Big Think აშშ
პოლ რათნერი
1984 წელს სსრკ-დან გაქცეულმა კგბ-ს თანამშრომელმა, მისცა შემაშფოთებელი ინტერვიუ, სადაც ზუსტად აღწერა თანამედროვე ამერიკა და გამოჰყო ,,ტვინის გამორეცხვის’’ ოთხი ეტაპი.
ძირითადი დასკვნები:
- ყოფილმა კაგებეშნიკმა, სახელად იური ბეზმენოვმა, ჯერ კიდევ 1984 წელს განაცხადა, რომ რუსეთის ძირითადი მიზანია – იდეოლოგიური დივერსია აშშ-ს წინააღმდეგ.
- ამ პროცესს, მან უწოდა ,,ტვინის სრული გამორეცხვა’’ და გამოჰყო 4 ეტაპი.
- პირველს, მისი თქმით წარმოადგენს ,,დემორალიზაცია’’ და ის გრძელდება – 20 წელი
1954 წელს, ცივი ომის დასაწყისში, საბჭოთა კავშირმა შექმნა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით კგბ. ორგანიზაცია ზედამხედველობდა შინაგან უსაფრთხოებას, იყო ერთგვარი საიდუმლო პოლიცია სსრკ-ში – აწარმოებდა შიდა და საგარეო დაზვერვას.
კგბ – ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით, მთელ მსოფლიოში უთხრიდა ძირს პროდასავლურ და ანტისაბჭოურ პოლიტიკურ მოძრაობებს და მათ საკვანძო ფიგურებს. მისი აგენტები თავიდან იცილებდნენ მიუღებელ პოლიტიკურ ლიდერებს ციანიდითა და სხვა იარაღით. კომიტეტი აფინანსებდა და აიარაღებდა მემარცხენე დაჯგუფებებს, განსაკუთრებით ეს ეხებოდა განვითარებად ქვეყნებს. კგბ-ემ წარმატებით ჩანერგა ჯაშუშები აშშ-ს სპეცსამსახურებში – მათი რაოდენობა დღემდე უცნობია და შესაძლოა სიმართლე ამის შესახებ, ვერც ვერასდროს შევიტყოთ.
ბურუსითაა მოცული კგბ-ს შორსმიმავალი გეგმებიც აშშ-ში. ამის თაობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ერთადერთი ცნობით, რომელიც გაკრთა 80-იან წლებში და უკავშირდება იური ბეზმენოვს, რომელმაც 1970 წელს, თავი შეაფარა კანადას. ის ამტკიცებდა, რომ დაწვრილებით იცნობდა ამერიკის საწინააღმდეგო ძირგამომთხრელ გეგმას და მისი რელიზაცია მოხდებოდა არა ბრძოლის ველზე, არამედ ამერიკელების ცნობიერებაში.
1984 წელს ბეზმენოვმა ინტერვიუ მისცა ედვარდ გრიფინს. ამ საუბრიდან ჩვენთვის დღეს ბევრი რამ არის ნაცნობი. უმძიმესია ბეზმენოვის დასკვნა, რომ რუსეთს აქვს ხანგრძლივი პროექტი, თუ როგორ უნდა დაამარცხოს ამერიკა ფსიქოლოგიურ ომში, მისი სრული დემორალიზაციის’’ მეშვეობით. ეს იყო ხანგრძლივი თამაში, რომლის მიზნების გათვლილი იყო ათწლეულებზე – ვინ იცის, იქნებ მას უკვე მოაქვს შედეგი.
ბეზმენოვი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კგბ-ს მთავარი ამოცანა, შპიონაჟს თითქმის არ უკავშირდებოდა, როგორც არ უნდა გვიმტკიცებდეს ამას მასობრივი კულტურა. ამ სამუშაოს ლომის წვლილი, დაახლოებით 85%, წარმოადგენდა ,,მდორედ მიმდინარე პროცესს, რასაც ჩვენ ვეძახით იდეოლოგიურად ძირგამომთხრელ საქმიანობას, გამხრწნელ მუშაობას ან ფსიქოლოგიურ ომს.’’
