Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

                                                     

Info  ჩეხეთი

პაველ  ჰავლიჩეკი

 

13 ოქტომბერს ბელორუსული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს და მის  რეჟიმს  ულტიმატუმი წაუყენა: მან პრეზიდენტს მოსთხოვა 25 ოქტომბრამდე დაეტოვებინა პოსტი, გაეთავისუფლებინა ათობით პოლიტპატიმარი და შეეწყვიტა საკუთარი მოქალაქეების მთავარი უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების ხელყოფა.  მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ოპოზიციას გამოუვიდოდა პოლიტიკური ,,ქამბექი.’’ ღრმა კრიზისში, რომელიც უკვე 80 დღე გრძელდება, ორივე მხარე დაიქანცა და  ასეთ ვითარებაში, როგორც ჩანს, გაამართლა ოპოზიციის   ულტიმატუმმა და მოხერხდა მთელ ქვეყანაში ადამიანების მობილიზება. სახალხო გამოსვლების მასშტაბი თითქოს მიუახლოვდა აგვისტოს უქმე დღეებისას, როცა არჩევნების ფალსიფიკაციის გამო დაიწყო საპროტესტო მოძრაობა, რასაც მოჰყვა დემონსტრანტების სასტიკი რბევა და დაპატიმრება.

როგორც ბელორუსი პოლიტოლოგი არტიომ შრაიბმანი შეგვახსენებს, ახლა ყველაზე მთავარია (ოპოზიციისა და   რეჟიმის ძალები პრაქტიკულად თანაბარია), თუ რომელი მხარე დაეუფლება ინიციატივას. ამჟამად ის  ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოსა და ტიხანოვსკაიას მხარესაა. შრაიბმანი ამას წარმატებად და სწორ ნაბიჯად მიიჩნევს, რაც უახლოეს კვირეებში გამოჩნდება. გაურკვეველია რამდენ ხანს შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო რეჟიმს საერთოეროვნული გაფიცვით, რომელოც ოპოზიციამ შეუსრულებელი ულტიმატუმის შემდეგ, 26 ოქტომბერს გამოაცხადა. ცნობისთვის, ჩვენი ინფორმაციით გაფიცვას მხარი დაუჭირეს უნივერსიტეტებმა და კერძო სექტორმა. რაც შეეხება მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს, მათი მუშა – მოსამსახურეებიდან გაფიცვას ყველა არ შეერთებია. მაგრამ ამგვარი სახალხო აღტყინების ფაქტი   ადასტურებს, რომ ოპოზიციას შეუძლია ბელორუსული საზოგადოების მობილიზება.

ლუკაშენკოს პერსპექტივა

ლუკაშენკოს რეჟიმი და ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანი გულმოდგინედ ემზადებოდნენ ამგვარი სიტუაციისთვის, რათა პროტესტი დაეთრგუნათ ყველაზე მკაცრი მეთოდებით და სახელმწიფო დაწესებულებებში სამუშაო პროცესი შეენარჩუნებინათ. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკომ ვერ მოახერხა იმის დემონსტრირება, რომ სრულად აკონტროლებს ვითარებას და მოსახლეობის  საკმარისი მხარდაჭერით სარგებლობს. მაგალითად, პარასკევს, უქმეებზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი პროტესტის წინ, გადაიდო პროსახელისუფლებო მანიფესტაციის მოწყობა, რომელზეც სხვადასხვა შეფასებით 10–20 ათასი ,,მოტივირებული’’ მომხრე მივიდოდა – ოფიციალურ ვერსიად მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დასახელდა. სინამდვილეში კი ოპოზიციური დემონსტრაცია უბრალოდ დაჩრდილავდა ლუკაშენკოს მომხრეების თავყრილობას. ასე რომ, რეჟიმს ისევ მოუწია რეპრესიული საშუალებების, მათ შორის მასობრივი დაპატიმრების, დემონსტრანტების ცემის, რეზინის ტყვიებისა დას ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარების  გამოყენება, ასევე მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. რეჟიმს უბრალოდ არ შეუძლია საკუთარი ლეგიტიმურობის დასადასტურებლად რაიმე სასიკეთოს შეთავაზება, გარდა  მოქალაქეთა ერთი ნაწილის ლოიალურობისა, რასაც დაშინებით მიაღწია.

ეს პრობლემები სულ უფრო გაღრმავდება უახლოეს კვირეებსა და თვეებში, როცა ლუკაშენკოს დაუმთავრდება ფული, რომელიც უნდა დახარჯოს საერთაშორისო კრედიტებისა და ობლიგაციების მომსახურებაზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელფასებსა და     რეჟიმის გადარჩენაზე. ამას გარდა კორონავირუსის პანდემიის შედეგები, რომლის მეორე ტალღამაც მოიცვა მთელი ქვეყანა, სულ უფრო დაეტყობა ეკონომიკას. ყველა ეს ფაქტორი მოახდენს ბელორუსის რეჟიმის  პარალიზებას ეკონომიკის საშუალებით და წაართმევს მას შესაძლებლობას  იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. საკვანძო როლს აქ თავად ბელორუსები ასრულებენ. თუ ისინი გადაწყვეტენ სახელმწიფო დაწესებულებათა პროდუქციის მასობრივ ბოიკოტირებას. უარს იტყვიან ბანკების მომსახურებაზე და სხვა საშუალებებსაც გამოიყენებენ რეჟიმის ეკონომიკური პარალიზებისთვის, ამით დააჩქარებენ მის კრახს. სწორედ ამას იმედოვნებს ბელორუსული ოპოზიცია და ამ სცენარით იგეგმება საერთონაციონალური გაფიცვა, რომლის მთავარი სამიზნე  სახელმწიფოს ფუნქციობის  მშვიდობიანი გზით მოშლაა.

