The Washington Times – აშშ
ჯედ ბებინი – The Washington Times-ის მიმომხილველი ნაციონალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, The American Spectator-ის მთავარი რედაქტორი
როცა ნატოს გენერალური მდივანი – იენს სტოლტენბერგი, უკრაინაზე, როგორც ალიანსის მომავალ წევრზე საუბრობდა, მას ახალი არაფერი უთქვამს რუსული დაზვერვისთვის. მისი თქმით, უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, როგორც კი რუსეთს დაამარცხებს
იყო სხვა განცხადებები და რეკომენდაციებიც ნატოს მომავალზე. 2006 წელს ესპანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა გვირჩია, რომ ალიანსის კარი გაღებულიყო ავსტრალიის, იაპონიისა და ისრაელისთვის, რადგან ეს ქვეყნები იზიარებდნენ ალიანსის ღირებულებებს. Wall Street Journal-ის 12 აპრილის სტატიაში, ყოფილი ელჩი გაეროში – ჯონ ბოლტონი წერდა, რომ უნდა განხორციელებულიყო ასნარის იდეა და ეს სამი ქვეყანა უნდა გაწევრიანებულიყო ნატოში, რადგან ამით ალიანსი მართლაც გახდებოდა გლობალური. არის ორი მნიშვნელოვანი დაბრკოლება სტოლტენბერგის განცხადებისა და ასნარ-ბოლტონის გეგმების წინაშე. ჯერ ერთი, ამას ექნება პროვოკაციული ეფექტი რუსეთსა და ჩინეთზე. მეორე: ნატოს წევრი ქვეყნები ათწლეულები არ იწუხებდნენ თავს ნატოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე – სამხედრო კავშირის გაფართოებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
სტოლტენბერგის განცხადება გაკეთდა იმ დაპირებების ფონზე, რომ ნატო დაეხმარება უკრაინას რუსეთის გეგმების მიუხედავად. ამით, მან ისიც აღიარა, რომ რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში – ეგზისტენციალურია პრეზიდენტ პუტინისთვის.
პუტინი – ბევრი რამით მოგვაგონებს პირველი მსოფლიო ომამდელi გერმანიის კაიზერ ვილჰელმს. ის ისედაც გრძნობდა თავს ალყაში, რაკიღა ნატო გაფართოვდა ყოფილ საბჭოთა სივრცეზე. 1999 წელს ალიანსში მიიღეს ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი და პოლონეთი. 2004 წელს მას კიდევ 7 ქვეყანა შეურთდა. 2023 წელს კი ორგანიზაცია შეავსო ფინეთმა, რომლის საზღვარი რუსეთთან – 1300კმ-ზეა გადაჭიმული, რამაც პუტინი კიდევ უფრო დაძაბა. უკრაინის ალიანსთან მიერთებას კი, რომელსაც პუტინი რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, რუსეთის ხელისუფლება აზრით, ის ვერ გადაურჩება.
ზუსტად ასევე, ავსტრალიისა და იაპონიის ნატოში გაწევრიანებით, ალიანსი იღებს სამხედრო მოქმედების ვალდებულებას ჩინეთის საწინააღმდეგოდ, თუკი ეს უკანასკნელი წყნაროკეანელ მეზობლებს თავს დაესხმება. ისრაელის ალიანსში ჩართვა გააბრაზებს მის არაბ მეზობლებს ან ირანის საშიშროებიდან გამომდინარე, მათ სხვა ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს.
ნატოს შემდგომი გაფართოება წამოჭრის საკითხს, რამდენად ღირებულია ალიანსი მისი პოტენციური წევრებისთვის.
ნატოს ბევრი წევრი, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია, ვერ ახერხებს ნატოს ხელშეკრულებით ნაკისრი საკუთარი თავდაცვითი ვალდებულებების შესრულებას. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიის არმიის გენერალ-ლეიტენანტ – ალფონს მაისის 2022 წლის 24 მაისის განცხადება – სწორედ ამ დღეს დაიწყო ომი უკრაინაში.
