ISW (Institute for the Study of War) აშშ
კაროლინა ჰარდი, მეისონ კლარკი და ჯორჯ ბაროსი
5 ივნისისთვის – უკრაინული არმია განაგრძობდა შეზღუდულ, ლოკალიზებულ, თუმცა წარმატებულ კონტრშეტევებს რუსულ პოზიციებზე მთელ უკრაინაში, მათ შორის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის ტერიტორიაზე, რომლის ასაღებად, კრემლმა თავი მოუყარა საკუთარი სამხედრო ძალის მნიშვნელოვან ნაწილს
რუსული TELEGRAM-არხი ამტკიცებს, რომ უკრაინელმა მეომრებმა – კონტრშეტევა წამოიწყეს ხარკოვის ჩრდილოეთით, რაც მიუთითებს, რომ უკრაინული დაჯგუფებები განაგრძობენ წნეხს რუსულ თავდაცვით ხაზებზე – რუსეთის საზღვრის გასწვრივ. უკრაინელები, როგორც ჩანს, ცდილობენ ისარგებლონ რუსეთის მხრიდან სევეროდონეცკზე ძირითადი აქცენტის გადატანით და შექმნილ სიტუაციას, იყენებენ სხვა მიმართულებებზე კონტრშეტევებისთვის. მიუხედავად რუსული არმიის მიერ სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის რაიონში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლისა, უკრაინულმა შენაერთებმა, ბოლო 48 საათის განმავლობაში, რუს მებრძოლებს უკან დაახევინეს – ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბნებისა და სამხრეთ დასახლებებისკენ. უკრაინული დაჯგუფების კონტრშეტევა, სავარაუდოდ მოიზიდავს რუსეთის მთელ ყურადღებას ლუგანსკის ოლქისკენ, შესაბამისად მოწყვლადად აქცევს რუსეთის პოზიციებს ხარკოვის ოლქში და სამხრეთ ღერძის გასწვრივ. უკრაინული ძალების უნარი – წარმატებულად განახორციელოს კონტრშეტევები სევეროდონეცკში, რომელიც პრიორიტეტული მიმართულებაა კრემლის ოპერაციებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის არმიის საბრძოლო სულისკვეთების კლებას უკრაინაში.
ბოლო ცნობით, 5 ივნისს, უკრაინელმა მეომრებმა მოკლეს რუსი გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი. რუსული TELEGRAM-არხები იტყობინებიან, რომ კუტუზოვი გაანადგურეს ნიკოლაევსკთან – ლუგანსკის ოლქში (პოპასნაიასთან ახლოს). კუტუზოვი, დაღუპვის მომენტში, სავარაუდოდ მეთაურობდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეხუთე საარმიო კორპუსს. ჩვენი ინფორმაციით, ის ასრულებდა მეხუთე არმიის მეთაურის მოვალეობებს 2017- 19 წლებში. დღეს ამ სამხედრო ერთეულს ხელმძღვანელობს გენერალ-მაიორი ალექსეი ვლადიმირის ძე პოდოლოვი. მაღალი რანგის სამეთაურო კორპუსი – განიცდის გასაოცარ დანაკარგს, ვინაიდან არმიის ხელმძღვანელობა, განაგრძობს სამეთაურო რგოლის წინა ხაზზე განლაგებას. კუტუზოვის სიკვდილი – ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ თუ მართლაც ასე მოხდა, ეს უკვე მეშვიდე დარუპული გენერალი იქნება ომის დაწყებიდან. 5 ივნისს, რუსულმა არმიამ, ამ თვეში პირველად, იერიში მიიტანა კიევზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი – ვადიმ დენისენკო აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა 5 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს ТУ-95-ების საშუალებით – კასპიის ზღვიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები მიიტანეს ტანკებზე Т-72, რომლებიც კიევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გადასცეს, თუმცა ჩანაწერები დაზიანებული ადგილებიდან მიუთითებს, რომ ჭურვები დარნიცის ქარხანას მოხვდა. გაურკვეველია, მართლაც სურდათ რუსებს უკრაინისთვის საზღვარგარეთიდან გამოგზავნილ ტანკებზე იერიში და მიზანს ააცილეს, თუ კრემლი მალავს ნამდვილ სამიზნეს. კიევზე მიტანილი იერიში მოწმობს, რომ რუსული ძალები აგრძელებენ იერიშებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, თანაც არაკრიტიკულ რაიონებში, რათა მოიშალოს ლოგისტიკა, რადგან რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგებს ნახულობენ დონბასში.