BBC დიდი ბრიტანეთი
ლეო სანდერსი და რობერტ გრინოლი
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დახმარება მოიცავს საშუალო მანძილზე მოქმედ მაღალმობილურ საარტილერიო სისტემას ( HIMARS-ი)
რუსეთმა დაადანაშაულა აშშ – ომის გახანგრძლივების მცდელობაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ: კიევისთვის მიეწოდებინა შორ რადიუსზე მოქმედი ახალი რაკეტები.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ დახმარებით, აშშ „შეგნებულად ასხამს ცეცხლზე ნავთს“.
„ასეთი დახმარება, არ აღვივებს მზადყოფნას უკრაინის ხელმძღვანელობაში, განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები“- დასძინა მან.
თავის მხრივ, გერმანიის ხელისუფლება დაჰპირდა უკრაინას, რომ გადასცემდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარლამენტის წევრებს აცნობა, რომ სისტემა IRIS-T, წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე იარაღს, რომელსაც ფლობს გერმანია და ის დაეხმარება უკრაინელებს დაიცვან მთელი ქალაქი საჰაერო იერიშებისგან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაილაშქრა ამგვარი დახმარების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ბ-ნი ბაიდენი ამგვარი ნაბიჯით ზრდის, კონფლიქტში „მესამე მხარის“ ჩართვის რისკს.
შორი მოქმედების რაკეტები უნდა დაეხმაროს უკრაინელ მებრძოლებს, მიიტანონ ზუსტი დარტყმები მტრის ზურგში.
აქამდე, აშშ-ს არ სურდა ამ იარაღის უკრაინისთვის გადაცემა, რადგან შიშობდა, რომ ის შეიძლებოდა გამოყენებულიყო სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთში, მაგრამ აშშ ირწმუნება, რომ კიევმა მისცა გარანტიები: ამგვარი რამ არ მოხდებოდა.
ოთხშაბათს ბ-ნმა ბაიდენმა განაცხადა, რომ გამანადგურებელი იარაღი, განამტკიცებს კიევის პოზიციებს რუსეთთან მოლაპარაკებებში და გაზრდის კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ალბათობას.
მაღალი რანგის ამერიკელმა ჩინოსანმა, გაახმიანა, რომ შეიარაღების ახალი პაკეტი მოიცავს 4 მაღალმობილურ სარაკეტო-საარტილერიო სისტემას – M142-ს (HIMARS-ს).
„ეს მაღალი სიზუსტის მართვადი სისტემები – გაზრდილი რადიუსის მოქმედებისაა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს სისტემები გამოსადეგია მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად, რაც უკრაინულ ძალებს შეაძლებინებს, შეაკავონ მტრის შემოტევა ფრონტზე“ – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ – დოქტორმა კოლინ ჰ. კალმა.
სისტემას შეუძლია რამდენიმე მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტის სამიზნეებისკენ გაშვება 70 კმ-ზე ( 45მილი) – ეს გაცილებით მეტია, ვიდრე იმ არტილერიის მოქმედების სიშორე, რომელსაც ახლა უკრაინული არმია იყენებს. ითვლება, რომ ეს იარაღი გაცილებით ზუსტია, ვიდრე მისი რუსული ანალოგები.