Berliner Zeitung გერმანია
Der Spiegel-თან ინტერვიუში, რიჰარდ დავიდ პრეხტმა მკაფიოდ განაცხადა: გერმანელი მშობლები შვილებს საომრად არ გაუშვებენო
ფილოსოფოსი რიჰარდ დევიდ პრეხტი შეუერთდა დისკუსიას სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის შესახებ. Spiegel-ის ჟურნალისტმა ფელდენკირხენმა მიმართა ფილოსოფოსს: „თუ პუტინი გამოჩნდა ჩვენს ზღურბლთან, თუ ჩვენი ბედი სასწორზე დაიდო, უნდა ვიყოთ თუ არა მზად? ამ შემთხვევაში გერმანიას, რომლის თავდაცვისუნარიანობა დაბალია, სასწრაფოდ დასჭირდება მეტი იარაღი და შესაძლოა სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენაც.”
თუმცა პრეხტი სიმტკიცეს ინარჩუნებს: არა, ეს არ არის სწორი, რადგან გერმანია ვერ წარმართავს ომს, თუნდაც მნიშვნელოვანი სახსრები მივმართოთ ხელოვნური ინტელექტისა და კიბერომების წარმოების განვითარებაზე, როგორც ეს დღეს იგეგმებაო. ჟურნალისტი არ ნებდება და მის ხმაში ჩნდება მუდარის ტონი: „რატომ არ შეუძლია გერმანიას თავის დაცვა? აქ ხომ ლაპარაკია იმ შემთხვევაზე, როცა თავს გესხმიან და გიწევს თავის დაცვა“.
პრეხტი პასუხს სცემს: „იმიტომ, რომ მე ვერ წარმომიდგენია ახალგაზრდა – საშუალო სტატისტიკური გერმანული ოჯახიდან, რომელიც ომში წავა“. ამას ძნელია არ დაეთანხმო. პრეხტი თვლის, რომ შეუძლებელია სოციალური ცვლილებები – ერთი ხელის მოსმით უკან დააბრუნო: „სენსიბილიზაციის პროცესი, რომელსაც ჩვენ გავდიოდით ბოლო ათწლეულებში, 3-4 წელიწადში, უკან ვერ დაბრუნდება“. ჩვენ გავხდით ზედმეტად რბილები, ზედმეტად ნაზები, გამოუსადეგარნი ომისთვის, არასაკმარისად გამბედავები – ეს არის ის, რასაც გულისხმობს პრეხტი, როცა ამბობს: „ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ ბოლო პერიოდში – არიან ფუფუნებაში მცხოვრები საზოგადოების პირმშოები, საზოგადოებისა მომეტებული მგრძნობელობით.“
პრეხტი არ იცნობს ვინმეს, ვინც შვილს ომში გაგზავნის
მწერალმა და ფილოსოფოსმა აღნიშნა, რომ დღეს ბევრი ჟურნალისტი გამოდის შეიარაღებისა და სამხედრო ვალდებულების აღდგენის მოთხოვნით. თუმცა პრეხტი დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება იმ მოსაზრებას, რომ ეს იდეები პოპულარულია ფართო ფენებში. მისი პოზიცია შეიძლება მივიღოთ, როგორც პასუხი – სამხედრო და უსაფრთხოების ექსპერტების ზენკე ნატცელის და კარლო მასალას განცხადებებზე, რომლებიც ამა თუ იმ თოქ-შოუში, მხარს უჭერენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას. ამასწინათ, ისინი ერთობლივ პოდკასტში საუბრობდნენ ტელეარ NTV-ზე. შესაძლოა ევროპამ გააცილა ბოლო მშვიდობიანი წელიო, განაცხადა ნატცელმა – ამის შემდეგ, იგი მუდმივად არის მედიის ყურადღების ცენტრში.
პრეხტი სხვაგვარად ფიქრობს: მის სანაცნობო წრეში არ არის ერთი ადამიანიც, რომელიც საკუთარ შვილს ომში გაგზავნის. ის დასძენს: „ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მიგრანტების ხელით. და კიდევ, მემარჯვენე ორიენტაციის ერთი მუჭა ენთუზიასტების საშუალებით“.