ISW აშშ
რაილ ბეილი, კატერინა სტეპანენეკო, კაროლინა ჰირდი, ნიკოლ ვოლკოვი , ლეინ ფილიპსონი და ფრედერიკ ვ. კაგანი
რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე მცირე ხნით ადრე, 20 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. ბაიდენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და გაახმიანა აშშ-ს დამატებითი 500 მილიონიანი სამხედრო დახმარება, რომელიც მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, საჰაერო დაკვირვების რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სხვა საშუალებებს
აშშ-ს ხელისუფლების მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში – ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აცნობა მოსკოვს მოსალოდნელ ვიზიტის შესახებ, ჩასვლამდე მცირე ხნით ადრე – „დეკონფლიქტაციის მიზნებიდან გამომდინარე“. ბაიდენის ვიზიტი ევროპაში და მისი გამართვის დრო, მკაფიო სიგნალია იმისა, რომ დასვლეთი აგრძელებს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა შეაჩეროს აღნიშნული დახმარება.
უკრაინის ოფიციალური პირები აგრძელებენ რეაგირებას ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ანონიმი წარმომადგენლების განცხადებებზე, რომლებიც ეხება ომის ტემპებსა და პერსპექტივას, რომლის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 20 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს ბახმუტის დაცვას, მაგრამ „არა ნებისმიერ ფასად“. ზელენსკიმ და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლეკსეი რეზნიკოვმა აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინა გეგმავს კონტრშეტევას. ზელენსკისა და რეზნიკოვის განცხადებები, სავარაუდოდ, პასუხია იმ ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებაზე, რომელიც 19 თებერვალს მათ გაუზიარეს The Washington Post-ს. მათ ეჭვი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ უკრაინა შეძლებს ბახმუტის დაცვას და პარალელურად კონტრშეტევაზე გადასვლას. ISW-ი სტრატეგიულად დასაბუთებულად მიიჩნევს უკრაინის გადაწყვეტილებას გააგრძელოს ბახმუტის დაცვა, რადგან ამით ხდება რუსული ძალების შებოჭვა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთზე და მათი გამოფიტვა. ზელენსკიმ შეარბილა საკუთარი პოზიცია და ამით გარკვეულ რიტორიკულ დათმობაზე წავიდა ამერიკელი ჩინოვნიკების წინაშე. დიდი ხანია ნათელია, რომ უკრაინა არ გააგრძელებდა ბახმუტის დაცვას, რომ გრძნობდეს უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის საფრთხეს, ამიტომ ზელენსკის კომენტარი სრულიადაც არ მიუთითებს იმაზე, რომ ის შეცვლის საკუთარ სტრატეგიას.
უმაღლესი რადას უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წარმომადგენელმა – ფიოდორ ვენისლავსკიმ, 19 თებერვალს ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა „ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ნაწილობრივ ზაპოროჟიეს ოლქშიც, საცეცხლე კონტაქტის ხაზებზე, თავი მოუყარა ყველა ბრძოლისუნარიან შენაერთს“ და მას არ ჰყავს სათანადო რეზერვი, რათა ჩააბას ის ბრძოლის ველზე და შეცვალოს ოპერაციის მიმდინარეობა. უკრაინელების ეს პოზიცია, ეხმიანება ISW-ს შეფასებას იმის შესახებ, რომ დასავლეთის შესაბამისი და დროული დახმარების პირობებში, 2023 წელს უკრაინას შეეძლება დაიბრუნოს ინიციატივა.