The Spectator დიდი ბრიტანეთი
ვლადიმირ ზელენსკი იმყოფებოდა დაუნინგ-სთრითზე, იყო პარიზში, რომში, ბერლინსა და დუბროვნიკში – და ყველგან იხვეწებოდა, მიეღოთ ნატოში. თუმცა ამ ქალაქებში მას ესმოდა ერთი და იგივე – „არა, ჯერ ადრეა“, ისე, როგორც ეს მანამდე მოხდა ვაშინგტონში
კიევის დასავლელი მოკავშირეებიდან ზოგიერთი თვლის, რომ მხოლოდ ალიანსის მოსაწვევი ბილეთი შეიძლება იყოს უკრაინის დამოუკიდებლობის გარანტია. რუსეთი დღემდე არ შეხებია ნატოს წევრ-ქვეყანას, რადგან მეხუთე მუხლის თანახმად, რომელიმე წევრზე თავდასხმა, მთელი ალიანსისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. ასე რომ, ნატოში მიღების გარეშე, უკრაინა ვერ იქნება უსაფრთხოდ.
ამ ლოგიკას აქვს ერთი დიდი ხინჯი: განჭვრეტად მომავალში უკრაინა ვერ მოხვდება ნატოში. წმინდა იურიდიულად, ორგანიზაციის წესდება კრძალავს ისეთი სახელმწიფოს გაწევრიანებას, რომლის საზღვრები სადავოა – თუმცა ძნელია მონახო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიულ სივრცეს არ აპროტესტებენ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინმეს გაწევრიანებას სჭირდება საყოველთაო თანხმობა – უნგრეთში, თურქეთში, ხორვატიაში, გერმანიასა და აშშ-ში კი უკრაინის მიღებას, სრულ უგუნურებად მიიჩნევენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ახალი „სატყუარა გამოაგდო“, როცა თვის დასაწყისში განაცხადა: „ უკრაინა ახლა ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს … და ის გააგრძელებს ამ გზით სვლას იქამდე, ვიდრე არ გახდება ჩვენი ალიანსის წევრი“-ო.
კიევის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას ერგო ყველა შესაძლებლიდან უარესი ვარიანტი: ერთი მხრივ, ის იჭყლიტება იმ ტვირთით, რაც კანდიდატობას ახლავს, მაშინ, როცა მის ნატოში გაწევრიანებას გამძვინვარებული ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინი. მეორე მხრივ, ის ალიანსიდან იღებს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას – თუმცა არც იმდენს, რომ რუსეთის დასამარცხებლად კმაროდეს.
ამასთან, აშშ ზელენსკის არ აძლევს უფლებას, ნატოს მიერ გადაცემული რაკეტები – რუსეთის ზურგში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს. კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ, ვაშინგტონი მას აღარ ენდობა (აშშ-მ კიევს ურჩია, ეს არ გაეკეთებინა, ამას ადასტურებს, როგორც ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ისე თავად ზელესკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი). ერთ-ერთმა წყარომ ნატოში პირდაპირ მითხრა, „რომ თეთრი სახლის უმთავრესი პრიორიტეტია, არ დაუშვას კონფლიქტის გადაზრდა კინეტიკურ ომში ნატოსა და რუსეთს შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბაიდენის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს რუსეთთან ომი, რომელშიც ის აუცილებლად გაებმევა თუ უკრაინა ალიანსში გაწევრიანდა.
არაერთი დასავლელი ლიდერი, მათ შორის ბორის ჯონსონი, The Spectator -ის ფურცლებზე ამტკიცებდა, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე უარი, დანებების ტოლფასია. თუმცა რაკი ნატოში გაწევრიანების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, ამ თემაზე კამათი სპეკულაციას ემსგავსება – მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. რუსეთი თურქეთს ამარაგებს გაზით, წარმოადგენს მის საექპორტო პარტნიორს და ის ასევე საჭიროა ძალთა ბალანსისთვის სირიაში. შანსი იმისა, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ნატოში მიღებას, ერდოგანისა და პუტინის ურთიერთობა რომ გვერდზე გადავდოთ, ნულის ტოლფასია. იგივე ითქმის უნგრეთსა და აშშ-ზე, ამ ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერა 48%-ზე ქვევით დაეშვა.
