Цензор.НЕТ უკრაინა
გალინა ბოციკი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია – თანდათან იცვლის პოზიციას უკრაინის კონფლიქტის მიმართ. თავად ტრამპი კარგავს მოთმინებას, რაკი ხვდება, რომ მშვიდობისთვის მთავარ ბარიერს წარმოადგენს რუსეთის დიქტატორი – ვლადიმირ პუტინი
ამის შესახებ წერს Financial Times-ი, იტყობინება Цензор.НЕТ-ი.
როგორც აღნიშნულია, ამერიკელი ჩინოვნიკები სულ უფრო ნაკლებად ავლენენ შემგუებლურ პოზიციას პუტინის მიმართ, რადგან რწმუნდებიან, რომ სწორედ ის და არა ზელენსკი, წარმოადგენს დაბრკოლებას მშვიდობისთვის.
„ამერიკელებს ჰქონდათ გამარტივებული მიდგომა – მოდით მოვხიბლოთ რუსეთი, წნეხი განვახორციელოთ ზელენსკიზე და შეთანხმებასაც გამოვკრავთ ხელსო. აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოხიბვლა, საამისოდ არ კმარა“ – ამბობს ვოლფგანგ იშინგერი, გერმანიის ყოფილი ელჩი აშშ-ში.
ტრამპის უმთავრესი მიზანი – ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც საქმეს მიიყვანს, თავიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე, შემდეგ ომის დასრულებამდე – ჯერ კიდევ მიუღწეველია, ვინაიდან პუტინმა უარყო ყველა მოწოდება, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედება, მიუხედავად მის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების შემოღების მუქარისა. რუსეთის ამგვარი აშკარა შეუვალობა, აღიზიანებს ტრამპს, ამბობენ დამკვირვებლები.
„მის განწყობაში შეიმჩნევა – იმედგაცრუება. შესაძლოა ტრამპი მიხვდა, რომ დათმო ძალზე ბევრი, სანაცვლოდ კი ვერაფერი მიიღო“- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში – მაიკლ მაკფოლი.
ტრამპის ადმინისტრაციას კი სულ უფრო უჭირს უკრაინის დადანაშაულება ომის დაუსრულებლობაში. ბოლო კვირეების განმავლობაში, ზელენსკი მცდელობას არ აკლებს, რომ წარმოჩნდეს მოლაპარაკების მომხრედ. ურთიერთობა, კიევსა და ვაშინგტონს შორის, აღდგა მას შემდეგ, რაც გაიმართა კამათი ოვალურ კაბინეტში და ეს მოხერხდა დიდწილად სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების ხარჯზე. მაგრამ ბოლომდე გაურკვეველია, მართლაც გადაიხარა თუ არა ტრამპის სიმპათიები უკრაინისკენ – თუ უბრალოდ მან გადაწყვიტა რუსეთის დასჯა ურჩობისთვის, აღნიშნავს Financial Times-ი.
„ტრამპი ცხადად ხედავს, რომ პუტინი არ დგამს შემხვედრ ნაბიჯს, მაგრამ გადაჭრით ძნელი სათქმელია, მოჰყვება თუ არა ამას პუტინზე წნეხი“ – ამბობს ერიკ გრინი, ბაიდენის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ამასთან ექსპერტები ამბობენ: რუსეთი გათვლას აკეთებს იმაზე, რომ ტრამპი დაკარგავს ინტერესსა და მოთმინებას და ამერიკელები შეწყვეტენ კიევის სამხედრო დახმარებას, ამით კი უკრაინული არმია დასუსტდება.
სხვა ექსპერტები თვლიან: საფრთხე იმისა, რომ ტრამპი ზურგს შეაქცევს უკრაინას, ბოლო კვირეების განმავლობაში, შემცირდა.
როგორც საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მეცნიერ-მუშაკი – თომას გრემი ამბობს, ტრამპს გაუჭირდება თავისი უმთავრესი მიზნის (რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა) ასრულება – თუ ჯერ უკრაინის პრობლემა ვერ გადაჭრა.
„მაგიდაზე ძალზე დიდი ფსონები დევს“ – ამბობს ის.
„დიახ, მან შეიძლება ახლაც დათმოს უკრაინა, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, ეს დაემსგავსება – ჩაფლავებას“.