Defence 24 პოლონეთი
მაქსიმილიან დურა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული ტანკების – Т-34-ის ეკიპაჟები, აგრძელებენ წვრთნებს პოლიგონებზე, ასევე აწარმოებენ სროლებს. ლაპარაკი არ არის, მხოლოდ მაისის გამარჯვების აღლუმზე
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დასავლეთ სამხედრო ოლქის – გვარდიის სატანკო არმიის, „კანტემიროვის“ სატანკო დივიზიის მძღოლ-მექანიკოსებმა, მიმდინარე წელს ისტორიული ტანკებით Т-34-85 1.5 ათასი კილომეტრი დაფარეს. საწვრთნელ ღონისძიებებში, მთლიანობაში მონაწილეობდა დაახლოებით 40 სამხედრო პირი და სამხედრო-სპეციალური ტექნიკის 10 ერთეული.
პოლიგონ გოლოვენკის „ტანკოდრომზე“ყოფნისას, Т-34-ებმა „გადალახა ციცაბო აღმართები და ფერდები, ტალახის აბაზანები, მორებით შეკრული ხიდები და ტანკსაწინააღმდეგო თხრილები.“ სამხედროებმა, ასევე დაამუშავეს საფარის გარეშე გზებსა და გაუვალ ტერიტორიებზე მანევრირების ხერხები.
ამ ამოცანების მოცულობა სცდება იმ ჩარჩოებს, რასაც ჩვეულებრივ მოითხოვენ, თუნდაც გამართული ისტორიული ტექნიკისგან. ამას გარდა, ლაპარაკი არ არის მანქანებზე, რომელიც მხოლოდ გამარჯვების აღლუმზე გამოიყენება. ტანკებს, რომლებსაც ამ ღონისძიებაზე გზავნიან, ამზადებენ მოსკოვისპირა ალაბინოს სპეციალურ მოედანზე, რომელიც წითელი მოედნის მაკეტს წარმოადგენს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ირკვევა, რომ სხვა პოლიგონებზეც, Т-34-ს, ისე ეპყრობიან, როგორც სახაზო შენაერთების სტანდარტულ სამხედრო ტექნიკას. ამ მანქანების ეკიპაჟთა მომზადების პროგრამა, მოიცავს ჯგუფურ სროლებსაც. ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ისტორიულმა ტანკებმა ძირითადად შეინარჩუნა საბრძოლო შესაძლებლობები და მათი ქვემეხები – სამუშაო მდგომარეობაშია.
2018 წელს, რუსებმა ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისგან გამოისყიდეს 30 ცალი Т-34, რომლებიც ლაოსის არმიის შეიარაღებაში შედიოდა. ისინი გაიგზავნა რუსეთის სარემონტო საამქროებში და ახლა უპრობლემოდ შეიძლება ჩაითვალოს მოქმედ ტექნიკად.
თავდაცვის სამინისტრო ამ მანქანებს, რა თქმა უნდა, არ ამზადებს საშტატო შენაერთებისთვის, თუმცა Т-34 დღემდე რჩება საბჭოთა კავშირის გამარჯვებისა და ჯავშან-სატანკო ძლევამოსილების სიმბოლოდ. თუ რამდენად მნიშვნელოვანია Т-34 რუსებისთვის, ამას მოწმობს ერთი ფაქტი: 2019 წელს, როცა ლაოსიდან ჩამოსული ტანკები რკინიგზით მთელი ქვეყნის სიგრძეზე გაატარეს, თითქმის ყველა ქალაქში, ეწყობოდა საზეიმო დახვედრა ვეტერანების, ჯარისკაცებისა და უბრალო მაცხოვრებლების მონაწილეობით.
რუსებს მშვენივრად ესმით, რომ Т-34 აღლუმებზე გაცილებით ეფექტურად გამოიყურება, თუკი ყველამ იცის: ის იმდენად კარგ მდგომარეობაშია, რომ ბრძოლაში ჩაბმაც კი შეუძლია. თითოეულ მოზრდილ ქალაქს სურს, რომ ჰქონდეს ასეთი მანქანა და ის გამოიყენოს, როგორც სახელმწიფო დღესასწაულების საკვანძო ელემენტი – ცდილობენ გააცოცხლონ ის Т-34-ებიც, რომლებსაც ადრე ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მაგალითად ულან-უდეში, პოსტამენტზე მდგარ ტანკს, ჩაუდგეს ახალი ძრავი და აქტიური მონაწილეობა მიაღებინეს ფორუმში – „არმია-2021“.
Т-34-ის მართვა პრესტიჟულად ითვლება. მისი ეკიპაჟის შესარჩევ კონკურსში, ერთ ადგილზე – 13 მსურველი მოდის.