iDNES.cz ჩეხეთი
ანდორ შანდორი – კონსულტატი უსაფრთხოების სფეროში, ჩეხეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი
სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. უკრაინის საქმეები რუსეთთან ომში, ცუდად მიდის – მისი არმიის ბედი გაურკვეველია. თუ შეიარაღებული კონფლიქტი გაგრძელდა და სამშვიდობო გამოსავალი ვერ მოიძებნა, უკრაინა მძიმე დღეში აღმოჩნდება, ამბობს მრჩეველი უსაფრთხოების სფეროში – ანდორ შანდორი
უკრაინული არმიის მდგომარეობა სავალალოა, ამას უკვე არავინ მალავს, მათ შორის, არც ამ არმიის მეთაურობა. ფრონტის მთელ ხაზზე, რომლის სიგრძე 1000 კილომეტრს აღემატება, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები – ომი გამოფიტვაზე. ზოგან რუსები გადადიან შეტევაზე და აღწევენ ტაქტიკურ წარმატებას.
მთელი სისრულით ჩანს ის რომ, რასაც დასავლეთი კონფლიქტის დაწყებიდან უკრაინას აწვდის, აწვდის მცირე რაოდენობითა და დაგვიანებით. ობიექტურად, ეს სიტუაცია შედეგია იმ კონცეფციისა, რომლის მიხედვითაც ხდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შემავალი არმიების შეიარაღება. ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის ამერიკის შეერთებული შტატები.
ირკვევა, რომ არჩევანი ხარისხის სასარგებლოდ, აგებს ერთ დროს საბჭოურ, ახლა კი რუსულ სტრატეგიასთან, რომელიც ორიენტირებულია რაოდენობაზე. ამასთან, მართალია რუსები ასევე მუშაობენ თანამედროვე იარაღის შექმნაზე, მაგრამ მათ უკრაინაში ხშირად ვერ ნახავთ.
რუსული აგრესიის დაწყებისთანავე, არაერთხელ მოვისმინეთ აღფრთოვანება მაღალტექნოლოგიური იარაღით, რომელსაც უკრაინა პერიოდულად იღებდა ამერიკელებისგან, ბრიტანელებისაგან, ფრანგებისგან, მოგვიანებით კი გერმანელებისგან. გავიხსენოთ ბრწყინვალე ამერიკული რეაქტიული სისტემა „ჰაიმარსი“ ან თურქული დრონი „ბაირახტარი“ და ა.შ. მაგრამ რუსები ყოველ ჯერზე ახერხებდნენ მათი ეფექტიანობის განეიტრალებას. იგივე მოხდება ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების ATACMS-ის შემთხვევაშიც, რომელიც კიევმა როგორც იქნა მიიღო. ამიტომ უკრაინელები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გამოიყენონ ეს რაკეტები, ვიდრე მათ ეფექტიანობასაც რუსეთი ნულამდე არ დაიყვანს – თუ ეს აქამდე ვერ შეძლო.
იმის რწმენა, რომ დაგვიანებით მიწოდებული F-16-ები უზრუნველყოფს გარდატეხას ფრონტზე, ისეთივე გულუბრყვილობაა, როგორც ის, რომ რუსები არაფერს იღონებენ მათი საბრძოლო ღირებულების გაუფასურებისთვის. ბოლოს და ბოლოს, რუსული მოდელის ეფექტიანობა, საკუთარ თავზე იწვნია გერმანულმა ვერმახტმა აღმოსავლეთ ფრონტზე. მაღალტექნოლოგიურ გერმანულ ტანკები დამარცხდა ესპლუატაციისა და მომსახურების მხრივ, გაცილებით მარტივ T-34-თან. ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვიქილიკოთ იმაზე, რომ დიდი დანაკარგების გამო, რუსები საწყობებიდან იღებენ ძველ ტექნიკას, მაგრამ მისი გამოყენება ემსახურება მოწინააღმდეგის გამოფიტვას. როგორც ჩანს, ეს მიდგომა მუშაობს და აადვილებს დასახული მიზნის მიღწევას.
კიდევ ერთი: ამ ძველი ტექნიკის გამოყენება უადვილდებათ თადარიგის სამხედროებსა და მობილიზებულებს, რომლებითაც რუსული არმია ახდენს დანაკარგის შევსებას, განსხვავებით მათი მოწინააღმდეგებისგან, რომელიც ძირითადად დასავლური ტექნიკით სარგებლობს. სამწუხაროდ მსოფლიოში ცოტა დარჩა ქვეყანა , რომელსაც ეს ძველი ტექნიკა აქვს და მზადაა გადასცეს ის უკრაინას. ისიც ვთქვათ, რომ რომელიღაც ეკვადორს, ურჩევნია რუსული ბაზარი შენარჩუნოს საკუთარი ბანანის მოსავლის გასასაღებლად.
„პეტრიოტების“, „ატაკამსების“ და სხვა კომპლექსების გამოყენებისას შეიძლება დაიხმარო დასავლელი ინსტრუქტორები, მაგრამ ტანკების, ჯავშანმანქანების, არტილერიისა და სხვა სისტემების სამართავად, დასავლური კადრებით მასობრივად ვერ ისარგებლებ. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი პირდაპირ უნდა ჩაერთოს კონფლიქტში. მეტიც, არავინ ლაპარაკობს იმაზე, როგორი რთულია სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკის ლოგისტიკური უზრუნველყოფა დასავლეთის ქვეყნებიდან.
შარშანდელი კონტრშეტევა, რომელიც ჩაფლავდა, უკრაინული არმიის მთავარსარდალმა გენერალმა ზალუჟნიმ დაიწყო დასავლური სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერ მოხერდა რუსული თავდაცვის გარღვევა, ის მიუბრუნდა საბჭოთა არმიის დოქტრინას, თუმცა ვერც ამან მოიტანა სასურველი შედეგი. ყოველივე ამით, მოინიშნა ის საზღვრები, რომლის ფარგლებში შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას.
არა, არ ვამბობთ რომ უკრაინელები მუდმივად იმყოფებიან წამგებიან სიტუაციაში. თუმცა ყველა წინა უდავო წარმატება, იგივე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების განადგურება, მინიმალურად აისახება ფრონტის ხაზზე (თუკი საერთოდ აისახება). მართებული და მტკივნეული დარტყმებიც რუსეთის ზურგში (უპირატესად უპილოტოებით), მხოლოდ აძლიერებს რუსულ აგრესიასა და იერიშებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო ეფექტიანი საჰაერო თავდაცვა მხოლოდ კიევის თავზე ხერხდება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის შეცვლა და სერგეი შოიგუს გადაყვანა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად, მიუთითებს, რომ ის ძველებურად სარგებლობს პრეზიდენტ პუტინის ნდობით, ასე რომ, უცვლელია ის მიზნები შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელთა მიღწევასაც კრემლი ცდილობს. ფრონტზე არსებული ვითარება მოწმობს იმას, რომ თუ შეიარაღებული კონფლიქტი გაგრძელდა და სამშვიდობო გამოსავალი ვერ მოიძებნა, უკრაინა, დიდი ალბათობით, ძალზე ცუდად დაამთავრებს.