Al-Quds დიდი ბრიტანეთი
დავიდ ომარ დაუდი
აშშ-ს სამხედრო დასწრების გაფართოებამ საბერძნეთში, კიდევ უფრო გაართულა, ისედაც არასახარბიელო ურთიერთობები ვაშინგტონსა და ანკარას შორის. მათ შორის დაძაბულობა იზრდება არაერთ სფეროში. ეს ეხება გაზის მოსაძიებლად გაჩაღებულ საერთაშორისო და რეგიონულ კონკურენციასაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. აშშ-მ თურქეთი გამორიცხა თავის გეგმებიდან ამ რეგიონში და ყურადღება საბერძნეთთან სამხედრო თანამშროლობაზე გადაიტანა – ისე, რომ არ აცნობა თურქულ მხარეს, რამაც თურქეთის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.
სამხედრო ბაზა ალექსანდრუპოლისში
თურქეთი შეშფოთებულია აშშ-ს მიერ სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნით ალექსანდრუპოლისში.
ამერიკელებმა ამ ბაზაზე გადაისროლეს ყველა სახეობის შეტევითი შეიარაღება: თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა. უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთ-თურქეთის საზღვარი, მხოლოდ 20 კოლომეტრია. ამას გარდა, ამერიკელების სამხედრო-საზღვაო ხომალდები განთავსდა კუნძულ კრეტაზე ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში – გაზის საბადოებთან ახლოს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ევროპის ტერიტორიაზე განლაგებულია არანაკლებ 50 სამხედრო ბაზა და აქედან 15 – საბერძნეთშია.
თურქეთი მიუხედავად უკმაყოფილებისა, აცნობიერებს, რომ აშშ-ს ბაზა ალექსანდრუპოლისში არ შექმნილა მის საწინააღმდეგოდ და რომ იყო სხვა ფაქტორებიც, რომელთა გამო, ვაშინგტონმა, ეს ნაბიჯი გადადგა. მათგან მთავარია – ვაშინგტონის მოსკოვთან კონკურენცია სხვადასხვა სფეროებში, რაც მოიცავს სამხედრო, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ ასპექტებს. ამერიკელებმა გაზარდეს სამხედრო დასწრება ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში, რათა დაასუსტონ რუსეთი.
ამას გარდა, თურქეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობით, საბერძნეთს მიეცა შესაძლებლობა, დაახლოებოდა ვაშინგტონს და წარმოჩენილიყო თურქეთის ალტერნატივად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან, ევროკავშირი ვერ განაწყო ანკარის წინააღმდეგ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ვაშინგტონი გააღიზიანა, არის ის, რომ თურქეთი უპირისპირდება ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც გაზის საძიებო სამუშაოებს ატარებენ კვიპროსის ირგვლივ, მაშინ, როცა თურქეთი ამ საქმიანობას თავად აქტიურად ეწევა.
ამას დაუმატეთ, ამერიკელების უკმაყოფილება იმ მემორანდუმის გამო, რომელიც თურქეთსა და ლიბიას შორის დაიდო და რომელიც საზღვაო ზონების განაწილებას ისახავს მიზნად.
ხმელთაშუა ზღვის გაზი – აშშ-ს სტრატეგიული მიზანი
თურქი ექსპერტები თვლიან, რომ ბაზა ალექსანდრუპოლისში, არ იქნება ჩვეულებრივი სამხედრო ბაზა, არამედ გადაიქცევა იმ გაზის შესანახ ცენტრად, რომელსაც სამომავლოდ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მოიპოვებენ. ეს გაზი კონკურენციას გაუწევს რუსულ გაზს ევროპულ ბაზრებზე. მეტიც, სამხედრო ბაზის თავდაპირველი დანიშნულება იყო საგაზო ობიექტებისა და მილსადენების დაცვა.
ამერიკის სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს: ქვეყნებს შორის საზღვრების დემარკაციას, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაზის საძიებო ინფრასტრუქტურის შექმნას და აირის, პორტ ალექსანდრუპოლისის გავლით, ევროკავშირისთვის მიწოდებას. ეს გაზი უნდა იქცეს რუსული გაზის ალტერნატივად, რომლის მიწოდები ჯაჭვის გაწყვეტასაც ცდილობს ვაშინგტონი.
