19FortyFive აშშ
დენიელ დევისი – ანალიტიკურ ცენტრ „თავდაცვის პრიორიტეტები“-ს უფროსი მეცნიერ-მუშაკი და სამხედრო ექსპერტი
საკუთარ Truth Social-ში, პუტინთან ორშაბათის სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიალოგის „ტონი და სულისკვეთება“ „საუცხოოდ“ მოიხსენია. პუტინმა გამოხატა ფრთხილი ოპტიმიზმი და საუბარი „შინაარსიანად“ მოიხსენია. თუ კომპლიმენტებს გვერდზე გადავდებთ, ფაქტები კონფლიქტის სხვადასხვა ადგილებიდან, იმაზე მიუთითებს, რომ სატელეფონო ზარის შემდეგ, მშვიდობას ოდნავადაც ვერ მივუახლოვდით
თუ პუტინი და ტრამპი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ევროპელი და უკრაინელი ლიდერებისგან შეშფოთებული კომენტარები ისმის. მათი განწყობა სრულიად გასაგებია, იმისდა მიუხედავად, რამდენად მტკიცეა და ლოგიკური მათი პოზიციები. ტრამპის მოსაზრებებთან მათი დაპირისპირება, მომდინარეობს სწორედ იქედან, რომ ისინი ჯიუტად არ აღიარებენ მწარე სინამდვილეს.
ეს კი რეალური პრობლემაა, ყოველ შემთხვევაში – უკრაინისთვის.
მოდით, გავიხსენოთ 18 აპრილი, როცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისაუბრა კონფლიქტის მხარეებზე: „თუ ჩვენ ასე შორს ვართ წასული ერთმანეთისგან და შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ პრეზიდენტი ამას ჩამოსცილდება“. ეს აზრი გაიმეორა თავად ტრამპმა – NBC-სთან 4 მაისის ინტერვიუში, როცა აღიარა, რომ „შეიძლება დადგეს მომენტი“, როცა ის ადგება და გაეცლება. თუ შევხედავთ მხარეების ამჟამინდელ პოზიციებს, ასევე ტრამპი-პუტინის საუბარსაც გავითვალისწინებთ, ეს მომენტი მოახლოებულია.
რუსული მხარე დარეგულირების გზას ასე ჭვრეტს: ა) მოლაპარაკები გაგრძელდეს წინასწარი პირობების გარეშე; ბ) არ შეწყდეს საომარი მოქმედება და გ) თუ მოსკოვის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა, მაშინ დაიდოს ზავი.
უკრაინას კი სურს: ა) ჯერ მოხდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა. ბ) დაწესდეს დამატებითი სანქციები რუსეთისთვის, რათა ის იძულებით დაეთანხმოს კიევის მიერ შეთავაზებული ზავის პირობებს. გ) არ დათმოს საკუთარი სუვერენული ტერიტორიები. ამ პოზიციების დაახლოება შეუძლებელია და შეიძლება ისიც ითქვას, რომ ისინი სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს.
ოთხშაბათს ზელენსკიმ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ერთი-ერთზე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს – მარკ რიუტეს და რომ ისინი მორიგდნენ „შეათანხმონ ყველა გადაწყვეტილება“ სანქციების მაქსიმალური ეფექტიანობისთვის. „მოსკოვზე წნეხის გარეშე, სამართლიანი ზავის მიღწევა შეუძლებელია. ამას ყველა ხვდება“ – განაცხადა ზელესკიმ. ევროკავშირი ისევ არ იჩენს განსაკუთრებულ დიპლომატიურ ძალისხმევას კონფლიქტის დასასრულებლად. როგორც ევროპის უმაღლესმა დიპლომატმა – კაია კალასმა დაწერა: „რაც უფრო დიდხანს იბრძოლებს რუსეთი, მით უფრო სასტიკი იქნება სასანქციო პასუხი.“
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ უნდა დაეთანხმოს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თანაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კატეგორიულდ უარყო ეს პოზიცია: „ახლა გვეუბნებიან „ჯერ ზავი, მერე კი ვნახოთო“ – არა ბიჭებო! ჩვენ უკვე გავეხვიეთ ამ ისტორიებში და საკმარისია“. ერთ-ერთმა მხარემ უნდა დათმოს, მაგრამ არავის სურს შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა.
