფრინდა სანგარში, არ იყო ცხაურები ჯავშანმანქანაზე და განადგურდა ძვირადღირებული ტექნიკა… ახლა  ბრძოლაში ებმებიან ახალი ბრიგადები, ახალი ადამიანური რესურსები,  სახელმწიფო კი მათ საერთოდ ვერ უზრუნველყოფს სათანადო აღჭურვილობით. ყოველდღიურად ისმის კითხვები ფრონტიდან: რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება, რატომ არ გვეხმარება? იმიტომ, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ ზელენსკიმ – დახარჯა მილიარდები საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიაზე: 1000-1000 გრივნის დარიგება, არსებითად არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ფული იხარჯება ნაციონალური ერთიანობის სამინისტროს შექმნაზე, იხარჯება უვარგისი ნაღმებისა და ჭურვების შესყიდვაზე, ისინი კი არ ფეთქდება. გვეუბნებიან, რომ უკრაინას სჭირდება ეროვნული ერთიანობა და სიმტკიცე, სინამდვილეში კი ფული მიდის პიარზე.

არც ჩერჩილი და არც რუზველტი, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოსახლეობას არ ურიგებდა ფულს, ფინანსური სახსრები სრულად ხმარდებოდა გამარჯვებას, იზრდებოდა გადასახადები, რომ ეწარმოებინათ ხარისხიანი საბრძოლო მასალები, რომ გადარჩენილიყო ჯარისკაცების სიცოცხლე, რომ უკეთ შეძლებოდათ მტრის განადგურება. ბრიტანეთსა და აშშ-ს  არ შეუქმნიათ ახალი სამინისტროები, იმიტომ, რომ ყველა შეთანხმდა ერთ რამეზე: რესურსები მოხმარებოდა არმიას და არა სამოქალაქო მოხელეების მომრავლებას, რომელთაც ექნებოდათ  ჯავშანი, რათა თავი აერიდებინათ არმიაში გაწვევისგან. გამარჯვებულ ქვეყანა-ლიდერებს, ზუსტად ჰქონდათ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა მიზანშეწონილობა ეჭქვეშ არავის დაუყენებია. აქედან გამომდინარე, დღეს უკრაინაში, ისე არავინ ებრძვის ნაციონალურ ერთიანობას, როგორც თავად ზელენსკი.

ზელენსკიმ ფაქტობრივად ფული წაჰგლიჯა უკრაინის თავდაცვას და ამით სასიკვდილოდ გაწირა არაერთი მეომარი, რადგან ის დარწმუნებულია, რომ მოსყიდვითა და პოლიტტექნოლოგიების საშუალებით, მოატყუებს ზურგში დარჩენილებს და შეინარჩუნებს დღევანდელ სტატუსს. სავარძლისა და  ძალაუფლების მეტი, ზელენსკის არაფერი ადარდებს.

ტყუილი და სისხლი, ურცხვი ტყუილი და სისხლი… ნამდვილი  ერთიანობისა და კონსოლიდაციის ნაცვლად, სიცრუითაა გაჯერებული მისი ქმედებები და მეტყველება. როგორ უნდა ვაიძულოთ ის, დაეხმაროს ფრონტზე მყოფებს, როგორ მივიქციოთ მისი ყურადაღება? იქნებ ვინმე მსახურობს  არმიაში „კვარტალი 95“-დან – საინტერესო იქნებოდა მასთან ინტერვიუ… იქნებ პრეზიდენტის, მისი ცოლისა და მშობლების მეგობრებიდან, ვინმე  იმყოფება ფრონტზე? ბოლოს და ბოლოს, ელემენტარული ადამიანური თანაგრძობა ხომ მაინც უნდა აღმოაჩნდეს პრეზიდენტს მათ მიმართ, ვინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე – ასრულებს თავის მოვალეობას  ბრძოლის  ველზე.

By admin