VG ნორვეგია
ალფ ბიარნე იონსენი
რიგა – იენს სტოლტენბერგი, 18 თვე ელოდა, რომ რუსეთი დათანხმებოდა -რუსეთი-ნატოს საბჭოს შეკრებას. ახლა 100 ათასი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან დგას და ალიანსის წევრებმა არ უწყიან, როგორ იმოქმედებს პუტინი მომავალში
„ჩვენ არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა რუსეთის ზრახვებზე. მაგრამ ზუსტად ვიცით ის, რომ უკრაინის საზღვრებთან და ამ ქვეყნის შიგნით, მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების გაუგებარი კონცენტრაცია“ – ამბობს ნატოს ხელმძღვანელი.
რიგასთან ახლოს განლაგებულ ნატოს მეწინავე ბატალიონს, თავს ათოვს. ნატოს მრავალეროვნული ძალები, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს – განუყოფელი ნაწილია ლატვიის მექანიზებული ბრიგადისა, რომელიც 1000 ჯარისკაცს ითვლის.
ორშაბათ დილას, როცა სტოლტენბერგმა ჩაატარა საერთაშორისო ძალების ინსპექტირება, პარადში მონაწილეობა მოისურვა, კარგად ნაპატიებმა, ჟღალმა ხვადმა კატამ.
საბედნიეროდ, ის არ იყო შავი ფერის და რაიმე უბედურებას, ცრუმორწმუნეთათვისაც კი არ მოასწავებდა.
თავის ტკივილი
„მაგრამ ჟღალ ოთფეხს, არც სტოლტენბერგისა და ნატოს, და არც ალიანსში შემავალი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მესვეურთა თავის ტკივილის დაამება შეეძლო. დასავლეთის დედაქალაქების ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ ვისთან ყოფნა სურს, -ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთა ლატვიამ 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ნატოს გაწევრიანების განაცხადი წარუდგინა.
ნატოს ქვეყნების საგარეო მინისტრები, რიგაში, ოთხშაბათ საღამოს შეიკრიბებიან. იქ იქნება ნორვეგიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი – ანიკენ ვიტფელდტიც. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს, რუსეთის მხრიდან, უკრაინის მიმართ – ძალის დემონსტრაცია.
„უკრაინის საზღვრებთან, რუსეთის მხარეს, ჩვენ ვხედავთ მძიმე ჯავშანტექნიკას, უპილოტო აპარატებს, აღჭურვილობას ელექტრონული და ჰიბრიდული ომისთვის და ათეულ ათასობით ჯარისკაცს. ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რას გეგმავს რუსეთი, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა ძალა უკრაინის წინააღმდეგ“- ამბობს სტოლტენბერგი
რუსეთი საფასურს გადაიხდის
პარასკევს, ნატოს მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთი საფასურს გადაიხდის, თუ მისი ჯარისკაცები გადალახავენ უკრაინის საზღვარს და რომ ამას მოჰყვება შედეგები.
კითხვზე, როგორი იქნება ეს შედეგები, სტოლტენბერგმა ასეთი პასუხი გასცა:
„გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. მაგრამ არ მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას, ვიდრე არ დავინახავთ, რა მოხდება. მთავარი მიზანი შეკავებაა – არ უნდა დავანებოთ რუსეთს, კვლავ გამოუყენოს ჯარი და ძალა“ – თქვა მან.
ანტირუსული ისტერია
რუსეთი, თავი მხრივ, უარყოფს, რომ რაიმე სახეობის შეიარაღებული ძალები, წარმოადგენს საფრთხეს უკრაინისთვის.
საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, ვითარება გამწვავდა აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების განცხადებების შემდეგ, რომ რუსეთი, თითქოსდა აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას. ამის შესახებ, ზახაროვამ ხუთშაბათს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწავლებები, საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე, მართლაც ჩატარდა და შენაერთების გადასროლაც მოხდა, თუმცა არა უკრაინის საზღვრებთან. ამ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის მკაფიო მიზანია – გააღვივოს ანტირუსული ისტერია, დასძინა ზახაროვამ.
განხეთქილება
ნატოს აღარ აქვს ოფიციალური კავშირი რუსეთთან. ამის თქმით, სტოლტენბერგმა მიუთითა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა დაეხურა ნატოს წარმომადგენლობა მოსკოვში და თავისი წარმომადგენლობა ბრიუსელში.
თუმცა, მანამდე, ნატომ გაუუქმა აკრედიტაცია 8 რუს დიპლომატს, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ დელეგაციაში. მოტივად ნატომ დაასახელა ის, რომ ეს ხალხი, დიპლომატიის ნაცვლად, დაზვერვით იყო დაკავებული.
რუსეთ-ნატოს საბჭო – 2019 წლის 5 ივლისიდან არ შეკრებილა. სტოლტენბერგმა ადრე VG-ს აცნობა, რომ არაერთხელ სცადა შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ რუსებმა არ უპასუხეს.
ორშაბათს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე – მირჩა ჯოანე, რამდენიმე დღის წინ, შეხვდა რუსეთის ელჩს ბელგიაში, თავად კი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს – ნიუ- იორკში ესაუბრა.
VG: რატომ ვერ ახერხებთ შეკავების ორფორმატიანი სტრატეგიის, პლუს დიალოგის რეალიზებას, ბატონო სტოლტენბერგ?
იენს სტოლტენბერგი: „ძალზე საწყენია, რომ რუსეთი აღარ მონაწილეობს რუსეთ-ნატოს საბჭოში. ბურთი ამჟამად რუსეთის მხარესაა. მაგრამ მე მჯერა რუსეთთან დიალოგის საჭიროების. ისინიც და ჩვენც დაინტერესებული უნდა ვიყოთ ურთიერთობის გაუმჯობესებით და თავი უნდა გავართვათ ამ ურთიერთობაში არსებულ სიძნელეებს.“
სწავლება
ნატოს მეწინავე ბატლიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ ბენსონმა, რიგასთან მდებარე პოლიგონზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე სწავლება – Winter Shield-ი, ყოველწლიური ღონისძიებაა და ის არ არის პროვოცირებული უკრაინასთან რუსეთის ძალების კონცენტრაციით და არც ბელორუსის მხრიდან მიტანილი დევნილთა შტურმით – ლიეტუვის ლატვიის და პოლონეთის საზღვრებთან.
„ჩვენ არ ვემზადებით რომელიმე ქვეყანასთან საბრძოლველად, უბრალოდ ვცდილობთ, მზად ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციიისთვის“- თქვა ბენსონმა.