Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Times დიდი ბრიტანეთი

ედვარდ ლუკასი

 

ამერიკული დაზვერვის ანგარიშებიდან გაჟონილმა ინფორმაციამ დაადასტურა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში აპირებს უკრაინაზე თავდასხმას და ამ მიზნით, მან ამ ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებთან, თავი მოუყარა სამხედრო დაჯგუფებას 175 000 ჯარისკაცის შემადგენლობით. ვლადიმერ პუტინმა უკვე დაიწყო დამაბნეველი გამოსვლები იმის მტკიცებით, რომ ნატო მის ქვეყანას საფრთხეს უქმნის. მან წამოაყენა ერთობ სადავო მოთხოვნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემცირდეს დაძაბულობა შექმნილ ვითარებაში. მაფიის ბოსის მსგავსად, ის ჯერ ქმნის პრობლემას, შემდეგ კი გთავაზობს მის გადაჭრას – ოღონდ გარკვეულ საფასურად

ერთ-ერთი შედეგი მისი ძალისხმევისა, არის ხვალინდელი ვიდეო- შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან, რაც განამტკიცებს რუსეთის ლიდერის საერთაშორისო პრესტიჟს, რასაც ის ასე ლამობს. უნდა ითქვას, რომ სწორედ რუსეთი აყალიბებს დავის კონტურებსა და მის შედეგს, იქამდე, ვიდრე მოხდება გასროლა. თავისი სურვილების ჩამონათვალში, რომელსაც ის არც მალავს, მან ჩართო: ნატოს გაფართოების ოფიციალურად შეწყვეტა, უცხოეთის სამხედრო დასწრების შეზღუდვა რუსეთის საზღვრებთან და უკრაინის ფაქტობრივი დანაწევრება. თუმცა, ჭეშმარიტი მიზანი გაცილებით ფართოა. რუსეთს სურს გააუქმოს უსაფრთხოების სისტემა ევროპაში, რომელიც 1991 წელს ჩამოყალიბდა. მას არ სურს შეიბოჭოს ძველი  ვალდებულებებითა და ნორმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში – სადაც მართალია ის, ვინც ძლიერია!

უკრაინა არის უახლოესი სამიზნე იმ საფრთხის გამო, რასაც ის წარმოადგენს. ეს საფრთხე არ არის სამხედრო და ის პოლიტიკურია. თუ სხვა დიდ, მართლმადიდებელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შეუძლია აყვავდეს თავისუფლებაში, მაშინ რუსებმა რატომ უნდა ითმინონ კორუმპირებული, გაბღენძილი, რეპრესიული და დრომოჭმული პუტინის ხელისუფლება? რუსი პროპაგანდისტები უკრაინას წარმოაჩენენ შეუმდგარ სახელმწიფოდ და ფაშისტურ ჯოჯოხეთად. ამდენად, უკრაინის წარმატება მრავალეროვნული, მრავალენოვანი, მრავალპარტიული დემოკრატიის სახით (რომლის პრეზიდენტი რუსულენოვანი ებრაელია), უბრალოდ დაუშვებელია.

მაისში, პუტინმა უკრაინას ,,ანტი- რუსეთი’’ უწოდა. ივლისში გამოაქვეყნა შეუსაბამო, უაზრო სტატია აკვიატებული იდეით, სადაც ამტკიცებს, რომ უკრაინელები და რუსები ,,ერთი ხალხია.’’ მათი გამიჯვნა ენობრივი, კულტურული და თვითმყოფადობის ნიშნით, თითქოსდა გარე ძალების ჩარევის ხელოვნური შედეგია. ის უკრაინელები კი, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ, უბრალოდ ცდებიან. პუტინს შესაძლოა სჯეროდეს თავის პროპაგანდის, ჩვენში კი ეს, მხოლოდ რისხვას უნდა იწვევდეს. უკრაინა ნამდვილი სახელმწიფოა და რუსეთმა 1994 წელს მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტია დადო (სანაცვლოდ, კიევმა უარი თქვა საბჭოთა ბირთვულ მემკვიდრეობაზე). ეს გარიგება, სახელწოდებით ბუდაპეშტის მემორანდუმი, იყო უპირობო და არ არსებობდა რაიმე დათქმა ან იმ ტიპის შენიშვნა, რომ ,,თუ ჩვენ არ მოგვეწონება თქვენი მთავრობა …’’

უკრაინის 40 მილიონიან მოსახლეობას არ შეიძლება მოეპყრო, როგორც პაიკს – ვიღაცის საჭადრაკო დაფაზე. მას აქვს თავისი ოცნებები, მისწრაფებები და რეალური მიზეზები უკმაყოფილებისა, განსხვავებით პუტინისგან, რომლის პრეტენზიები ხელოვნურია – ბოლოს და ბოლოს, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს 14 000 კაცი შეეწირა.

პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება, თუ გვაიძულებს გავიზიაროთ რუსეთის მსოფლხედვა, ის გაუსწორდება სხვა გამაღიზიანებლებსაც. პუტინმა შეიძლება მოითხოვოს შემდგომი დემილიტარიზაცია, ახლა უკვე მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად ის, რომ შეწყდეს ყოველგვარი სამხედრო სწავლება პოლონეთში, ბალტიისპირეთში და ნატოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან გავიდნენ. გრძელვადიანი ენერგეტიკული პროექტები გაზრდის რუსეთის როლს ევროპის გაზით მომარაგებაში და თუკი ნატო და ევროკავშირი წარმოაჩენენ თავის არაეფექტიანობას, მოსკოვი გააფართოებს თავის გავლენას შავ ზღვაზე, ასევე გაძლიერდება ყოფილ იუგოსლავიაში.

სხვა ქვეყნები ცხადად აცნობიერებენ ამ საფრთხეს. ხუთშაბათს, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ, ხაზგასმით შეაქო ნატო, როგორც ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის სტაბილურობას და თქვა, რომ რუსეთს არავინ ეკითხება – გადაწყვეტს მისი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებას, თუ არა. ნომინალურად ფინეთი არ შედის ნატოში, მაგრამ სინამდვილეში ის ალიანსთან უფრო მჭიდრო კავშირშია, ვიდრე ალიანსის ზოგიერთი უდარდელი წევრი.

ფინეთის წუხილი და მისი მხრიდან თავდაცვის ხარჯების ზრდა, ზუსტად ასახავს პუტინის დასავლეთისადმი პრეტენზიების უადგილობას. ნატო არ ფართოვდებოდა რაიმე საიდუმლო გეგმის მიხედვით, რომლის მიზანსაც რუსეთის ალყაში მოქცევა და მისი დამცირება წარმოადგენდა. ყველაფერი საპირისპიროდ იყო. რუსეთი გამუდმებით აშინებდა თავის მეზობლებს და სწორედ ამიტომ გაუჩნდათ მათ სურვილი გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. შვედეთმა 1990-იან წლებში  მოახდინა თავის თავდაცვის სტრუქტურის გაუქმება, ახლა კი გამალებით ზრდის თავდაცვის ხარჯებს და აძლიერებს კავშირს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან, რადგან რუსეთი მასაც გამუდმებით ემუქრება.

რუსეთმა თავად გამოიწვია ცვლილებები ნატოში, როცა ალიანსმა თავის შემადგენლობაში მიიღო ახალი წევრები, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულებიდან. მან ეს რუსეთთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთა და გულღიად შესთავაზა მას – ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა. 1997 წელს, ალიანსმა ხელი მოაწერა ფუძემდებლურ აქტს – რუსეთი-ნატო, 2020 წელს კი ერთობლივად შეიქმნა რუსეთ-ნატოს საბჭო. ალიანსს იმდენად სურდა პუტინის დამშვიდება და მისი გულის მოგება, რომ ის არ ატარებდა წვრთნებს ახალ ქვეყანა-წევრებში, არ ცდილობდა იქ უცხო ქვეყნის ჯარების განლაგებას და მოსკოვსაც არ ახსენებდა საფრთხეების ჩამონათვალში. ის უარს ამბობდა სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე იმ სიტუაციებისთვისაც კი, თუკი რუსეთი თავდასხმას დააპირებდა.

და მხოლოდ 2010 წელს, ნატომ, როგორც იქნა, შეცვალა თავისი სტრატეგიული კონცეფცია და მასში ჩართო თავისი აღმოსავლეთ წევრების დაცვა. ეს მოხდა 2007 წელს, ესტონეტზე მიტანილი კიბერშეტევის, 2008 წელს საქართველოში ომისა და 2009 წლის შემაშფოთებელი სამხედრო სწავლებების შემდეგ, როცა რუსეთმა დაიწყო ბალტიისპირეთზე თავდასხმის და ვარშავაზე ბირთვული დარტყმის სცენარების დამუშავება.

ამ შემთხვევაშიც, ნატოს პასუხი, მხოლოდ ქაღალდების შრიალით შემოიფარგლებოდა, მხოლოდ 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ალიანსმა განათავსა მცირე მოწინავე ძალები ესტონეთში, (ბრიტანული კონტიგენტის მეთაურობით), ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.

2021 წელს, მე ვამზადებდი ანალიტიკურ ანგარიშებს ბალტიის ზღვის რეგიონული უსაფრთხოების შესახებ. აქ სურათი, ჩვენთვის შემაძრწუნებელია. მოწინააღმდეგეს დიდი რიცხობრივი უპირატესობა აქვს ნატოს ძალებზე, ალიანსს, რეგიონში არა აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორ მანძილზე შეტევის საშუალებები. არ გვაქვს ამ რეგიონის სამხედრო- საზღვაო სტრატეგია, ხოლო მართვის სტრუქტურა მოგაგონებთ თეფშს სპაგეტით. ამ უმწეო ძალების საფრთხედ მონათვლა მოსკოვის მხრიდან, აბსურდულია, ისე, როგორც რუსეთის ალყაში მოქცევის წარმოდგენა. ნატოს ქვეყნებზე, რუსეთის სახმელეთო საზღვრების ერთი მეთექვსმეტედი მოდის.

ჩვენ უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ მისი პრეტენზიები – ბოდვაა. ჩვენ კი, ამის ნაცვლად, ერთმანეთში ვმსჯელობთ, როგორ მოვიგოთ მისი გული და როგორ დავამშვიდოთ ის.

 

By admin