THE GUARDIAN დიდი ბრიტანეთი
დენ საბაჰი – რედაქტორი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
უკრაინაში ომის – ახალ ფაზაში გადასვლის კვალად, ნატოს ქვეყნები თანდათან ზრდიან კიევისთვის იარაღის მიწოდებას. ამით დასავლური ქვეყნები შეუმჩნევლად სცდებიან იმ ზღვარს, რომელიც მისმა ლიდერებმა კრიზისის დასაწყისშივე მონიშნეს, რომ საქმე ეხებოდა მხოლოდ თავდაცვას
ღიად რჩება საკითხი: შეუძლია თუ არა იარაღის მიწოდების თანდათანობით ესკალაციას, თავიდან აგვაცილოს რუსეთის საპასუხო ქმედებები და შეიტანს თუ არა ეს გარდატეხას ბრძოლის ველზე, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში (დონბასში), სულ უფრო გადადის ომის წარმოების ტრადიციულ ფორმაზე.
„მთავარია, რამდენად გადაერთვება დასავლეთი შეტევით შეიარაღებაზე – ამბობს ფილ ოსბორნი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი მეთაური – ანუ ყველაფერი, ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შენარჩუნდება ან გაიზრდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდება“. პირველი ექვსი კვირა, უკრაინელი სამხედროები ცდილობდნენ, მოეგერიებინათ ქვეყანაში შეჭრილი ჯავშანსატანკო კოლონები და მსუბუქი ქვეითი შენაერთები ტანკსაწინააღმდეგო ბაზუკებით. რუსების უვარგისმა ტაქტიკამ და უკრაინელთა შეუპოვრობამ, აიძულა მოწინააღმდეგე უარი ეთქვა კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის შტურმზე.
მაგრამ ახლა უკრაინას საქმე აქვს რუსულ ძალებთან ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს თავდაცვის კუთხით და კარგად გამაგრდნენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გაირკვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას გაუგზავნა ათამდე საბჭოთა ტანკი T- 72, ასევე ჰაუბიცები და სხვა საარტილერიო დანადგარები, ჯავშანტრანპორტიორები – БМП-1, რაც წინგადადგმული ნაბიჯია „შეტევითი იარაღით“ მომარაგების საქმეში. ამის თაობაზე დასავლეთის პოლიტიკოსები ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ.
ეს, თავისთავად არ არის საკმარისი, იმ დანაკლისის შესავსებად, რაც სადღეისოდ, დამკვირვებლების აზრით, 94 ტანკს შეადგენს, ისინი უკრაინელებმა საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგეს. თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ პოლონეთი გამოყოფს 100 ტანკს, მით უფრო, მან ხელი მოაწარა შეთანხმებას 250 ამერიკული ტანკის – „აბრამსის“ შესყიდვაზე (4,75 მილიარდ დოლარად).
დიდი ბრიტანეთი განიხილავს უკრაინისთვის „არალეტალური ჯავშანმანქანების“ მიწოდებას, რომლებიც გამოიყენება პატრულირებისა და დაზვერვისთვის, როგორც ამას TIMES-ი იუწყება.
ომის მომდევნო ფაზა (დონბასში), რომელიც სავარაუდოდ იქნება გადამწყვეტი, დაიწყება აპრილის ბოლოს, როცა რუსები შეეცდებიან სრულად გააკონტროლონ მარიუპოლი, შექმნან სახმელეთო კორიდორი ყირიმთან, გააფართოონ ოკუპაციის ზონა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე და ალყაში მოაქციონ უკრაინის ძირითადი ზალები, რომლებიც მათ, აქ უპირისპირდებიან. დასავლელი მზვერავები თვლიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოინდომებს – მიაღწიოს „მნიშვნელოვან წარმატებას“ გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის. ჩეხური ტანკების ჯგუფი და 4 ჯავშანმანქანა BUSHMASTERI, რომლებიც უკრაინას ავსტრალიამ გადასცა, ამინდს ვერ შექმნის. „ჩვენთვის რომ მოეცათ, ის რაც გვჭირდება – თვითმფრინავები, ტანკები, არტილერია, რაკეტსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი – შევძლებდით ათასობით ადამიანის გადარჩენას“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გასული კვირის დასაწყისში.
ოთხშაბათს აშშ-მ განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნის 100 მილიონი დოლარის ღირებულების JAVELIN-ის რაკეტებს, დამატებით იმ 300 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც პარასკევს გაცხადდა. ეს დახმარება მოიცავს შეიარაღების ორ კომპონენტს, რომლებიც უკრაინულ ძალებს უნდა დაეხმაროს რუსებზე იერიშის მისატანად.
„პარასკევის პარტიაში“ შევიდა „ლაზერული დამიზნების სარაკეტო სისტემები“, რომლებიც მიეკუთვნება APKWS-ს ტიპის რაკეტებს. ეს რაკეტები მაგრდება თვითმფრინავებსა და უპილოტოებზე, თუმცა მათი გამოყენება შესაძლებელია ხმელეთიდანაც, რაც უკრაინელებს დაეხმარებათ რუსეთის მძიმე არტილერიაზე უპირატესობის მოპოვებაში, იმ არტილერიაზე, რომელმაც მრავალი უკრაინელი შეიწირა.
„პარასკევის პაკეტის“ მეორე ელემენტია – 10 საბრძოლო უპილოტო SWITCHBLADE-ი, რომლის ფრენის მანძილი 90 კმ-ია. მას შეუზლია ჰაერში 40 წუთი იყოს და ის შეიცავს ისეთ ანტისატანკო ქობინს, როგორიც აქვს „ჯაველინს“ – ესა შემცვლელი თურქული უპილოტო TB 2-ის და ის, უკრაინას მეტ შესაძლებლობებს მისცემს ბრძოლის ველზე.
ნიკ რეინოლდსმა, რომელიც სახმელეთო სამხედრო მოქმედების ექსპერტია, განაცხადა, რომ უპილოტო SWITCHBLADE-ი „სასიცოცხლოდ აუცილებელია,“ ვინაიდან ის უკრაინელებს დაეხმარება „დარტყმა მიაყენოს რუსულ სამეთაურო კვანძებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, არტილერიასა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს – ფროტის სიღრმეში.
მიწოდების ზრდა, უეჭველია წაადგება უკრაინას რუსული შეტევის მეორე ფაზაში, მაგრამ ძალთა ბალანსის მკაფიო სურათი, აპრილის ბოლოს გამოჩნდება. ტანკების დამატებითი პარტიის გარეშე, გაურკვეველია, როგორ უნდა მოახერხოს უკრაინამ – თუნდაც მარიოუპოლის გათავისუფლება.
ამასთან, კიდევ უფრო გაურკვეველია დასავლეთის მიზანი, რა არის იგი – დაეხმაროს უკრაინას კრემლის იძულებაში (დაითანხმოს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე) – თუ რუსეთს მიაყენოს მძიმე მარცხი, რაც წარმოშობს რუსეთის არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის პროვოცირების საფრთხეს. ორშაბათს, დასავლელმა ჩინოვნიკმა გაგვაფრთხილა, რომ მცდელობა განიდევნოს რუსეთი დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ყირიმიდან შექმნის „ პრინციპულად სხვა“ ვითარებას, „ რადგან რუსეთი ყოველმხრივ შეეცდება, დაიცვას თავისი ინტერესები.“