IL Fatto Quotidiano იტალია
ალესანდრო ორსინი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაეროში ხმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მისცა. როგორც ჩანს, იტალიაში ვერავინ ხვდება ევროკავშირის დაბნეულობის მთავარ მიზეზს – მსწრაფლცვალებადი მოვლენების ფონზე. ერთნი ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერების დეზორიენტაცია გამოწვეულია ტრამპის მოულოდნელი ნაბიჯებით, მაგრამ ეს ხომ განჭვრეტადი იყო – აშშ-ს პრეზიდენტმა, ზელენსკის შეურაცხყოფა, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო. სხვები ამბობენ, რომ გაუგებრობა გამოწვეულია ამერიკისა და რუსეთის ლიდერების დაახლოებით, მაგრამ ურთიერთობის ამგვარი დათბობაც არ იყო სიურპრიზი, რადგან ტრამპი კარგა ხანია ახდენს პუტინით აღფრთოვანების დემონსტრირებას
რა არის ევროპის დაბნეულობის სიღრმისეული მიზეზი (უკრაინის ნგრევის ფონზე)? ევროცენტრისტული უპირატესობის კომპლექსის გამო, ევროკავშირმა არ იცოდა და მას არ ესმოდა, რომ რუსეთი ევროგაერთიანებას ერთი დარტყმით წალეკავდა. ომი პოლიტიკაში იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც კვლევა მეცნიერებაში. ის ან ადასტურებს, ან უარყოფს მმართველების წარმოდგენებს მოწინააღმდეგის შესაძლებლობებზე. ჰიპოთეზები – წინასწარი დასკვნებია, რომლებიც პრაქტიკულ შემოწმებას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, ჰიპოთეზა ემყარებოდა იმის აბსოლუტურ რწმენას, რომ რუსეთი მეტად სუსტია, ევროპა კი ძლიერი. ამის საპირისპიროდ, უკრაინის კონფლიქტმა წარმოაჩინა ევროპის სრული სამხედრო უსუსურება რუსეთის წინაშე. პირველადი დასკვნები იყო მცდარი. ევროპული პოლიტიკის საფუძველი ყოველთვის იყო ძალა. ამის გარეშე დასავლეთი, ვერც მომავალში ააგებს საკუთარ პოლიტიკას. პოლიტიკური ლიდერები თანდათან აცნობიერებენ ახალ რეალობას, რადგან ფსიქოლოგიური ტრამვა, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
ჩემს კვლევებში პირველ ფაზას ეწოდება „სოციალური იდენტობის დეზინტეგრაცია“. ტრამვირებულ ადამიანს უწევს თავისი „მეს“, საკუთარი იდენტობის გადააზრება, რაც მოითხოვს გარემოს მიმართ მისი დამოკიდებულებების შეცვლას. ადამიანი, რომელზეც ლაპარაკობს ჯორჯ ჰერბერტ მიდი, იბადება, ყალიბდება სხვებთან ურთიერთობაში. ეს მას ეხმარება გაიგოს, რატომ არის, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ეგზისტენციურ კრიზისს განიცდის, ამჯობინებს შეიცვალოს გარემო. შეცვალო სხვებთან ურთიერთობის ჩვეული ფორმა, საძნელოა და მტკივნეული. უმჯობესია ყველაფერი დაიწყო ნულიდან. ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ ევროპულ ქვეყნებს გასაქცევი არსად აქვთ. ევროკავშირის სახელმწიფოები დაიბნენ, რადგან ვერ იძლევიან პასუხს კითხვაზე: „თუ რუსეთს ჩვენი დამარცხება ასე იოლად შეუძლია, მაშინ სად არის ჩვენი ადგილი მსოფლიოში?“ ტრამვირებული ადამიანი, რომელიც ვერ პოულობს სიტუაციიდან გამოსავალს, კარგავს ორიენტირებს და ეძლევა სასოწარკვეთილებას.
სწორედ ეს სჭირთ მაკრონს, მელონის, ურსულა დერ ლაიენს და სხვა ევროპელ ლიდერებს. ისინი პარალიზებულნი აღმოჩნდნენ ტრამპის გადაწყვეტილებების შედეგად, ამიტომ ან დუმან ან გაუგებრად ლუღლუღებენ. მათ არ იციან, როგორ იმოქმედონ, როცა ევროკავშირს აღარ აქვს რუსეთის შეკავების უნარი – თითქოსდა ევროპელმა ლიდერებმა დღეს შეიტყვეს, რომ მოსკოვი ფლობს 6 ათასი ბირთვულ ქობინს, რომელთაც ის უცილობლად გამოიყენებს ევროპასთან ომის შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში, რა არის გამოსავალი?
ფსიქოანალიზში, ტრამვასთან ბრძოლის პირველი ნაბიჯია, კავშირის აღდგენა რეალობასთან. რეალობა კი ისაა, რომ რუსეთმა პოლიტიკურად გაანადგურა ევროკავშირი. პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპა მკვდარია. მას მოუწევს მკვდრეთით აღდგომა, ამოსავალი კი უნდა იყოს ტრაგიკული რეალობის გაცნობიერება. მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის – ეს არის ყოველდღიური გამოცდა ევროპისთვის. ჯ. მიდის თეორიის თანახმად, ევროკავშირი, მისთვისვე უნდა იქცეს ობიექტად. მას სჭირდება დრო, რომ გაიაზროს საკუთარი არასრულფასოვნება. ხდება ისე, როგორც მაშინ, როცა ფსიქოანალიტიკოსები ურჩევენ პაციენტს, რომ მკაცრ რეალობას – მან თვალი უნდა გაუსწოროს.