რედაქციისგან: უკრაინის ხელისუფლების წრეგადასულმა თავდასხმებმა საქართველოს ხელისუფლებაზე, უკვე კარგა ხანია შეიძინა საინფორმაციო ომის ხასიათი. თავს ნუ მოვიტყუებთ, ის არც ცალკეული მოხელეების ან ერთი გავლენიანი ჯგუფის კერძო პოზიციით არ შემოიფარგლება და ოფიციალური თბილისის კრიტიკასაც დიდი ხანია გასცდა. ამ კამპანიის ინიციატორებს, რომლებიც არ ერიდებიან ფაქტების ასეთ „ვოლუნტარისტურ ინტერპრეტაციას“ (ხშირად სულაც ფაბრიკაციას) და მათი მსწრაფწარმავალი პოლიტიკური მიზნებით ექსპლუატაციას, ვფიქრობთ, არ ჰყოფნით ჭკუა, სრულად გაიაზრონ, რა ვნება მოაქვთ – ორი ხალხისა და ქვეყნის ტრადიციული კავშირებისთვის. თავისთავად ნიშანდობლივია, დანილოვის მორიგი გამოხდომის ქრონოლოგიური თანხვედრაც ბრძოლის ველზე შექმნილი კრიტიკული ვითარებასა და ახლახან გამომზეურებულ, მრავალმილიარდიანი კორუფციის ფაქტთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროში – ეს სკანდალი დღემდე შუქდება საერთაშორისო მედიაში. ნათელია ისიც, რომ ქართული მხარის მიერ არჩეულ შემწყნარებლურ პოზიციასაც ( ყველასთვის გასაგები მოტივით) არ მოაქვს სასურველი შედეგი და ის, გადახედვას თუ არა, მნიშვნელოვან კორექტირებას საჭიროებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რედაქციამ მართებულად მიიჩნია, ქართული აუდიტორიისთვის გაეცნო – ავტორიტეტული უკრაინული ინტერნეტ გამოცემის Цензор.НЕТ-ის მიერ გამოქვეყნებული – ეს წერილი
Цензор.НЕТ უკრაინა
საქართველოს სურს აეკიდოს უკრაინის მომავალ გამარჯვებას რუსეთზე, თუმცა მან უარყო მოწოდებები რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ, ახლა კი „ამცირებს“ უკრაინის მოქალაქეებს, კერძოდ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა – საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას, იტყობინება Цензор.НЕТ-ი – Liga.net– ზე დაყრდნობით.
Bloomberg-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რუსეთმა უარი უნდა თქვას საქართველოს ნაწილების 15-წლიან ოკუპაციაზე. ის თვლის, რომ „საქართველოს საკითხი უნდა იდოს მაგიდაზე, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს – რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიიდან – მის გაუსვლელად.“
დანილოვმა, რუსეთ-უკრაინის ომზე მსჯელობისას, აღნიშნა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს.
„ერთი უნდა ითქვას: მსოფლიო უცნაურად იქცევა. დღეს მე მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც თვლის, რომ მაშინ, როცა ხელს მოვაწერთ რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან, იქ უნდა ჩავწეროთ აფხაზეთი, საქართველოს ის ნაწილი, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა 2008 წელს“ – თქვა დანილოვმა.
ამასთან მან შეგვახსენა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ის (დანილოვი) მოუწოდებდა საქართველოს დახმარებისა და რუსეთთან ერთობლივი ბრძოლისკენ, თუმცა „საქართველომ, ამ პირების სახით, გაჩუმება არჩია“.
„მეტიც, გააკეთეს რაღაც შენიშვნა, თუ რატომ ვერეოდი მათ საქმეში. ახლა კი სურთ, აეკიდონ ჩვენს წარმატებას და თვლიან, რომ ასე უნდა იყოს. იქნებ მართლაც უნდა იყოს ასე, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ადამიანურად მოექცეთ ჩვენს მოქალაქეებს“ – თქვა მან და შეგვახსენა, რომ თბილისი ციხეში ამყოფებს და „ამცირებს“ მიხეილ სააკაშვილს.