The Hill აშშ
თომას გრემი
აშშ ფიქრობს, რა ნაბიჯები გადადგას უკრაინის კონფლიქტში. უნდა გვახსოვდეს, რომ ომები იშვიათად მთავრდება მორალური კატეგორიების დაცვითა და აგრესორი ქვეყნისთვის სამართლიანი საზღაურის მიგებით. ამ რეალობასთან შეჯახება – აშშ-ს, მის მოკავშირეებსა და უკრაინას აუცილებლად მოუწევთ, როცა დაიწყებენ მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრაზე ზრუნვას
გარკვეული პერიოდის წინ, ცხადი შეიქნა, რომ კიევი ვერ ჩაიბარებდა გამარჯვების აღლუმს მოსკოვში, ვერც რუსეთის პრეზიდენტს მიაბრძანებდნენ ჰააგაში და ის არ წარსგებოდა ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე. როგორც დასავლური სახელმწიფოების ხელისუფლებების უმეტესობა აღიარებს (თუნდაც არა საჯაროდ, არამედ კერძო საუბრებში), უკრაინა ვერ განდევნის რუსეთის ჯარებს იმ მიწებიდან, რომელიც მოსკოვმა 2014 წლიდან მოყოლებული დაიპყრო. თავად უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოტყდა, რომ ტერიტორიული საკითხი გადაწყდება არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ოფიციალურად მას ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი ამბიციაზე – დაიბრუნოს დაკარგული მიწები.
მწარე სიმართლე ისაა, რომ, როგორც არ უნდა დამთავრდეს სამხედრო კონფლიქტი, რუსეთი დაიტოვებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილს და ეს არ იქნება უმნიშვნელო ნაწილი.
პუტინი ასეთ შედეგს წარმოაჩენს, როგორც მოსკოვის გამარჯვებას – მიუხედავად რუსეთის მხრიდან გაღებული დიდძალი ადამიანური თუ ტექნიკური დანაკარგისა – ამ პოზიციას ბევრი გაიზიარებს, როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში. პუტინი ყველას დაუმტკიცებს, რომ აგრესიას მოაქვს შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იქნა მიღწეული თავდაპირველი მიზნები: უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ (ანუ კიევში პრორუსული რეჟიმის დასმა).
და ცოტა ვინმე თუ იტყვის (თუ საერთოდ კიდევ დარჩა ასეთი ხალხი), რომ ხსენებული მიზნების მიუღწევლობა ნიშნავს სტრატეგიულ მარცხს, რასაც უმზადებდნენ მოსკოვს. პირიქით: რუსეთი დარჩება მსხვილ და მრისხანე ქვეყნად მსოფლიო არენაზე და დიდ გამოწვევად ევროპისთვის.
თუმცა რუსეთის ასეთი „გამარჯვება“, არ ნიშნავს უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების დამარცხებას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ტერიტორიულად შეკუმშული უკრაინა, როგორ განვითარდება სამომავლოდ. დარჩება ის – ღარიბ, კორუმპირებულ, ოლიგარქიულ და დასავლეთისთვის უინტერესო ქვეყნად, როგორიც იყო კონფლიქტამდე? თუ პირიქით, გახდება ძლიერი, აყვავებული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი, ევროატლანტიკურ საზოგადოებრიობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სახელმწიფო?
პირველი ვარიანტი სრული კატასტროფა იქნება. მეორე სცენარი კი პირიქით, შეიძლება შეირაცხოს კიევისა და დასავლეთის მსხვილ გამარჯვებად და ეს იქნება ჯილდო იმ კოლოსალური მსხვერპლისა, რომელიც უკრაინამ ომში გაიღო.
მართალია ნგრევის მასშტაბები, რომელიც რუსეთმა გამოიწვია, მეტად ამძიმებს ამ ამოცანის გადაჭრას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: საუკეთესო შედეგის მიღწევა, მთლიანად უკრაინასა და დასავლეთზეა დამოკიდებული. საამისოდ კი უნდა გადაიჭრას 3 ამოცანა:
პირველი – უკრაინამ უნდა მიიღოს საკმარისი სამხედრო რესურსი, რათა დაიცვას გამყოფი ზოლი და არკვეთოს რუსეთს შემდგომი წინსვლა დასავლეთით თუ რუსეთმა უახლოეს წლებში ისევ განაახლა სამხედრო მოქმედებები. უკრაინამ უნდა ააწყოს ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მსხვილი ქალაქებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ კიევი და მისი პარტნიორები, სერიოზულად შეუდგნენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას – ჯერ სახელმწიფო სახსრებით, შემდეგ კი კერძო ინვესტიციების წყალობით.
შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს განსაცვიფრებელი: კონფლიქტის შემდეგ, უკრაინას რჩება განსწავლული მოსახლეობა, მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალი და მოცულობითი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამასთან აღდგენის პროცესში, უკრაინას შეეძლება თავისი ინფრასტრუქტურის მოდერნიზება.
მეორე: ევროკავშირსა და უკრაინას შეეძლებათ განაგრძონ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ეს გზა იქნება ხანგრძლივი და რთული, მაგრამ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უკრაინის მომავლისთვის. ეს პროცესი წაადგება სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებსაც, რაც ასე აუცილებელია უკრაინის სამომავლო აღორძინებისთვის და ის, ასევე განამტკიცებს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებს. ეს, თავის მხრივ, გააადვილებს ინვესტიციების მოზიდვას.
ამას გარდა, ზემოთქმული ახალ სიცოცხლეს შთაბერავს უკრაინულ პოლიტიკას. მრავალწლიანი სამხედრო მდგომარეობის შემდეგ, ჩამოყალიბდება მართლაც დემოკრატიული სახელმწიფო წყობა. კერძოდ, ეს იქნება დაცვა გახრწნილი ოლიგარქიის ხელახალი შემოტევისგან, რომელმაც გამოღრნა უკრაინა დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1991 წელს – სსრკ-ს თავი დააღწია.
მესამე: დასავლეთმა უკრაინას უნდა მისცეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, რომლისკენაც უკრაინა ასე მიილტვოდა, განხილვადაც არ ღირს – რასაც არ უნდა ამბობდნენ ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები და დასავლელი ლიდერები. სხვა თუ არაფერი, საამისოდ საჭიროა 32 ქვეყნის კონსენსუსი, ამერიკის სენატში კი – ხმების ორი მესამედი, რაც რთული წარმოსადგენია.
ამის ნაცვლად, უსაფრთხოების გარანტიები უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ გარანტიას, რასაც ეთანხმება 20-მდე ქვეყანა, მათ შორის აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. მათ უნდა უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში – ეს ქვეყნები ასევე უნდა დაეხმარონ უკრაინას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზაციასა და გაფართოებაში და მათვე უნდა უზრუნველყონ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. ამ შეთანხმებამ რომ სასურველი ეფექტი გამოიღოს, უნდა იყოს შესაბამისი რესურსები, რაც აქამდე არ ჩანს.
შეძლებენ თუ არა უკრაინა და დასავლეთი ამ ამოცანებისთვის თავის გართმევას, ეს ჯერ უცნობია. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი მზაობა. ეს არის ერთადერთი გარანტირებული მექანიზმი, რომ რუსეთის გაფართოება არ გადაიქცეს უკრაინისა და დასავლეთის სტრატეგიულ მარცხად.