Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BLOOMBERG აშშ

ანდრეას კლუტი

 

ეს არის სცენარი, რომელსაც ევროპა შეიძლება შეეჯახოს თავის აღმოსავლეთ საზღვარზე, 9 აგვისტოს, როცა ბელარუსში საპრეზიდენტო რბოლის შემდეგ, სარჩევნო უბნები დაიხურება.

პირველად, 26 წლის განმავლობაში, მოვლენათა ამგვარი განვითარების ფონზე, გამოკითხვები არ ადასტურებს ავტორიტარი დიქტატორის ცალსახა მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანას რკინის ხელით მართავს. ჩვეულებისამებრ, ის ისევ გამარჯვებას ელის, ამისთვის მან კიდევ ერთხელ დაიჭირა ან ქვეყნიდან გააქცია ყველაზე გამორჩეული და წონადი  კონკურენტები. როგორც წესი, ის ახდენს სისტემის მანიპულაციას და ასე მიითვლის ხოლმე, ხმების უმრავლესობას. მაგრამ ამჯერად მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.

იმ კანდიდატების ცოლები, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს, ჩაებნენ საპრეზიდენტო რბოლაში და ჩამოაყალიბეს მტკიცე სამეული –  მიმზიდველი ამომრჩევლისთვის. არჩევნების წინ ათეულ ათასობით ბელორუსი გამოდიოდა მასობრივ მიტინგებზე, რომლებიც როკ-კონცერტს ჩამოჰგავდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა ლუკაშენკოს კორუმპირებული მმართველობის და მისი უაზრო განცხადებების გამო, კორონავირუსის შესახებ – დალიეთ არაყი, იმუშავეთ ტრაქტორით და ყველაფერი კარგად იქნება, თქვა მან. ახლა არჩევნების შემდეგ, ბელორუსები ენთუზიაზმით აღვსილნი გამოვლენ ქუჩებში და ეს იქნება გამოწვევა ლუკაშენკოს თავზეხელაღებული რაზმებისთვის, რომელთაც, როგორც წესი, დიდი რაოდენობით გზავნიან დემონსტრანტების დასარბევად. რა იქნება შემდგომ?

ლუკაშენკო, გონებაში ალაგებს შესაძლო ვარიანტებს,  ერთი სული აქვს გაუსწორდეს ბრბოს, როგორც აქამდე ხდებოდა, მაგრამ  მან იცის, რომ ამას მოჰყვება ახალი სანქციები ევროკავშირის მხრიდან, მგზნებარე გამოსვლები ადამიანის უფლებების დარღვევაზე – ბრიუსელიდან, ბერლინიდან და სხვა დასავლური ქალაქებიდან. ლუკაშენკო დიდი ხანია იცნობს ამ აბეზარ, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას ჩვეულ დასავლეთ ევროპელებს და ყოველთვის ახერხებდა მათ დაშოშმინებას, მიმართავდა რა თავის აღმოსავლელ მოკავშირეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

თუმცა, ახლა მოსკოვისკენ მომზირალი ლუკაშენკო ღელავს. ფორმალურად, ის კვლავ რჩება პრორუს ლიდერად. 1999წელს, ის საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით და პატივისცემით აღსავსე , დაეთანხმა იმას, რომ უზარმაზარი რუსეთი და პატარა ბელორუსი გაერთიანებულიყვნენ ერთ „სამოკავშირეო სახელმწიფოდ.“ ეს კეთდებოდა იმ გათვლით, რომ იმხანად, რუსეთის სუსტი პრეზიდენტი ელცინი კი არ იქნებოდა რეალური მეთაური, არამედ თავად ლუკაშენკო.

მაგრამ ეს გეგმები წარსულს ჩაბარდა. დღეს კრემლს პუტინი მართავს, ისე როგორც „ცარი“, რომელმაც ახლახან შეცვალა კონსტიტუცია, რომ სამუდამო საჭეთმპყრობელი ყოფილიყო, მთავარი „ალფა-მამრი” და ის დაამცრობს ლუკაშენკოს რეგიონული გუბერნატორის სტატუსამდე ან კიდევ უფრო მეტად. ასე რომ, ახლა ლუკაშენკოს აღარ ხიბლავს „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ იდეა.

აი, ეს არის მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი. ლუკაშენკოს სურს განმუხტოს დაძაბული ურთიერთობა ევროკავშირთან, მოიპოვოს ევროპის მხარდაჭერა და ფსონს დებს იმაზე, რომ პუტინი ვერ მისცემს თავს უფლებას საკუთარ პროვოკაციებს უკრაინაში, ახალი დაამატოს. ლუკაშენკოს კი უჯობს საფრთხის ქვეშ არ დააყენოს მისი მყიფე ურთიერთობა ევროკავშირთან, მეტისმეტად მკაცრი ზომების გამოყენებით მომიტინგეების მიმართ.

