The Washington Post აშშ
ეშლი პარკერი, ისაბელ ხურდუშიანი
პრეზიდენტებმა ბაიდენმა და პუტინმა სამშაბათ დილას, ვიდეოპრესკონფერენცია გამართეს. ყურადღების ფოკუსში მოექცა მზარდი დაძაბულობა უკრაინაში. ეს კრიზისი მწვავდება იმ ფონზე, როცა რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს თავს უყრის უკრაინის საზღვართან. ასეთმა ქმედებამ, დაბადა შიში, რომ რუსეთი აუცილებლად შეიჭრება მეზობელი, აღმოსავლეთევროპელი ერის ტერიტორიაზე
პუტინისა და ბაიდენის საუბარი დაიწყო მოკლე სახუმარო გამონათქვამებით. კრემლმა მკაფიოდ გაგვაგებინა, რომ ითხოვს მორიგ პირობას აშშ-სგან: რომ ამერიკელები არ დაუშვებენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამას გარდა, რუსები ითხოვენ გარანტიებს, რომ ნატოს სამხედრო ოპერაციები მოკავშირეების მხარდასაჭერად, არ ჩატარდება გარკვეული ხაზების აღმოსავლეთით. როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ ეს მოსაზრება გააცნო პუტინმა ბაიდენს, სამშაბათს გამართული საუბრის დროს.
მაგრამ ბაიდენმა მანამდე თქვა, რომ არ მიიღებდა არავითარ პუტინისეულ „წითელ ხაზს.“
ორსაათიანი საუბრის დროს, პუტინმა განუცხადა ბაიდენს, რომ ნატო „ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს რუსეთის საზღვრებთან“ და მოითხოვა „ მტკიცე, კანონით გამყარებული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავს ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთ მიმართულებით და შეტევითი შეიარაღების განლაგებას იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის მეზობლად მდებარეობენ“ – ნათქვამია კრემლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
თეთრმა სახლმა ორი ქვეყნის ლიდერთა საუბარზე გაკეთებულ სპეციალურ კომუნიკეში აღნიშნა, რომ „ბაიდენმა გამოხატა აშშ-სა და ჩვენი ევროპელი მოკავშირების ღრმა შეშფოთება, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინასთან თავმოყრის გამო“. ბაიდენის მრჩეველმა – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენს არ აუღია არანაირი ვალდებულება, რომელიც გამორიცხავდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მით უფრო, უკრაინა უკვე რამდენიმე წელია ისწრაფის ნატოსკენ.
აშშ-ს დაზვერვა თვლის, რომ მოსკოვი გეგმავს უკრაინაზე თავდასხმას და ერთდროულად რამდენიმე ფრონტის გახსნას მომავალი წლის დასაწყისში, რაშიც ჩაერთვება 175 000 ჯარისკაცი. ამის შესახებ, საუბარია სადაზვერვო ანგარშში, რომელიც „ვაშინგტონ პოსტმა“ მოიპოვა.
ვიქტორია ნულანდი, მესამე პირი სახელმწიფო დეპარტამენტში, კაპიტოლიუმის ბორცვს ორშაბათს ეწვია, რათა პირადად მიეწოდებინა სენატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტისთვის ინფორმაცია, დაგეგმილი პუტინ-ბაიდენის ვიდეოკონფერენციის შესახებ. სენატორებმა, როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა, მოუწოდეს ადმინისტრაციას, მოამზადოს მძლავრი ეკონომიკური სანქციები პუტინის წინააღმდეგ.
ნულანდმა, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, სენატორებს აცნობა, რომ გერმანიის მთავრობამ უკვე შეატყობინა კრემლს: ის უარს იტყვის გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ, ჩვენ გვაცნობეს კონგრესმენების თანაშემწეებმა, რომლებიც ესწრებოდნენ ნულანდის სენატორებთან შეხვედრას.
ნულანდი ამ თემას სამშაბათს, კონგრესში გამოსვლისას მიუბრუნდა, როცა სენატორმა ვირჯინიიდან – თიმ ქეინმა, მას ჰკითხა: ხომ არ გამოიწვევედა რუსეთის შეჭრა „ძალთა ბალანსის“ შეცვლას და თუ აიძულებდა ეს ნაბიჯი აშშ-ს მოკავშირეებს, „მოეგუდათ“ პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“. ნულანდმა მიუგო, რომ სწორედ ასე მოხდებოდა. რაც შეეხება გაზსადენს, რომელიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, მისი ამუშავება ჯერ კიდევ წინაა.