BLOOMBERG აშშ
პუტინის საწინააღმდეგო დასავლური სანქციების იმპულსი, თანდათან სუსტდება. ევროგაერთიანება სადღეგრძელოებით ეგებება ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს, რომელთაც რუსეთს უწესებენ, მათ შორის ნაწილობრივ ემბარგოს ნავთობის იმპორტზე, მაგრამ დათმობებიც მატულობს, დაწყებული მილსადენის ნავთობის ამორიცხვით, დამთავრებული სანქცირებულთა სიიდან – პატრიარქ კირილეს ამოღებით
პუტინის გულშემატკივარი ვიკტორ ორბანი – დიდ როლს თამაშობს ერთიანი ფრონტის რღვევაში, მაგრამ დაღლილობის რისკმა და საბრძოლო სულისკვეთების კლებამ, თავი იჩინა არა მარტო ბუდაპეშტში. ბევრი ლიდერი მტანჯველ ფიქრებს მიეცა იმის გამო, რაც პუტინისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილში – ენერგორესურსებზე დარტყმას მოჰყვა. ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკის ვარდნის პირობებში.
ევროგაერთიანების შიგნით და მის გარეთ, აშკარაა უთანხმოება იმ საკითხზე, რა შედეგით დასრულდება კონფლიქტი უკრაინაში, ის კი მართლაც არ გვიქადის რაიმე სასიკეთოს ახლო მომავალში. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელსაც მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ, მოუწევს მისი ხელახლა შეკოწიწება, შეუპოვრად აგრძელებს ქანჩების გადაჭერას მოსკოვთან დაპირისპირებაში, მაგრამ ისიც აღიარებს, რომ ვითარება რთულდება და შანსი ახალი საგაზო ემბარგოს შემოღებისა (სანქციათა ახალი პაკეტის ფარგლებში), მეტად მცირეა.
დადგა დრო ახალი მიდგომის გამოძებნის – ან პაუზის აღებისა, ამბობს კალასის ბელგიელი კოლეგა – ალეკსანდრ დე კორო.
სანქციებისგან დაღლილობა, არ არის ადვილი გადასალახი. არც „ ფინანსური იარაღია“ უნაკლო ინსტრუმენტი, მით უფრო, როცა ის გამოიყენება უსისტემოდ და თან სდევს გაუთვალისწინებელი შედეგები. თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო სანქციები – პუტინის გარემოცვის, რუსეთის ფინანსური სისტემის, მისი ავიახაზებისა და ვაჭრობის წინააღმდეგ, წელს გამოიწვევს რუსეთის მშპ-ს 10 %-ით შემცირებას, მაგრამ ამით პუტინის შეჩერება ან მისი თავიდან მოცილება, ვერ მოხერხდება.
უარესია ის, რომ წარმოიშვა საპირისპირო შედეგები. ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო, პუტინის ჯიბეები ივსება, იმპორტიორები კი ღარიბდებიან. წელს, რუსეთის შემოსავლები ნავთობიდან და გაზიდან, BLOOMBERG ECONOMICS-ის შეფასებით, შეადგენს დაახლოებით – 285 მილიარდს. ამას დაუმატეთ მოგება ნედლეულის სხვა წყაროებიდან და მიიღებთ ისეთ ციფრს, რომელიც გადააჭარბებს რუსეთის 300 მილიარდიან სავალუტო რეზერვებს, რომელიც მას სანქციების ფარგლებში – „გაუყინეს“.