Bloomberg აშშ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თურქეთში, უკრაინასთან მოსალაპარაკებლად, დაბალი რანგის ჩინოვნიკთა ჯგუფი შეარჩია. მას არ გაუკეთებია რაიმე განცხადება, ამ პროცესში საკუთარი მონაწილეობის შესახებ
განკარგულებით, რომელიც ოთხშაბათ საღამოს გამოქვეყნდა, პუტინმა დელეგაციის ხელმძღვანელად თავისი თანაშემწე – ვლადიმირ მედინსკი დანიშნა. ჯგუფში ასევე შედიან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მიხაილ გალუზინი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ალეკსანდრ ფომინი და სამხედრო დაზვერვის მეთაური – იგორ კოსტიუკოვი. დანარჩენი 4 ჩინოვნიკი მოიხსენიება, როგორც „ექსპერტი“.
მედინსკი რუსულ მხარეს წამოადგენდა სტამბოლის წინა შეხვედრებზეც, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან მალე, 2022 წელსვე გაიმართა. მაშინ მოლაპარაკებები ჩაიშალა ცხარე ურთიერთბრალდებების გამო, რომელიც წარმოიშვა რუსეთის მოთხოვნათა პროექტის ირგვლივ. მოგვინებით პუტინი ამტკიცებდა, რომ პროექტის ძირითად ნაწილს, უკრაინა ეთანხმებოდა. ოფიციალური კიევი ამ აზრს უარყოფს.
რუსული მხარის შემადგენლობა, სავარაუდოდ, ოდნავადაც არ შეესაბამება უკრაინის მოლოდინს. მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს ვლადიმირ პუტინმა გააკეთა შეთავაზება მოლაპარაკების გამართვის თაობაზე, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა თანხმობა მონაწილეობაზე და გამოთქვა სურვილი, უშუალოდ დალაპარაკებოდა რუსეთის ლიდერს.
მანამდე, ოთხშაბათს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, არც დაადასტურა და არც უარყო, მისი თურქეთის შეხვედრაზე დასწრება, რომელიც ხუთშაბათს იწყება. ტრამპმა, რომელიც ვიზიტით იმყოფება ახლო აღმოსავლეთში, განაცხადა, რომ მიემგზავრებოდა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში (წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად) და რომ მისი გრაფიკი იმდენად იყო გადატვირთული, რომ ის არ იძლეოდა მასში დამატებითი ვიზიტის ჩართვის შესაძლებლობას, თუმცა მან არ გამორიცხა ასეთი შეხვედრის ჩატარება სამომავლოდ.
„არ ვიცი, გამოჩნდება ის თუ არა. ვიცი, მას სურს, რომ მეც იქ ვიყო. თუ მოხერხდა ომის დასრულება, რატომაც არა, ვიფიქრებდი ამის შესახებ – თქვა ტრამპმა პუტინის შესახებ – ასე რომ შექმნილია რთული სიტუაცია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ გავაკეთებ ამას, თუ ამით გადარჩება უამრავი სიცოცხლე.“ ოთხშაბათს ზელენსკიმ დაადასტურა სურვილი პირისპირ გამართოს მოლაპარაკებები პუტინთან თურქეთში, თუმცა ისიც თქვა, რომ არ აქვს იმის იმედი, რომ პუტინი ადგილზე დახვდება.
მისი თქმით, პუტინის არყოფნა ნებისმიერ შეხვედრას უაზრობად აქცევს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვედა დონის ჩინოვნიკებთან შეხვედრა, ერთხელ უკვე გაიმართა საუდის არაბეთში, მარტის თვეში, მაგრამ ამას რაიმე შედეგი, არ მოჰყოლია.
კვირას ტრამპმა მხარეებს შეხვედრისკენ მოუწოდა. მანამდე ევროპელმა ლიდერებმა პუტინს წაუყენეს ულტიმატუმი: ჯერ მომხდარიყო ცეცხლის 30 დღით უპირობო შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს დაუწესდებოდა ახალი მკაცრი სანქციები. მოგვიანებით ტრამპმა გამოთქვა აზრი, რომ შეეძლო შეერთებოდა პუტინსა და ზელენსკის თურქეთში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ დათანხმდებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებს – თუ მას არ დაეწრებოდა პუტინი. ზელენკიმ დამატებით აღნიშნა, რომ ოთხშაბათისთვის, ანკარაში, ის გეგმავდა შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან და თუ პუტინი დაესწრებოდა მოლაპარაკებებს, ის და ერდოღანი, გადაფრინდებოდნენ სტამბოლში.