რას ნიშნავდა ეს? ბეზმენოვმა აგვიხსნა, რომ ყველაზე შთამბეჭდავი იდეოლოგიურ დივერსიაში ისაა, რომ ის მიმდინარეობს ღიად, სრულიად ლეგიტიმური სახით. ,,თქვენ შეგიძლიათ ეს იხილოთ საკუთარი თვალით _ განმარტა მან და მას იოლად შეამჩნევდა ამერიკული მედია, თუ ის მოიწადინებდა ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას.’’
აი, როგორ აღწერა მან იდეოლოგიურ-დივერსიული საქმიანობა: ,,ამოცანას წარმოადგენს ამერიკელთა ცნობიერების ისე დამახინჯება, რომ მათ ვერ აღიქვან რეალობა და ჭარბი ინფორმაციის პირობებში, ადამიანებს არ შეეძლოთ გონივრული დასკვნების გამოტანა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, მათივე და მათი ოჯახების, ახლობლების, საბოლოო ჯამში კი – ქვეყნის საკეთილდღეოდ.’’
ბეზმენოვმა, თავის დროზე, ამ პროცესს უწოდა ,,ტვინის დიდი გამორეცხვა’’ და მასში გამოჰყო 4 ძირითადი ეტაპი. პირველს – ეწოდება ,,დემორალიზაცია’’ და ის გრძელდება 15-20 წელი. ექსკაგებეშნიკის თქმით, ეს არის აუცილებელი პერიოდი ადამიანის აზროვნების შესაცვლელად – სწორედ ამდენი დროა საჭირო, ახალი თაობის გამოზრდისთვის და იმისთვის, რომ მას განსხვავებული წარმოდგენა შეექმნას საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე.
მან მაგალითად მოიყვანა 60-იანი წლების ჰიპები, რომლებიც 1980 წლებში მოვიდნენ ხელისუფლებაში და სათავეში ჩაუდგნენ ამერიკის მსხვილ კომპანიებს. ბეზმენოვი ამტკიცებდა, რომ ეს თაობა უკვე ,,დასნებოვნებული’’იყო მარქსიზმ-ლენინიზმის დებულებებით. რა თქმა უნდა, ძნელია ხელაღებით ირწმუნო, რომ ე.წ. ბეიბი-ბუმერები ასე თუ ისე იზიარებენ მარქსიზმის იდეებს, რომლებიც გაამრუდა კგბ-ემ, მაგრამ ბეზმენოვის მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ ,,დემორალიზებულები’’ თანდათან ვეღარ აცნობიერებენ, რა ხდება მათ თავს.
ასეთ ადამიანებზე ბეზმენოვმა თქვა შემდეგი: ,,ისინი ისე არიან დაპროგრამებულნი, რომ ირეაგირონ გარკვეულ გამაღიზიანებლებზე და იფიქრონ გარკვეული სქემის შესაბამისად (ეს გარკვეულად ეხმიანება აკადემიკოს პავლოვის თეორიას). თქვენ მათ ვერ გადაარწმუნებთ, რაგინდ სარწმუნო ინფორმაცია არ უნდა მიაწოდოთ. თუნდაც დაუდასტუროთ, რომ თეთრი – თეთრია, ხოლო შავი – შავი. თქვენ ვერ შეცვლით მათ საბაზისო აღქმას და ქცევით ლოგიკას.’’
დემორალიზაცია, მისი თქმით, შეუქცევადი პროცესია. ბეზმენოვი ამტკიცებდა, რომ ამერიკის დემორალიზაციის პროცესი დასრულებული იყო 1984 წლისთვის! კგბ-ს აგენტის თქმით, საჭირო იყო მთელი თაობა და მინიმუმ რამდენიმე ათწლეული, რომ ამერიკელებს დაეწყოთ სხვაგვარად ფიქრი და მიბრუნებოდნენ ადრინდელ პატრიოტულ ღირებულებებს.
