Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC   დიდი ბრიტანეთი

ბენ ტობიასი, ლოურენს პეტერი

 

უკრაინის ბირთვული სააგენტო აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტებმა დააზიანა გიგანტური ატომური ელექტროსადგური, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, თუმცა რადიაციის გაჟონვა არ მომხდარა

„ენერგოატომი“ იტყობინება, რომ ზაპოროჟიეს აეს-ი -უმსხვილესი ევროპაში,  მდებარეობს უკრაინის სამხრეთში და აქ დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის მოწყობილობა და მაღალი ძაბვის ელექტროხაზი.

მანამდე რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი მოხელეები, ცეცხლის გახსნაში – უკრაინას ადანაშაულებდნენ.

თავის მხრივ, უკრაინა – რუსებს სდებს ბრალს ამ ობიექტიდან  სარაკეტო დარტყმებში სამოქალაქო რაიონებზე, ასევე „ტერორის ტაქტიკის“ გამოყენებაში.

„ყოველ დილას ვიღვიძებთ და ვხედავთ, როგორ უშენენ ისინი ცეცხლს საცხოვრებელ სახლებს“ – განუცხადა  BBC-ის კორესპონდენტს ადგილობრივმა ბიზნესმენმა.

BBC-იმ ვერ გადაამოწმა ცნობა ატომური სადგურის დაზიანების შესახებ. „ენერგოატომი“ ამტკიცებს, რომ გასულ პარასკევს განხორციელდა 2 სარაკეტო ზალპი, რამაც ოპერატორები აიძულა რეაქტორი ელექტროკვებიდან გაეთიშათ.

Enerhoatom-ი აცხადებს, რომ „არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნაწილაკების გაფრქვევის რისკი“.

„ხანძრის რისკი მაღალია. ამ დროისთვის, დაზარალებულები არ გვყავს“ – თქვეს უწყებაში.

რუსეთმა ზაპოროჟიეს აეს-ი მარტში დაიკავა, თუმცა არ გაუშვია მისი უკრაინელი თანამშრომლები. რუსეთი აკონტროლებს სადგურსა და მის მიმდებარე რაიონებს, რომლებიც ესაზღვრება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. აეს-ი შედგება 6 რეაქტორისგან და აქ ინახავენ რადიოაქტიურ ნარჩენებს.

დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა, განგაში ატეხეს რუსეთის მიერ გამოყენებული ტაქტიკის გამო.

სადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდარში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, მდინარე დნეპრის ( უკრაინულად დნიპრო) გასწვრივ.

ენერგოდარში რუსეთის მიერ დანიშნულმა მოხელეებმა განაცხადეს, რომ უკრაინულმა ძალებმა, პარასკევს 2-ჯერ დაბომბეს სადგური „დნეპრის მოპირდაპირე ნაპირიდან“. „ მეორე ჯერზე ნაციონალისტებმა მიზანს მოარტყეს – ჭურვები დაეცა სადგურის საწარმოო მოედანზე“ – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ ინტერფაქსმა“, სადგურის მოსკოვურ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ სადგურის 2 ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა უკრაინული არტილერიიდან ნასროლი ჭურვებით, რამაც გამოიწვია ხანძარი.

გაურკვეველია, სულ რამდენი ელექტროგადამცემი ხაზი მუშაობს სადგურზე – ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გადამოწმება ვერ ხერხდება.

მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთმა ეს რაიონი გამოიყენა იერიშისთვის, ისარგებლა რა „დაცული ობიექტის სტატუსით“, რათა შეემცირებინა ღამის იერიშები უკრაინული ძალების მხრიდან.

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ „სადგური სრულიად გამოსულია კონტროლიდან“.

ეს შეფასება ემთხვევა სამოქალაქო პირების მოსაზრებებს მეზობელი ნიკოპოლიდან, რომელიც მდინარის მეორე ნაპირზე მდებარეობს და რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

„ჩვენი ძალები არ ისვრიან საპასუხოდ, რადგან 30 კილომეტრიანი ზონა ელექტროსადგურის გარშემო – ხელშეუხებელია. იქ ვერ ისვრი, თუმცა რუსები ხომ ტერორისტები არიან და მათთვის წმინდა არაფერი არსებობს“- უთხრა  BBC-ის ადგილობრივმა ბიზნესმენმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ეს კეთდება ჩვენს დასაშინებლად – გაარძელა მან და განმარტა, რომ რაკეტები ნიკოპოლს ივლისის შუაგულიდან დაწყებული, ყოველ ღამეს ეცემა“.

სადგურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს კავშირს კოლეგებთან და ამჟამად უკრაინის კონტროლირებად ტერირორიაზე იმყოფება, BBC-ის შეატყობინა, რომ სადგურის ტერიტორიიდან სარაკეტო სროლების გარდა,  რუსეთმა, ერთ-ერთ საკვანძო შენობაში, განათავსა სამხედრო ტექნიკა.

BBC-ის არ შეუძლია ამ მოსაზრების დადასტურება, მაგრამ Enrhoatom-ი იგივეს აცხადებს.

გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანომ, რამდენჯერმე განაცხადა სადგურის პერსონალის მძიმე სამუშაო პირობებზე და აღნიშნა, რომ სურს შეამოწმოს ობიექტი.

ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც რამდენიმე კვირა მუშაობდა სადგურზე რუსული ოკუპაციის პირობებში, თქვა, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ახორციელებენ სადგურის კონტროლს, თანამშრომლებს არ ეხებიან, მაგრამ მათი იქ ყოფნაც კი – ფსიქოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს. ბევრი თანამშრომელი ვერ ტოვებს ოკუპირებულ ტერიტორიას, რადგან ეშინია ხელფასის დაკარგვისა და  ნათესავების მიტოვების, თანაც ფიქრობს, რომ თუ სახლს მიატოვებს, მას რუსები დაეპატრონებიან.

 

 

By admin