Reuters დიდი ბრიტანეთი
კანიშნა სინგჰი
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის სამზადისი. ამასთან რესპუბლიკელების ლიდერს არ დაუსახელებია ორ ლიდერს შორის მოლაპარაკების დაწყების თარიღი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი…
ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ, გააჩინა დიპლომატიური შეთანხმების იმედი, რითაც უნდა დასრულდეს კონფლიქტი უკრაინაში, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა ამან ბევრი შეაშინა კიევში, რადგან სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება ძვირად დაუჯდეს უკრაინას.
ტრამპის მრჩევლებმა წარმოადგინეს წინადადებები საიმისოდ, რომ კონფლიქტი შეწყდეს, თუმცა ისინი პრაქტიკულად ითვალისწინებს ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას.
საკვანძო ციტატები
„მან გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ჩვენ ვახდენთ ამის ორგანიზებას“ – განაცხადა ტრამპმა ფლორიდის შტატში, მარ-ა-ლაგოს შეხვედრაზე, სადაც თავი მოიყარეს რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა.
„პრეზიდენტ პუტინს სურს ჩვენთან შეხვედრა. მან ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს კონფლიქტი, ეს სისხლიანი სასაკლაო“ – განაცხადა ტრამპმა უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას.
კონტექსტი
ომის დაწყებიდან, აშშ-მ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს, უკრაინას გამოუყო 175 მილიარდ დოლარზე მეტი, აქედან 60 მილიარდი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდა.
ამასთან გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ეს დახმარება იგივე ინტენსივობით ტრამპის დროს, რომელიც აცხადებს, რომ სურს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს კონფლიქტი.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პუტინი მიესალმება ტრამპთან კონტაქტის დამყარებას, მაგრამ ასეთი მიმართვა ჯერ არ გაკეთებულა. პესკოვის თქმით, მიზანშეწონილი იქნება ეს მოხდეს ტრამპის უფლებამოსილების ოფიციალური გაფორმების შემდგომ.
ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპს შეუძლია გადაწყვეტი როლი შეასრულოს რუსეთ-უკრაინის 34-თვიანი კონფლიქტის დასრულებასა და „პუტინის შეჩერებაში“.