SVT შვედეთი
სიმონ კრონა
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვით, შვედებს შორის უკრაინის მხარდაჭერა (უკანასკნელი თვების განმავლობაში), 93%-დან 77%-მდე დაეცა, იტყობინება შვედური ტელევიზია. იგივე ტენდენცია შეიმჩნევა სხვა ქვეყნებშიც
სხვა თემების გარდა, რესპონდენტები გამოჰკითხეს ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხზეც.
გამოკითხვა ჩატარდა 2013 წლის აგვისტოში, შედეგები კი ერთი თვის შემდეგ, სექტემბერში გამოქვეყნდა.
უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის თობაზე, შვედების დადებითი განწყობა იმთავითვე მყარი იყო, თუმცა 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, სიტუაცია თანდათან იცვლება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა მეზობელ ქვეყნებშიც.
ადრე შვედები უკრაინას მხარს უჭერდნენ ყველა მიმართულებით და უდიდესი ენთუზიაზმით (ეს მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში 90%-იან ნიშნულზე რჩებოდა), მაგრამ ახლა თანადგომის მონაცემი – 77%-მდე დაეცა.
იგივე ხდება მეზობელ ქვეყნებშიც. დანიელების მხარდაჭერა 89%-დან 76%-მდე შემცირდა, თუმცა ფინეთში სხვაობა გაცილებით მცირეა – ის 89%-დან 83%-მდე შემცირდა.
არსებობს ტენდენციის გაღრმავების რისკი
საგარეო საქმეთა ინსტიტუტის პოლიტოლოგი – კალე ჰოკანსონი, არ გამორიცხავს დღევანდელი მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირებას, რადგან გამოკითხვა ჰამას-ისრაელის საომარ დაპირისპირებამდე ჩატარდა.
ახალ-ახალი პრობლემების გაჩენა, როგორც წესი, გამოძახილს ჰპოვებს საზოგადოებაში, ბუნებრივია ყოველივე ეს, აისახებოდა უკრაინის მხარდაჭერაზეც“ – ამბობს ის.
უკრაინის მხარდაჭერის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი ასეთია (შედარებულია 2023 წლის მაისი-ივნისის მონაცემებთან):
მთლიანად ევროკავშირში: 57% ( – 7%)
შვედეთი – 77% (- 16%)
დანია – 76 ( -13)
ფინეთი – 83 (-6)
გერმანია – 51 (-11)
ესტონეთი: 80 (+16)
საფრანგეთი: 55 (-3)
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (20%) – არის სერბეთში.
„სერბეთი – სლავური და მართლმადიდებელი ქვეყანაა და მას შორეული კულტურული კავშირები აქვს რუსეთთან – XIX საუკუნიდან მოყოლებული. ასევე არსებობს მჭიდრო ურთიერთობა სერბულ და რუსულ ეკლესიებს შორის. ასე რომ გასაკვირი, ამაში არაფერია“ – გვეუბნება ჰოკანსონი.
მეზობელ ბულგარეთში – უკრაინას გამოკითხულთა 30% უჭერს მხარს.
„აქაც დაახლოებით იგივე ვითარებაა. არსებობს პოლიტიკური კავშირები, ენები სლავურია, რელიგია კი იდენტური. საერთოდ ეს ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, ვისაც აქვს მეტად მჭიდრო კავშირი რუსეთთან – კულტურული და ღირებულებრივი თვალსაზრისით“ – აღნიშნავს ჰოკანსონი.
მხარდაჭერის პროცენტი დაბალია კვიპროსშიც – 30%.
„ამ ქვეყანას, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, აქვს ძლიერი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. კვიპროსში რეგისტრირებულია უამრავი რუსული კომპანია. ამ ქვეყნის ბანკებში ინახება დიდძალი რუსული ფული. ეჭვი მაქვს, რომ რუსულ კაპიტალზე მოდის კვიპროსის ეკონომიკის სოლიდური ნაწილი“ – გვიხსნის ჰოკანსონი.
უკრაინის მეზობელ სლოვაკეთში, კიევს მხარს უჭერს მხოლოდ 37%.
„ეს საინტერესო შემთხვევაა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა აქ მცირეა. ამასთან ქვეყნის მცირე მოცულობისა და არცთუ მძლავრი ეკონომიკის გათვალისწინებით, ის ყველაზე მეტად დაეხმარა უკრაინას. თუმცა ახლა მდგომარეობა იცვლება, რადგან ხელისუფლებაში – ლიბერალებს ნაციონალისტები ჩაენაცვლენ“ – ამბობს ჰოკანსონი.
სამაგიეროდ პორტუგალიაში უკრაინის მომხრეთა რიცხვი მთელი 90%-ია, გაცილებით მეტი, ვიდრე მეზობელ ესპანეთში – 60 %.
პორტუგალია, საერთოდ ითვლება ძალიან პროდასავლურ და პროამერიკულ ქვეყნად. ის ნატოს ერთგული წევრია. ესპანეთს კი მიაწყდა რუსი ოლიგარქების ტალღა. ისინი ხარჯავენ დიდ ფულს, ყიდულობენ უძრავ ქონებას და ა. შ. ამას გარდა, ითვლება, რომ ესპანურენოვანი სამყარო, მათ შორის ლათინური ამერიკა, უფრო მგრძნობიარეა რუსული პროპაგანდის მიმართ“ – თვლის მეცნიერი.
შვედეთში უკრაინის მხარდაჭერა, აქამდე ყველაზე მაღალი იყო მთელს ევროპაში.
„ვფიქრობ, რომ ამას აქვს რამდენიმე ახსნა: ჯერ ერთი, რუსული დეზინფორმაციას და პროპაგანდას შვედეთში – გზა პრაქტიკულად დახშული აქვს, ჩვენში, ამ მხრივ, მედეგობა გაცილებით ძლიერია. ამას გარდა, არსებობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობა, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. თანაც ეს პოზიცია არის გაგრძელება ბალტიისპირეთში ჩვენი აქტიური საქმიანობისა 90-იან წლებში. ბევრი თვლის, რომ ლოგიკურია იმ ქვეყნების დახმარება, ვისაც რუსეთი ემუქრება” – დაასკვნის ჰოკინსონი.