CNN აშშ
თიმ ლისთერი, ოლგა ვოიტოვიჩი
რუსულმა მხედრობამ გააქტიურა შეტევა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, მაგრამ ზოგიერთ რაიონში, მას მოუწია – უკან დაეხია, იტყობინებოდნენ სამშაბათს უკრაინელი ჩინოსნები
„რუსულმა არმიამ დაიწყო შეტევა ყველა მიმართულებით“ – ამბობს უკრაინულ მედიაში ალექსეი არესტოვიჩი, პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი.
კერძოდ, რუსული ძალები თავმოყრილია ქალაქებთან – კრამატორსკთან და სლავიანსკთან – უკრაინული დონბასის ნაწილში, ასევე კრივოი როგთან – ხერსონის ოლქში, ამბობს არესტოვიჩი.
რუსები ხერსონს შეჭრის დღიდან ინარჩუნებენ და აქედან ცდილობენ წინსვლას ჩრდილოეთით.
რუსეთი ასევე განაგრძობს ჯარების თავმოყრას ჩრდილო- აღმოსავლეთში და ცდილობს ისედაც ძლიერდაზიანებული ხარკოვის შეძლებისდაგვარად ბლოკირებას, განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.
გენერალურ შტაბში ასევე თქვეს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შეეცადნენ, შეტევა დაეწყოთ დონეცკის ოლქის სხვა რაიონებში.
„ბოლო დღეების განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკუგდებულია მოწინააღმდეგის 6 შეტევა, განადგურებული 4 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 11 ერთეული ჯავშანტექნიკა, 11 ერთეული საავტომობილო საშუალება და 1 საზენიტო დანადგარი“ – განაცხადეს გენშტაბში.
რუსი სამხედროები ასევე უტევენ სამხრეთში – ზაპოროჟიეს ოლქში, ამბობენ გენშტაბში. უკრაინელმა მეომრებმა მათ საპასუხო დარტყმა მიაყენეს, გაანადგურეს მტრის იარაღის საწყობი, იტყობინება სამხედრო მეთაურობა და დასძენს, რომ მოკლულია 70 რუსი ჯარისკაცი – რუსებმა დანაკარგი ნახეს სხვა 2 დასახლებულ პუნქტშიც, კრივოი როგის სამხრეთით.
CNN-მა ვერ შეძლო დამოუკიდებლად გადაემოწმებინა ეს მონაცემები.
იმავე რეგიონში, უკრაინის სახმელეთო ძალების სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ „რუსი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ ეცადნენ ქალაქ ნიკოლაევისკენ წინსვლას, გააძლიერეს სროლები, მათ შორის საარტილერიო, მაგრამ მათი 2 შეტევა მოგერიებულია. ამ დროს განადგურდა ტანკები და ჯავშანმანქანა – აღნიშნულია შეტყობინებაში – დანარჩენი, ჩვენი ცეცხლის ქვეშ, საწყის პოზიციებს დაუბრუნდა.“