ახალი სამხედრო ბაზის შექმნამ და რუსეთის სავაჭრო იზოლაციის სურვილმა, უბიძგა აშშ-ს ორი წლის წინ დაეწყო რკინიგზის აღდგენა, რომელიც ალექსანდრუპოლისს ჰელსინკისთან აკავშირებს.
ეს რკინიგზა გადის 12 ქვეყანაზე: ბულგარეთზე, სერბეთზე, კოსოვოზე, უნგრეთზე, სლოვაკეთზე, ჩეხეთზე, პოლონეთზე, ლიეტუვაზე, ლატვიაზე, ესტონეთსა და ფინეთზე.
მოკავშირეთა ურთიერთბრალდებები
თურქეთის რეაქცია ამერიკული სამხედრო ძალის გაძლიერებაზე საბერძნეთში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხდება ურთიერთბრალდებების გამო. ვაშინგტონი და ანკარა ერთმანეთს ვერ დათმობენ, სულ ცოტა, განჭვრეტად მომავალში და ორივე მხარე შეინარჩუნებს „ცუდ მშვიდობას“ ერთმანეთს შორის.
თურქები ვაშინგტონს ბრალს სდებენ იმაში, რომ მან ბერძნები ( არასასურველი მეზობლები) აირჩია თავისი სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისთვის და არა ისინი. თურქები ირწმუნებიან, რომ, როგორიც არ უნდა იყოს საბერძნეთი, ის ვერ ჩაანაცვლებს თურქეთს და რომ ალტერნატიული პორტებისა და ბაზების შექმნა ეგეოსის რეგიონში, ვერ იქნება გრძელვადიანი ეფექტის მომტანი (აშშ-თურქეთის გადაჯაჭვული ინტერესებიდან გამომდინარე).
თურქეთი, როგორც ჩანს, განარისხა იმედგაცრუებამ. ის ფიქრობდა, რომ ვაშინგტონი მას დამატებით უფლებამოსილებას მიანიჭებდა რეგიონში, იმ ფონზე, როცა ამერიკის დასწრება შემცირდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.
ანკარას, ალექსანდრუპოლისში ბაზის შექმნაზე მეტად, ვაშინგტონის ქცევა აწუხებს. მან გამორიცხა ანკარა თავის გეგმებიდან, მიუხედავადა იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია და შედის შვიდეულში, როგორც არმიის მოცულობით, ისე ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით. თურქეთი ხვდება, რომ ამერიკამ, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მიერ წარმართული პოლიტიკის გამო – ის არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს.
თურქეთი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ აშშ-მ თანამშრომლობისთვის მიმართა საბერძნეთს, რომელსაც არა აქვს შესაბამისი პოტენციალი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ წარმოიდგინეთ – ჩვენ ვართ ნატოს წევრი, ამერიკაც ნატოს წევრია და საბერძნეთიც. მაგრამ აშშ საბერძნეთს ყველაზე მეტად ეხმარება? თურქეთი, (ამერიკის შემდეგ) შედის შვიდეულში – ჯარისკაცების რაოდენობითა და ფინანსური მხარდაჭერის მხრივ. საბერძნეთი კი ბევრად დაბალ ნიშნულზეა. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის, იმედი გვაქვს საკუთარი თავის, ჩვენ ვართ ამ რეგიონის დამზღვევი და გარანტორი
ბლოკადისა და იზოლაციის პოლიტიკის დაბრუნება
შესაძლოა, აშშ-ს სურვილი, რუსეთი დასავლეთს ჩამოაშოროს, იყოს „რკინის ფარდის“ ჩამოშვების მცდელობა. ეს არის პოლიტიკური კლიშე, რომელიც განასახიერებს ბლოკადისა და იზოლაციის პოლიტიკას. „რკინის ფარდა“ აწესებდა სავაჭრო ბარიერებსა და მკაცრ კონტროლს, სსრკ-სა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების, ევროპის კაპიტალისტური სამყაროსგან იზოლირებისთვის.
ახლა, 75 წლის შემდეგ, ამერიკელები ისეთივე იზოლაციის პოლიტიკას ატარებენ, როგორსაც საბჭოთა „ბოროტების იმპერია“ ატარებდა, როცა რუსეთი არ აწვდიდა გაზს ევროპულ ქვეყნებს.