აქამდე რეჟიმი ცდილობდა მოეგო დრო და დაექანცა პროტესტის მონაწილეები, დაერბია ისინი, ან როგორც ბოლო დროს, მოეხდინა მათი მხრიდან ძალადობის პროვოცირება და ამ ნიშნით მოეხდინა მათი დისკრედიტაცია, თანაც შუღლი ჩამოეგდო მეამბოხეებს  შორის. მაგრამ ამ  ტაქტიკამ პრაქტიკულად არ გაამართლა. ამიტომ ლუკაშენკოს მოუწევს სხვა რამის გაკეთება, რომ თავისი რეჟიმი იხსნას. დიახ,  მან მოახერხა გაეხლიჩა ოპოზიცია და ნაწილი თავისკენ გადაიბირა, რითაც შექმნა მოძრაობაში განხეთქილებისა და ე.წ. პოლიტიკური დიალოგისთვის მზაობის ილუზია. მიუხედავად ამისა, ბელორუსები ამ ანკესზე არ წამოეგნენ. საპირისპიროდ, ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც მიმართულია   რეჟიმის გამოფიტვისკენ, ეკონომიკის  დადამბლავებისკენ, რეჟიმის დელეგიტიმაციასა და მისი იზოლაცისკენ, მოაქვს თავისი შედეგი. კერძოდ, ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის ათეულობით წარმომადგენლისთვის დაწესდა ევროკავშირის სანქციები და ბევრი ქვეყანა მათ გაფართოებაზეც საუბრობს.

                                                      ბრძოლა საერთაშორისო დონეზე

ჯერჯერობით ლუკაშენკოს შეუძლია დაეყრდნოს  მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას. ბოლო თვეებში ის რამდენჯერმე გამოექომაგა ალექსანდრე ლუკაშენკოს და დაადასტურა მის მიმართ მხარდაჭერა. ეს გამოიხატა რუსი სამხედრო ინსტრუქტორების, ჟურნალისტური შტაბებისა და სხვადასხვა ექსპერტების ბელორუსში მივლინებაში.  გადაიდგა სხვა ნაბიჯებიც, რათა ლუკაშენკომ ქვეყნის შიგნით პოზიციები გაიმყაროს. ეს მოიცავს რამდენიმე კრედიტს, ერთობლივ სამხედრო სწავლებებს, ასევე პოლიტიკურ ხელმძღვანელთა შეხვედრებსა და დიპლომატიურ მხარდაჭერას. რუსეთმა გაიზიარა ა ბელორუსის სანქციები დასავლეთის წინააღმდეგ და ტიხანოვსკაია საკუთარ ძებნილთა  ბაზაში შეიყვანა. მეორე მხრივ, ბოლო დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს ბელორუსიის ხელისუფლებას ძალოვანების უკანონო ქმედებების გამო, რაც მიუთითებს რუსული მიდგომის მრავალვექტორულობასა და ლუკაშენკოს რეპრესიებისგან დისტანცირების მცდელობაზე.

რაც შეეხება ევროკავშირს, ლუკაშენკო მისი რეპრესიული წესრიგისა და არჩევნების ფალსიფიკაციის გამო,  შეეჯახა მწვავე კრიტიკას. ევროპამ უარი თქვა მასთან რაიმე სახით თანამშრომლობაზე და მთელი ყურადღება ბელორუსის  მოქალაქეებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე გადაიტანა, გამოაცხადა რა მათი მხარდაჭერა. ევროპა და მთელი დასავლეთი მოითხოვს საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას, საერთო ეროვნულ დიალოგსა და ოპოზიციის, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს, ჩართვას ბელორუსის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში – იდეალურ ვარიანტში ეს უნდა განხორციელდეს ეუთოს მეთვალყურეობით. შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის სექტორული სანქციები, მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუკი ლუკაშენკო ვითარების გამწვავებას შეეცდება. ასეთ პირობებში, ევროპა გადავა სანქციების შემდგომ ტალღაზე, რაც დააჩქარებს ლუკაშენკოს რეჟიმის ეკონომიკურ კრახს.

დასკვნის ნაცვლად

უახლოესი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება ბელორუსიისთვის, რადგან მოსალოდნელია, რომ რეჟიმის ოპოზიციასთან კონფლიქტი და  ქვეყანაში არსებული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ჩეხეთმა და ევროპამ აქ შეიძლება პოზიტიური როლი შეასრულონ, თუკი სწორად გამოიყენებენ ხელმისაწვდომ პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რაც მოიცავს პერსონალურ და ეკონომიკურ სანქციებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ძლიერ ფინანსურ დახმარებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობებს, იგივე ეუთოს და მისი მოსკოვის მექანიზმს, გაეროს და მისი ადამიანის უფლებათა საბჭოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს შეასრულებენ თავად ბელორუსები.  ჩვენ, დასავლეთში, უნდა მოვემზადოთ და ყურადღებით დავაკვირდეთ მიმდინარე პროცესებს, რომ მერე არ დავიბნეთ, რადგან უახლოეს მომავალში  მოვლენები შეიძლება ელვის სისწრაფით განვითარდეს.

 

 

 

By admin