CNN აშშ
შოკისმომგვრელი ფოტოები, კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში განვითარებული დრამის შესახებ, ასახავს განუწყვეტელ სროლაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს, რომლებითაც მოფენილია ქალაქის ქუჩები.
ფოტოები, შაბათს გადაიღო სააგენტო ფრანს პრესმა და ეს მოხდა იმ დღეს, როცა უკრაინამ, ქალაქის რუსული ჯარისგან გათავისუფლება გამოაცხადა
რა ვიცით ამ დროისთვის:
შემზარავი ფოტოები: მათზე მოჩანს, როგორ იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში – რუსეთის სასტიკი თავდასხმის შედეგად. სულ ცოტა 20 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი მიმოფანტულია ქუჩებში, მათ შორისაა, მამაკაცის გვამი ნაჭრით უკან გაკრული ხელებით, მეორე გარდაცვლილი კი გზის გასწვრივ, ბალახზე, ამოტრიალებულ ველოსიპედთან ასვენია.
მშვიდობიანი მოქალაქეების დასჯა: „დახოცილთა ცხედრები დღემდე ყრია ბუჩაში, იაბლუსკის ქუჩაზე. გვამებს ხელები, ასევე თეთრი ნაჭრით, ზურგს უკან აქვთ შეკრული, მათ კეფაში ესროლეს. „ხომ წარმოგიდგენიათ, რა უკანონობას სჩადიოდნენ აქ ისინი,“ აცხადებდა ბუჩას მერი – ანატოლი ფედორჩუკი სააგენტო REUTERS– თან.
მასობრივი სამარხები: ბუჩაში აღმოაჩინეს საერთო სამარხი, რომელშიც ომის პირველ დღეებში დაღუპულები ჩაყარეს. მაცხოვრებლებმა CNN-ს უამბეს, რომ აქ მოთავსებულია 150-მდე ადამიანი. ქალაქის მერის თქმით, მსხვერპლის სავარაუდო რიცხვი – 300-ს აღწევს.
ზელენსკის კომენტარი: კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რომ დროა, აღიკვეთოს „სამხედრო დანაშაულობები“ და რუსეთის ლიდერებმა, პასუხი აგონ სამხედროების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე. „ეს გენოციდია – თქვა მან- მინდა რუსეთის ყველა ხელმძღვანელმა იხილოს საკუთარი თვალით, როგორ სრულდება მათი ბრძანებები“
რუსეთის პასუხი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მოცულობითი კადრები – „ფაბრიკაციიაა“ და დასძინა, რომ „ ბუჩას ოკუპაციის დროს, არც ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ დაზარალებულა.“ რუსეთის ხელისუფლება, ბრალდებას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ, ხელაღებით უარყოფს.
საერთაშორისო რეაქცია: დასავლეთის ლიდერებმა, მათ შორის, სახელმწიფო მდივანმა – ენტონი ბლინკენმა, მოითხოვეს სამხედრო დანაშაულებათა გამოძიება და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწესება. გაეროს გენერალურმა მდივანმა ენტონიუ გუტიარეშმა განაცხადა, რომ „აუცილებელია“- ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტის მიუკერძოებლად გამოძიება. ნატოს გენერალურმა მდივანმა – იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ეს ფოტოები აჩვენებს „ისეთ სასტიკ მოყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლის მსგავსი, ევროპას – ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.“