გენერალმა მაისმა კი თქვა: „მშვიდობიან პერიოდში 40-წლიანი სამსახურის შემდეგ, ვერ ვიფიქრებდი, რომ საომარ კონფლიქტს მოვესწრებოდი. ბუნდესვერი ანუ არმია, რომელსაც ვხელმძღვანელობ, ხელცარიელია. მხარდაჭერის ვარიანტები, რომელიც ალიანსს შეგვიძლია შევთავაზოთ, უკიდურესად შეზღუდულია.’’
ამ განცხადებიდან 3 დღის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, მერკელის მემკვიდრე ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია – სამხედრო ხარჯებს მშპ-ს 2%-მდე გაზრდიდა. მაგრამ საამისოდ ბატონ შოლცს თითი-თითზე არ დაუკარებია.
გერმანია და საფრანგეთი ნატოს მთავარი მუქთახორები არიან. ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალი იყო, როცა მოითხოვდა, ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯები გაეზარდათ, მაგრამ მისი სიტყვები სწრაფად დაივიწყეს. ქვეყნის ღირსება ძირითადად იმით უნდა განისაზღვროს, რა შეუძლია მას ბრძოლის სამსხვერპლოზე მიიტანოს. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებიც კი, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, ,,ჯიბეგაფხეკილია’’ და არასაკმარისად ფინანსდება.
რატომ უნდა უნდოდეს იაპონიას, ავსტრალიას და ისრაელს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას – მიერთება იმ ალიანსთან, რომელიც მათ ვერ დაიცავს? მით უფრო, ჩინეთის ბოლოდროინდელი ეშმაკური პოლიტიკური მანევრების გათვალისწინებით.
პეკინი ფაქტობრივად ჩანერგილია ნატოში, ემუქრება მის ერთიანობას და დაუღალავად ცდილობს მის დაშლას. ჩინეთში ამასწინდელი ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა დაიკავოს რომელიმე მხარე ტაივანის საკითხში. 15 აპრილს, ჩინეთის მაღალი რანგის დიპლომატმა ვან იმ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს და მას სჯერა – გერმანია მხარს დაუჭერს, ტაივანისა და ჩინეთის მშვიდობიან გაერთიანებას, მაგრამ რწმენას ხომ სჭირდება რაიმე საფუძველი!
იმის ნაცვლად, რომ ისედაც დაუძლურებული ნატო გარდაიქმნას გლობალურ სამხედრო ძალად, ჩვენ უნდა ვეძებოთ რეგიონალური კავშირები ქვეყნებთან, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა. AUKUS-ის შეთანხმება – ავსტრალიას, ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის, შეიძლება ტრანსფორმირდეს ნატოს ეკვივალენტად წყნარ ოკეანეში. იაპონიას და ავსტრალიას აქვთ მისწრაფება და შესაძლებლობაც თავი დაიცვან, რაც არ შეიმჩნევა ნატოს წევრების უმეტესობაში. შესაძლოა ამ ინიციატივას შეუერთდეს ინდოეთიც, რომელსაც ჩინეთი ემუქრება.
მსგავსი რეგიონული ალიანსები უმჯობესია ტერიტორიული დაცვისთვის აშშ-სთან კავშირის საშუალებით – გაცილებით მეტად, ვიდრე ეს შეიძლება ნატოს სახით მოხერხდეს. აზიაში ალბათ არ არიან ქვეყნები, რომლებიც ევროპისთვის იომებენ, მაგრამ ისინი იბრძოლებენ საკუთარი ტერიტორიებისა და მეზობლებისთვის. იაპონიამ და ავსტრალიამ უკვე განაცხადეს, რომ თუ აშშ სამხედრო ძალით დაიცავს ტაივანს, ისინი ამ ბრძოლაში ჩაებმებიან.
ნატომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა. ამდენად რეგიონალური კავშირები, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის აუზში – საუკეთესო საშუალებაა მოსალოდნელ საფრთხეებთან გასამკლავებლად.