Aftonbladet შვედეთი
ჰანს ვოლფგანგ მიქაელ ჰანსონი
ბევრი ოცნებობს საცხოვრებლად კალიფორნიაში ან ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს – რომელიმე ადგილას გადავიდეს, იქ სადაც მზეა. მაგრამ მათთვის, ვინც აქ უკვე ბინადრობს, ეს მხარე კოშმარი შეიქნა. სიცხე, გვალვა და ხანძარი, ამ სამოთხეს ჯოჯოხეთად ქცევას უქადის
მე იმათ რიცხვს ვეკუთნი, ვინც სტოკჰოლმის მიმდებარედ ცხოვრობს, მაგრამ მთელი კვირა სახლში გავატარე – 30 გრადუსიანი სიცხით გათანგულმა და ოფლად გაღვრილმა .რა იქნებოდა, 40-45 გრადუსში რომ მემუშავა, ამის წარმოდგენაც მზარავს. იმედია, არასდროს გამოვცდი.
კანადელების ფოტოების შემხედვარეს, სადაც ისინი განთხმულან ლეიბებზე – სტერილურ „ გამაგრილებელ ცენტრებში“ (ეს მოქალაქეები აქ სიცხეს გაექცნენ), ირეალური გრძნობა მეუფლება, თუმცა, ის რას დღეს ხდება – ჩვენი ახალი რეალობაა.
ბოლო ათწლეული ყველაზე ცხელია -ჩვენი პლანეტის განჭვრეტადი ისტორიის მანძილზე.
ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, პირველ რიგში – კანადაში, თანდათან მყარდება სიცხის ახალი რეკორდები – ეს გლობალური ტენდენციიაა, რომელიც გადასწვდა ტრადიციულად ცივ რეგიონებს – არქტიკას და ციმბირს. ამჯერად ყველაფერი აიხსნება უჩვეულო დამაბრკოლებელი ციკლონით, რომელიც, ექსპერტების თქმით, დამძიმდა გლობალური კლიმატური ცვლილებებით.
ისეთი სიცხეები დაიჭირა, რომ ხალხი კვდება. მსოფლიო ჯანდაცვას კიდევ ერთი კრიზისი დაერთო გამძვინვარებული პანდემიის პარალელურად.
ეს შემაშფოთებელია სიახლეა.
მყვირალა სატაურების მიღმა იკვეთება რეალობა, რომელიც დიდი ხანია გამოვიდა კონტროლიდან.
ვკითხულობ „ ნიუ იორკ თაიმსს“: ხანგრძლივი გავალვის გამო, კალიფორნიაში წყლის დეფიციტი გაჩნდა. დიდი ხანია არ უწვიმია. ფერმერებმა სარწყავად ზომაზე მეტად გამოიყენეს გრუნტის წყლები და მისი დონე შემაშფოთებლად დაეცა.
ფერმერებს მოუწიათ ხვნა-თესვაზე ხელი აეღოთ – მათ არ ჰქონდათ სარწყავი წყალი. ბრინჯის სათესების ერთი მეპატრონე გვიყვება, რომ მიწათმოქმედების ნაცვლად, საკუთარი წყლის გაყიდვა დაიწყო – მოგება იდენტურია. მეორე ფერმერი ამბობს , რომ გაჩეხა ნუშის ხეები, რომლებსაც ხშირი რწყვა სჭირდება. უახლოეს წლებში, ალბათ შეწყვეტს საკუთარი მიწების 30-40 პროცენტის დამუშავებას. კალიფორნიაზე – ამერიკაში მოწეული ხილისა და კაკლის 2/3 მოდის, ასევე, ბოსტნეულის 1/3. წყლის გარეშე მათი მოყვანა ვერ ხერხდება.
წყლის მოხმარების შეზღუდვა უბრალო მოქალაქეებსაც მოუწიათ. რაკი ადამიანები ვერ ახერხებენ გაზონების მორწყვას, ბოლო წლებში გაჩნდა ახალი ბიზნეს-იდეა. თუმცა ფირმები, რომლებიც ბალახს მწვანედ ღებავენ, კიდევ უფრო ამძიმებენ ანტიუტოპიის ატმოსფეროს. აშშ-ს დასავლეთ ნაწილში მცხოვრები 60 მილიონი ადამიანი გვალვისგან იტანჯება. ამერიკის გვალვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თითქმის ნახევარი ამ ტერიტორიებისა, შეიძლება შეფასდეს , როგორც ძლიერ ან უკიდურესად მშრალი და მათი არეალი იზრდება.
თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ამას თან დაერთო ხანძრები. გასულ წელს კალიფორნიამ რეკორდი დაამყარა: ცეცხლმა გაანადგურა 4 მილიონი აკრი მიწა. წელს უარესს ელიან. აქა-იქ ხანძრები უკვე დაიწყო – ახლა ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.
ბევრს ახსოვს 2018 წლის სურათები ქალაქ ფარადაიზიდან, სადაც ხანძარმა გავრცელების მარშრუტზე შთანთქა ყველაფერი. მას 85 ადამიანის სიცოცოხლე ემსხვერპლა. მათ, ვინც ყოველწლიურად უშუალოდ ხანძრისგან იღუპება, ემატება რამდენიმე ათასი დაკვამლიანებისგან უდროოდ დაღუპული. ყველას ეშინია, რომ სიცხეს კანადაში ტყის ხანძრები მოჰყვება, რაც ურთულესი ჩასაქრობი იქნება.
კი, მაგრამ ადრეც ხომ ცხელოდა – იტყვის ზოგიერთი, მათ შორის კანადელი. ეს სიმართლეა. ბევრი რეკორდი, რომელიც დღეს კანადაში მოიხსნა, 1930-იან წლებშია დამყარებული. სხვაობა ისაა, რომ ახლა ექსტრემალური სიცხის პერიოდები გახშირებულია. სწორედ ამას წინასწარმეტყველებდნენ მეცნიერები, რომლებიც მიუთითებდნენ კლიმატურ ცვლილებებზე, რაც ანთროპოგენული – ნახშირბადოვანი გაზების გაფრქვევითაა გაპირობებული.
„ეს არის დაუსრულებებლი საგანგებო სიტუაცია – ამბობს შტატ ვაშინგტონის გუბერნატორი ჯეი ინსლი – ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ პრობლემის წყარო, ეს კლიმატური ცვლილებებია“.
იქმნება პარადოქსული სიტუაცია. რაც უფრო ცხელა, მით მეტად მოიხმარენ ადამიანები კონდიციონერს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ვარაუდობს, რომ კონდიციონერზე მოთხოვნა 1.6 მილიარდი ერთეულიდან, 5.6 მილიარდ ერთეულამდე გაიზრდება. ამით მოიმატებს მავნე ნივთიერებების გამოყოფა, ჩვენ ხომ ელექტროენერგიას წიაღისეული საწვავის გადამუშავებით ვიღებთ! აშშ-ს დასავლეთი შტატები და კანადა მიიჩნევა საცხოვრებლად ყველაზე მიმზიდველ ადგილებად მსოფლიოში. ქალაქები – ვანკუვერი და სიეტლი – მუდმივად ლიდერობს იმ რეიტინგებში, რომლებიც ცხოვრენის ხარისხის კვლევით დგინდება. სამხრეთ კალიფორნია ხომ, მისი მზითა და კლიმატით, უბრალოდ საარაკოა.
მაგრამ ახლა ეს სამოთხე იცვლება. არსებობს რისკი, რომ აქედან ხალხი მასობრივად დაიძვრება.
საკითხავი ისაა, საითკენ – ამ სამყაროში ხომ ყველგან დასცხება.