ნუთუ ეს ჩიხია? სრულიადაც არა: რუსები წინ მიიწევენ. გასულ კვირაში გამოცემა The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ წელიწადი და 4 თვის განმავლობაში, რუსებმა დაიკავეს უკრაინის 4 662 კავადრატული კილომეტრი ტერიტორია. სტატიის ავტორებმა აღიარეს, რომ უკრაინული არმიის დანაკარგი აღწევს კრიტიკულ ნიშნულს, რასაც მოჰყვება კატასტროფული შედეგები. მათ აღნიშნეს, რომ გამოფიტვაზე ომის დროს, თანდათანობითი წინსვლა, მთავრდება გარღვევით, რადგან ასეთ დროს, წაგებულ მხარეს უმთავრდება ცოცხალი ძალა, საბრძოლო მასალები და თავდაცვითი ზღუდეები იშლება.
მანამდე, 2014 წლის ოქტომბერს, იგივე გამოცემამ გვამცნო, რომ რუსეთი ყოველთვიურად განუხრელად იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს და ეს ხდება 2022 წლის ნოემბრიდან მოყოლებული. ბოლო დღეებში უკრაინის ელიტური 47-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა დატოვა პოსტი – „ბრიყვული ბრძანებების, ხალხის უაზრო მსხვერპლშეწირვისა და უსარგებლო გენერალიტეტის გამო,“ რომელსაც არაფერი შეუძლია გამუდმებული ჩაფლავების გარდა. იმავდროულად 59-ე ბრიგადის მეთაური, ხელისუფლებამ თავად გაათავისუფლა პოსტიდან.
თუ ზელენსკი და მისი ევროპელი მეხოტბეები თვლიან, რომ გარშემორტყმული უკრაინული არმია მოახერხებს უსასრულოდ იბრძოლოს, ყოველთვიურად ათასობით ჯარისკაცის დაკარგვის პირობებში და სწამს, რომ ამგვარ ვითარებაში გამორიცხულია ამბოხება და ფრონტის ჩამოშლა, მაშინ, კალამბურისთვის ბოდიში, მაგრამ ისინი რუსულ რულეტკას თამაშობენ. არავის შეუძლია ასეთი დანაკარგი განიცადოს და რობოტივით განაგრძოს ბრძოლა.
გაითვალისწინეთ ისიც რომ, როცა ბაიდენის მიერ 2024 წლის მაისში გამოყოფილი 61 მილიარდიანი სამხედრო დახმარება ამოიწურება, კიევი შემდგომ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ევროპას ამის კომპენსირება აშკარად არ შეუძლია. ასე რომ, რამდენიმე თვეში ბრძოლის ველზე მათემატიკა უკრაინის საზიანოდ შეიცვლება – რუსეთი კი კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება სამხედრო თვალსაზრისით. უკრაინის თავდაცვის კრახი, მით უფრო მოსალოდნელია, რაც უფრო ვუახლოვდებით საზაფხულო კამპანიას.
ამ ეტაპზე ერთადერთი რაციონალური ვარიანტია (გნებავთ სამხედრო და გნებავთ დიპლომატიური კუთხით) – სიმართლისთვის თვალის გასწორება. თუ ჩვენ არ გავთავისუფლდებით იმ ფანტაზიისგან, რომ რიხიანი განცხადებებით შევაჩერებთ რუსულ არმიას, ამით, ნებსით თუ უნებლიედ, მივალთ კოშმარულ სცენარამდე კიევისა და ბრიუსელისთვის: უკრაინის საბოლოო დამარცხებამდე.