პუტინი, თავის მხრივ, აკვირდება მინსკს და ხედავს, როგორც რისკებს, ისე შესაძლებლობებს. თუ ბელორუსში პროტესტი გაძლიერდება, ის შეიძლება მორიგ „ფერად რევოლუციაში“ გადაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო-სატელიტი გაიწევს დასავლეთისკენ და დაშორდება „რუსულ სამყაროს“, რის აღორძინებასაც პუტინი ცდილობს.

ამ კუთხით, ლუკაშენკო პუტინს იანუკოვიჩს აგონებს, უმწეოსა და კორუმპირებულს, ფორმალურად პრორუს უკრაინელ პრეზიდენტს, რომელიც დაამხეს 2014 წელს რევოლუციის შედეგად და ის რუსეთისთვის უსარგებლო გახდა. ხსენებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო პუტინს მიეტაცებინა ყირიმი, შეერყია უკრაინის სახელმწიფოებრიობის საფუძვლები  და ის დღესაც აგრძელებს ომს ამ ქვეყნის აღმოსავლეთში.

პუტინს შეუძლია ასევე მოიქცეს ბელორუსში.  აქ მოსახლეობა პრორუსულად არის განწყობილი და ძირითადად რუსულად საუბრობს. თუმცა ქვეყანაში შეიმჩნევა ნაციონალური იდენტობის ზოგიერთი ნიშანი, მცდელობა ააღორძინონ  ბელორუსული ენა და მეხსიერებაში აღადგინონ „ოქროს ხანა“, როცა ეს ქვეყანა ლიტვის მმართველობაში იმყოფებოდა. პუტინმა შეიძლება დაასკვნას, რომ საქმეში უნდა ჩაერთოს  და რაც  მალე, მით უკეთესი.

მან შეიძლება გამოიყენოს კიდევ ერთი დოზა ,,ყირიმი ეფექტისა’’ საკუთარი მოსახლეობისთვის, რადგან მისი პოპულარობა სულ უფრო ეცემა, ახლო აღმოსავლეთში კი პროტესტს აწყდება. 2014 წელს, რუსებმა პატრიოტულ ტალღაზე მას მხარი დაუჭირეს, როცა თავისი ,,მწვანე კაცები’’ (რუსი სამხედროები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე) ყირიმში გაგზავნა და დასავლეთი საგონებელში ჩააგდო. ამგვარი შესაძლებლობა რომ ხელთ ჰქონდეს, მან უკვე შეუშვა ათობით რუსი დაქირავებული ,,ვაგნერის ჯგუფიდან’’ სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის – 33 მათგანი ლუკაშენკომ  უკვე დააკავა.

ასე, რომ  ევროკავშირის ლიდერების წინაშე არის ნაცნობი დილემა, მათ ესმით, რომ ლუკაშენკო, როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს მისი რეპუტაცია, რუსეთისგან ბელორუსის დამოუკიდებლობის საუკეთესო გარანტია, ეს ნიშნავს, რომ ბელორუსი დარჩება ბუფერულ ზონად. გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ევროკავშირმა მას მხარი დაუჭიროს,  ყოველ შემთხვევაში, ფარულად. იმავდროულად, მათ არ შეუძლიათ ცინიკურად უგულებელყონ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო პროტესტი, რადგან ეს ევროპული ფასეულობების ღალატი და რეგიონში ნდობის დაკარგვის ტოლფასი იქნება. ასე, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციას. მაგრამ თუ დემონსტრაციები საყოველთაო რევოლუციაში გადაიზარდა, ეს პუტინს უბიძგებს, წამოიწყოს ჰიბრიდული ომისა და გეოპოლიტიკური ესკალაციის მორიგი ეტაპი, ასეთ ვითარებაში კი ევროკავშირი, საბოლოო ჯამში, უსუსური იქნება.

ევროკავშირის საზღვრებთან, მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძნელია წარმართო საგარეო პოლიტიკა მხოლოდ მსუბუქ ძალაზე, ,,ღირებულებებზე’’ აქცენტით, როცა საკუთარი ,,ინტერესები’’ სხვაგვარ ქმედებას მოითხოვს – დაფუძნებულს რეალიზმზე, რაც ევროკავშირის დიპლომატიისთვის დამახასიათებელი არ არის. ჯერჯერობით, ევროპელი ლიდერები იმის იმედად რჩებიან, რომ კვირის შემდგომ ბელორუსში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება.

 

By admin