უკრაინის ნატოში მიღების ყველაზე თავგადაკლული მხარდაჭერიც კი, მაგალითად მერი ელიზ საროტი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, აღიარებს, რომ ერთადერთი პრაქტიკული გზა – ესაა „ნატოს მსუბუქი“ ვარიანტი ანუ „მინიმალური ნატო“: „მართალია ნატოს 1949 წლის ფუძემდებლური ხელშეკრულება, ავალდებულებს მოკავშირეებს ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე იერიშად იქნას განხილული, ამბობს საროტი – მაგრამ ის არ ადგენს გაწევრიანების ცალსახა პირობებს“. ასე მაგალითად, 1960-იან წლებში საფრანგეთი გავიდა ალიანსის ერთიანი სამხედრო მმართველობიდან. ნორვეგიამ, ერთადერთმა ქვეყანა-დამფუძნებელმა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან – 1949 წელს განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე არ დაუშვებდა უცხოური დანაყოფის ან ბირთვული იარაღის განთავსებას. დასავლეთ გერმანიამ სადავო საკითხს გვერდი აუარა, როცა უარი თქვა ძალის გამოყენებით ტერიტორიული დავის გადაწყვეტაზე“ – აღნიშნავს სპაროტი.
„გერმანელებმა განმარტეს, რომ ეგუებიან გაყოფას, მაგრამ არ აღიარებენ მას“ – ამბობს სპაროტი.
ამგვარად უკრაინისთვის პრაქტიკული ვარიანტებია: შეთანხმება „ნატოსწინა“ ფორმატზე ანუ დასავლური უსაფრთხოების გარანტიები, ოღონდ წევრობის გარეშე. ეს იქნება 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმისა გაძლიერებული ვერსია. ხსენებული ხელშეკრულების თანახმად დიდი ბრიტანეთი, აშშ და რუსეთი, სუვერენიტეტის გარანტად უდგებოდნენ ბელორუსს, ყაზახეთსა და უკრაინას – ბირთვულ იარაღზე უარის სანცვლოდ. 2014 წელს კი რუსეთმა მიიტაცა ყირიმი, ამდენად კიევი სკეპტიკურად ეკიდება აღნიშნული ხელშეკრულების აღორძინებას. პრაქტიკული სხვაობა გარანტიებს შორის (იგულისხმება, “ნატო პლუსი“ და „ბუდაპეშტი მინუსი“), არის მცირეოდენი.
სწორედ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობის გამო, რუსეთმა გამოიყენა ძალა. „რუსული ელიტისთვის ( და არა მარტო პუტინისთვის), ეს არის ყველაზე მკაფიო წითელი ხაზი, წერდა უილიამ ბერნსი (აშშ-ს ყოფილი ელჩი მოსკოვში, ახლა კი ცენტრალური სადაზვერვო სამმართელოს შეფი). ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსი დერჟიმორდებიდან დაწყებული, უკიდურესი ლიბერალებით დამთავრებული, არ მინახავს ვინმე, რომელიც არ განიხილავდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, როგორც საფრთხეს რუსეთის ინტერესებისთვის“.
ელცინის მმართველობის ადრეული პერიოდიდან მოყოლებული, კრემლი, უკრაინაში ნატოს ძალებისა და რაკეტების გამოჩენას, განიხილავდა ეგზისტენციალურ საფრთხედ. პუტინმა მიიერთა ყირიმი 2014 წელს, ხოლო 2022 წელს კი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეიყვანა ჯარები, რათა არ დაეშვა მისი ალიანსში გაწევრიანება. პუტინის ისტორიული ექსკურსები რუსი და უკრაინელი ხალხების ერთიანობის შესახებ – სხვა არაფერია თუ არა იდეოლოგიური თაღლითობა“.
სამი უკრაინელი მომლაპარაკებლის (რომელთაც პირადად გავესაუბრე) გადმოცემით, 2022 წლის მარტი-აპრილის თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე, რუსეთმა მოითხოვა უკრაინის ნეიტრალიტეტი. კიევის წარგზავნილები, მზად იყვნენ მიეღოთ ეს პირობა, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა, როცა მოსკოვმა უკრაინული არმიის რიცხოვნების შემცირებაც მოითხოვა.
წლის ბოლოს, უკრაინას შესთავაზებენ, შეეგუოს ქვეყნის ფაქტობრივ გაყოფას – გერმანიის მსგავსად. კიევი, რა თქმა უნდა, არ ცნობს ოკუპაციას – დე იურე. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს კიევი თუ სწორედ ნეიტრალიტეტი გახდა მთავარი საზღაური მშვიდობისთვის?
ნატოს წევრობა გამორიცხულია. ერთადერთ ვარიანტად რჩება დასავლური გარანტიები. კიევს საზარელი არჩევანის წინაშეა: მან უნდა დაიტოვოს ალიანსის წევრობის გრძელვადიანი პერსპექტივა (და ამით შეარყიოს ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა) ან ოფიციალურად დაეთანხმოს ნეიტრალიტეტს (რაც კაპიტულაციის ტოლფასია). იქნება კი ნეიტრალური, დასავლეთის მხარდაჭერითა და საზღვრებით გამაგრებული უკრაინა უფრო უსაფრთხო ქვეყანა? თუ ეს იქნება სახელმწიფო, რომელიც როგორც ზელენსკი ამბობს, სამუდამოდ გაიჩხირება ნატოს „მოსაცდელ დარბაზში“?