INSTITUTE FOR STUDY OF WAR (ISW) აშშ
კაროლინა ჰირდი, ეკატერინა სტეპანენკო, გრეის მაპესი, ფრედერიკ ვ. კაგანი
26 ივლისს რუსულმა ძალებმა გააგრძელეს საჰაერო და სარაკეტო დარტყმები ოდესისა და ნიკოლაევის ოლქების მიმართულებით. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესმდივანი – იური იგნატი იტყობინება, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა, შავი ზღვის მხრიდან, 13 საავიაციო რაკეტა ისროლეს სანაპირო დასახლება ზატოკის (დნესტრის სამხრეთით) და ოდესის სხვა დაუზუსტებელი რაიონების მიმართულებით. სოციალურ ქსელების ცნობებით, ამას მოჰყვა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის დანგრევა. ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის – ვიტალი კიმის განცხადებით, რუსებმა 18 რაკეტა გაუშვეს ოლქის მიმართულებით და მათი ნახევარი, დაეცა დანგრეულ სარკინიგზო ხიდს, საცხოვრებელ სახლებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. კიმმა დააზუსტა, რომ რუსულმა ძალებმა გამოიყენეს ექვსი ფრთოსანი რაკეტა X-59 და საჰაერო თავდაცვის სისტემის C-3OO-ის 12 რაკეტა. უკრაინის სამხრეთ ოპერატიული მიმართულების ხელმძღვანელობამ დაამატა, რომ რუსებმა დარტყმა მიაყენეს დაუდგენელ პორტს ნიკოლაევის ოლქში.
რუსული ძალები ახდენენ რესურსების კონცენტრაციას უკვე დაკავებულ თავდაცვით პოზიციებზე და მათ წამოიწყეს წარუმატებელი შეტევა ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთში. უკრაინის სამხრეთ ოპერატიული მიმართულების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 25 ივლისს რუსებს ჰქონდათ კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, ოკუპირებული იშჩენკიდან ბელოგორკის მიმართულებით წინ წაწევისა. სავარაუდოდ მათ სურდათ, უკუეგდოთ უკრაინელები მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ ნაპირზე დაკავებული პოზიციებიდან. რუსულმა ძალებმა ასევე მიაყენეს საჰაერო და სარაკეტო დარტყმები დასახლებულ პუნქტებს მდინარე ინგულეცის გასწვრივ – უკრაინული პლაცდარმის გარშემო.
სხვადასხვა ცნობებით, ხერსონის ოლქში უკრაინული ძალები აგრძელებენ დარტყმებს რუსების იარაღის საწყობებსა და ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილებზე, რამაც სავარაუდოდ დააზიანა რუსული ლოგისტიკა რეგიონში. უკრაინის სამხრეთ ოპერატიული მიმართულების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 25 ივლისს, ხერსონის ოლქის ჩრდილოეთში, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს მე-11 ცალკეული გვარდიული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის (ბაზირებულია ულან-უდეში, ბურიატია) სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველმა – სერგეი ხლანმა დაადასტურა, რომ რუსები ცდილობენ პონტონური გადასასვლელის მოწყობას მდინარე ინგულეცზე – დარივკას მახლობლად ( დაახლოებით 24 კმ. ქალაქ ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით), რათა განაახლონ მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირება – უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ამ რაიონში არსებული ხიდი დაზიანებულია.