Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

UA უკრაინა

კონსტანტინ ელისეევი

 

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის კომენტარების შემდეგ, რომ ალიანსის სამიტი ბრიუსელში ,,მხოლოდ წევრებისთვის’’ გაიმართება, საბოლოოდ გაირკვა: უკრაინას ადგილი მიუჩინეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკის პერიფერიაზე. ეს ფაქტი მამხილებელიცაა, რადგან კონკრეტული მაგალითი ააშკარავებს ზელენსკის დიპლომატიის დაგროვილ შეცდომებს. საჭიროა გაკეთდეს დასკვნები

რა თქმა უნდა, ხელისუფლების აპოლოგეტები თავიანთ კომუნიკაციაში ჩაეჭიდებიან სტოლტენბერგის განმარტებას, როგორც ხავსს. თუმცა შევახსენებთ, რომ 2018 წელს, ნატო ასევე აპირებდა მოკავშირეების შეკრებას ,,ოჯახური შეხვედრის’’ ფორმატში და საამისოდ გამოიყენა აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, ტრამპის ვიზიტი ბრიუსელში, თუმცა მაშინ, კიევმა სხვა პარტნიორებთან, უპირველესად საქართველოსთან ერთად, მოახერხა გამოეძებნა ისეთი ფორმატი, რომლის საშუალებითაც ის მიიწვიეს ალიანსის სამიტზე – თანაც, ეს მოხერხდა უნგრეთის ძაფრი  წინააღმდეგობის მიუხედავად.

გავარკვიოთ ამჯერად რა ვერ არის რიგზე.

  1. უკრაინის არყოფნა ნატოს სამიტზე, არის დამატებითი მტკიცებულება, ხელისუფლებაში სტრატეგიული ხედვის უქონლობისა. შეხვედრის წინ გაკეთებული ყველა განცხადება და ქმედება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ამის შესახებ, თითქოს გუშინ გაიგეს. ნათელია, რომ ასეთი მიდგომით, ყველაფრის ბოლო წუთებისთვის მოტოვებით, არაფერი გამოგივა. ამ ფონზე, ნატოს გენმდივნის განმარტებაც სწორად უნდა გავიგოთ. ის არ არის პასუხისმგებელი უკრაინის არაშორსმჭვრეტელობაზე, რომელმაც დაკარგა კიდევ ერთი შანსი. ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობის პერსპექტივა წინასწარ არის გასათვლელი, რადგან უკრაინისთვის დეკლარირებული ღია კარის ღრიჭოში შეძვრომა, ყოველთვის რთული იყო. პროფესიონალებმა ეს კარგად იციან. 2018 წელს, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა როგორღაც მოახერხა მიეწვიათ ასეთ სამიტზე და შეხვედროდა პრეზიდენტ ტრამპს, თანაც ჰელსინკში, აშშ-რუსეთის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე.
  2. ზელენსკის დიპლომატია ხელმოწერით ადასტურებს თავის უუნარობას – წაიკითხოს საერთაშორისო კონტექსტი. წესი ერთია: ყოველთვის უნდა იყო მოვლენათა ეპიცენტრში. ბრიუსელში, ნატოს სამიტზე არყოფნა, სიგნალია პუტინისთვის – უკრაინისთვის მიჩენილ ადგილზე ტრანსატლანტიკური კოორდინატების სისტემაში. სამაგიეროდ ზელენსკისთვის, კაცმა რომ თქვას, უფრო კომფორტულია იქ არყოფნა, როგორც ეს ვნახეთ ყატარში ვიზიტის დროს, როცა საჭირო იყო წინა ხაზზე ყოფნა დონბასში, სადაც პუტინი ,,მოთელვას’’ უტარებდა საკუთარ ჯარებს ჩვენს საზღვრებთან, ან ისე, როგორც ეს კლიმატურ სამიტზე მოხდა აპრილის თვეში. არადა კიევის მონაწილეობის საფუძველი საკმარისად მტკიცე იყო: გავიხსენოთ, რომ პარიზის შეთანხმებას, ლამის პირველები შევუერთდით. ან შვიდეულის სამიტი მოვიგონოთ, სადაც ,,მეგობარმა მაკრონმა’’ გადაწყვიტა ბელორუსი ოპოზიციონერების მიწვევა.
  3. ზელენსკი ქმნის საშიშ პრეცედენტებს, რომლებიც შესაძლოა პერსპექტივაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ასეა მოწყობილი დიპლომატია, რომელშიც მთავარი საფუძვლის ( ხელოვნურის და კრეატიულის ან ობიექტურის) შექმნაა, რომლითაც მეგობრებს შეეძლებათ უკრაინის დახმარება, ხოლო ოპონენტების – იმავე ნიადაგზე განიარაღება. იმავდროულად, 2019 წლის დეკემბერში ნატოს საიუბილეო სამიტზე უკრაინის არყოფნის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის უდრტვინველი პოზიციის გათვალისწინებით, ჩვენმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნის უგულვებელყოფა – კიევისთვის ხომ ეს, არც ისე პრინციპული საკითხია.
  4. დიპლომატია მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, სწორედ ასეთია ახლანდელი მიდგომა, რომელიც განწირულია რეგრესისთვის. მთავარი მაყურებელი ამ ისტორიისა კი უკრაინაში კი არა, მის გარეთაა. პარტნიორებმა უნდა გაიგონ უკრაინის პრიორიტეტები, თუ საითკენ მოძრაობს ქვეყანა. მაშინ მიწვევაც ძალდაუტანებლად მოხდება. ახლა ხელთ გვაქვს ,,შავი ნიშანი,’’ რომელი უნდა შეიცვალოს არა შემდგომი ციკლის დაგეგმარებასა და შეფასებაზე ლაპარაკით, არამედ, თუნდაც პირდაპირი სატელეფონო საუბრით სტოლტენბერგთან.

 

  1. პარტნიორებთან კონტაქტი უნდა ხორციელდებოდეს, არა სამარქაფო პრინციპით. ის უნდა დაიგეგმოს „ერთი ნაბიჯით ადრე.’’ სამიტის გამოტოვების საფრთხის გამო, ,,პირველის’’ ტელეფონს ცეცხლი უნდა ეკიდოს ნატოს ყველა საკვანძო დედაქალაქებთან საუბრებით. ზარები უნდა იყოს კიევიდან და არა კიევში.

და ბოლოს: რა თქმა უნდა შესაძლებელია ყველაფრის სხვა დონეებისთვის გადაბარება, მაგრამ შედეგიც სხვაზე მინდობილი იქნება. ყველაფერს უმაღლესი დონის კონტაქტები წყვეტს. ზელენსკი უნდა ესწრაფოდეს, რათა პარტნიორებმა თავისიანად მიიღონ. ამის ნაცვლად, ის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას ცდილობს და სამშვიდობო შეთანხმებაზე ბოდვით არის დაკავებული.

By admin