უნდა ითქვას, რომ ინტერვიუს ყველაზე შთამბეჭდავი პასაჟი, ესაა აღწერა ,,დემორალიზებული’’ ადამიანის მდგომარეობისა. ,,როგორც უკვე გითხარით, ობიექტურ ინფორმაციას უკვე აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა – ამბობდა ბეზმენოვი – დემორალიზებულ ადამიანს აღარ აქვს უნარი გაარკვიოს სიმართლე, ფაქტები მას არაფერს ეუბნება. თუნდაც სრულყოფილი ინფორმაცია, უეჭველი სამხილებით, დოკუმენტებით, ფოტოგრაფიებით მასზე არ მოქმედებს, ძალითაც რომ წაიყვანო საბჭოთა კავშირში და ანახო კონცლაგერები, ის უარს იტყვის ირწმუნოს ყოველივე ეს. სანამ პანღურს არ ამოჰკრავენ და ნალიანი ჩექმით არ დაუფქვავენ კვერცხებს, მანამდე ის არაფერს დაიჯერებს, სწორედ ამაში მდგომარეობს დემორალიზებულის ტრაგედია.“
ძნელია, ნათქვამში არ ამოიცნო თანამედროვე ამერიკა. ჩვენს საზოგადოებაში გამეფებულია პოლარიზაცია და პოლიტიკური ,,ბელადომანია,’’ როცა ადამიანები ხელაღებით უარყოფენ ფაქტებს და უპირატესობას ანიჭებენ იდეოლოგიურ შტამპებსა და მოსაზრებებს.
დემორალიზაციის შემდეგ, დგება ტვინის იდეოლოგიური გამორეცხვის მეორე ეტაპი, ამ პერიოდის ხანგრძლივობა 2-5 წელია, ირწმუნებოდა ბეზმენოვი, მთავარია მიაყენო დარტყმა ერის ფუძემდებლურ პრინციპებს: ეკონომიკას, საგარეო ურთიერთობებს და თავდაცვით სისტემებს. სახელმწიფო-დივერსანტი (ანუ რუსეთი) შეეცდება შეარყიოს თითოეული ეს სფერო ამერიკაში და მნიშვნელოვნად დაასუსტოს ქვეყანა.
მესამე სტადია არის ,,კრიზისი’’. ბეზმენოვმა განმარტავდა, რომ ქვეყნის კრიზისში ჩაფლობისთვის საკმარისია 6 თვეც. კრიზისს მოჰყვება ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, ცხოვრების წესისა და ეკონომიკის მოშლა’’ და ის კი სრულდება ბოლო – ,,ნორმალიზაციის’’ ეტაპით. ამის შემდეგ, ქვეყანა პრაქტიკულად დაპყრობილია და ცხოვრობს ახალი იდეოლოგიით, ახალ რეალობაში.
სწორედ ასეთი ბედი ელის ამერიკას, თუ ის არ მოიცილებს ადამიანებს, რომლებიც მას კრიზისს უქადიან, გვაფრთხილებდა ბეზმენოვი. მეტიც, თუ ხალხი ვერ გააცნობიერებს საფრთხეს, აშშ-ს ვერ უშველის ვერავინ, დაასკვნიდა ის: ,,შეგიძლიათ დაემშვიდობოთ თავისუფლებას’’- იღიმოდა ის. უნდა აღინიშნოს, რომ ბეზმენოვი გულისხმობდა ძირითადად ბეიბი-ბუმერების და მაშინდელი დემოკრატების თაობას.
სხვა სულისგამყინავ პასაჟში, ბეზმენოვმა აღწერა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ამერიკაში. მართალია ამერიკელებს ეგონათ, რომ ცხოვრობენ მშვიდობიანად, სინამდვილეში ისინი აქტიურად ომობდნენ რუსეთთან, თანაც კარგა ხანია.
„ამერიკელი პოლიტიკოსებისა და მასმედიის უმრავლესობა და განათლების სისტემა ზრდის ახალ თაობას ისე, რომ მათ სჯერათ, რომ ცხოვრობენ მშვიდობიან პერიოდში, ამბობდა კგბ-ს ყოფილმა აგენტი – ეს ტყუილია. აშშ ომის მდგომარეობაშია, ესაა გამოუცხადებელი ტოტალური ომი საკუთარი სისტემის პრინციპებთან და საფუძვლებთან.“