The Economist დიდი ბრიტანეთი
უკრაინაში – რუსეთის სამხედრო ქმედებების შედეგად, გამოიკვეთა ახალი ევროპის კონტურები. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან ნატოს უერთდება ფინეთი და შვედეთი. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ამ კლუბში (27 ქვეყანა) გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. სიღრმისეული ცვლილებები მიმდინარეობს ევროპის ისტორიულ ცენტრში. უხერხული პაუზის შემდეგ, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ცდილობენ გაარკვიონ, რას მოასწავებს ყოველივე ეს მათი ქვეყნებისთვის და როგორ უნდა გადაილახოს, მათ შორის არსებული უთანხმოება
დაიწყო ფრანკო-გერმანული გადატვირთვა, სულ მცირე სიმბოლურად მაინც. 6 ივლისს შოლცმა მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი ქალაქ პოდსტდამში, სადაც კანცლერი ცხოვრობს. მათ ისეირნეს წარმტაც ქალაქში, შემდეგ კი ისადილეს 3 საათის განმავლობაში. ეს არის ნაწილი იმ ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია ურთიერთზე გულისწყრომის ხანგრძლივი პერიოდის გადალახვისკენ. გასულ შემოდგომაზე, სიტუაცია კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდა, როცა საფრანგეთმა გადაავადა მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი სხდომა, რომლიც უკვე გაიმართა. გერმანელებმა კი მიიწვიეს მაკრონი სრულფასოვანი სახელმწიფო ვიზიტით და ეს მოხდა პირველად ბოლო 23 წლის განმავლობაში.
თითოეული ქვეყანა აწყდება პრობლემებს, რომლებიც ემუქრება მათ საფუძვლებს. შეიარაღებულმა კონფლიქტმა უკრაინაში, თავდაყირა დაააყენა გერმანიის ომისშემდგომი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ეფუძნებოდა იაფ რუსულ ენერგორესურსებს და ჩინეთში ექსპორტს. ქვეყანამ უარი თქვა რუსულ გაზზე. ათწლეულების განმავლობაში, ბერლინი არ ცნობდა ხისტი ძალის გამოყენებას, მაგრამ ახლა ის ახორციელებს გულუხვ მიწოდებებს უკრაინაში. ის ხარჯავს დამატებით 100 მილიარდ ევროს გადაიარაღებისთვის. დიდი დრო ჩაივლის, ვიდრე Zeitenwende (ისტორიული შემობრუნების მომენტი) გამოიღებს ნაყოფს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, გერმანია იცვლება.
საფრანგეთში ძვრები არ არის ასეთი თვალშისაცემი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქ ლაპარაკი არ მიდის ეკონომიკურ მოდელზე, რადგან ეს ქვეყანა ნაკლებადაა დამოკიდებული ექსპორტზე, ვიდრე გერმანია. დიახ, ატომური ენერგეტიკის წყალობით, საფრანგეთი არ არის მიბმული რუსულ გაზზე. საფრანგეთი დღეს უფრო მეტად ევროპული საზღვრების, ალიანსის, უსაფრთხოების საკითხების გადააზრებითაა დაკავებული. საფრანგეთი ტრადიციულად არ არის გამსჭვალული ენთუზიაზმით ევროკავშირის გაფართოების მიმართ – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ის უმცროს პარტნიორებად განიხილავს. 2003 წელს, პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ამრეზით უარყო ევროკავშირის მოსურნე ევროპის ქვეყნები, რაკი მათ მხარი დაუჭირეს ამერიკის ერაყში შეჭრას (საფრანგეთი ამას ეწინააღმდეგებოდა) და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებმა „ხელიდან გაუშვეს შანსი – ხმა გაეკმინდათ“. 2018 წელს, საფრანგეთმა ვეტო დაადო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წევრობას ევროკავშირში.
რუსეთის სამხედრო ოპერაციამ დააჩქარა სტრუქტურული ძვრები. სიახლე იყო – საფრანგეთის მხრიდან ევროკავშირის გაფართოების იდეის მხარდაჭერა. გასული წლის ივნისში, კიევში ვიზიტის დროს, მაკრონი გამოვიდა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინადადებით. საფრანგეთმა გააუქმა ვეტო ალბანეთისა და მაკედონიის მოთხოვნაზე, რომლებიც გამოთქვამდნენ ალიანსის წევრობის სურვილს. 31 მარტს, სლოვაკეთში ყოფნის დროს, მაკრონმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოხდეს, „რაც შეიძლება სწრაფად“. „ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს არა ის, უნდა გავფართოვდეთ თუ არა, არამედ ის – თქვა მან – როგორ უნდა მოხდეს ეს“. ახსენა რა შირაკი, მაკრონმა აღიარა დამსწრე ცენტრალური და აღმოსავლეთევროპული აუდიტორიის წინაშე: „დროდადრო, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ მოსმენის შესაძლებლობას“.
ასეთი განცხადებები ამშვიდებს და იმედით აღავსებს მათ, ვინც შიშით ეკიდებოდა მაკრონის პოზიციას ევროპის პოლიტიკური ერთობის მიმართ, ვინც ფიქრობდა, რომ ეს იყო სატყუარა, რომელიც გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაემუხრუჭებინა ევროკავშირის გაფართოების პროცესი. ეს პლატფორმა ითვალისწინებს, ბრიტანეთიდან საქართველომდე წელიწადში 2-ჯერ კონფერენციების გამართვას. თანამეგობრობის მეორე სხდომა გაიმართა 1 ივნისს, 20 კილომეტრში უკრაინის საზღვრიდან. რაკი სამიტს ესწრებოდა პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, შეხვედრა ემსახურებოდა მეომარი უკრაინისა და მასპინძელი მოლდოვას ერთიანობის დემონსტრირებას. ახლა საფრანგეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთით. მაკრონის ყოფილმა მრჩეველმა ევროპის საკითხებში – ალეკსანდრ ადამმა, ამასწინათ დაწერა, რომ რუსეთის ტერიტორიულმა რევიზიონიზმმა, გაფართოება აქცია „გეოპოლიტიკურ აუცილებლობად…. აღარ არსებობს სტაბილური რუხი ზონა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, დღეს ამგვარი რამ შეუძლებელია.“
მეორე სტრუქტურული ძვრა საფრანგეთში, ეხება უსაფრთხოების სფეროს. მაკრონს სურს, რომ ევროპამ მეტი გააკეთოს საკუთარი თავდაცვისათვის და ის ნაკლებად იყოს დამოკიდებული ამერიკაზე, მით უფრო არჩევნების წინ, რომელიც 2024 წელს უნდა გაიმართოს. ევროპელებს ჯერ კიდევ აშინებთ, რომ ასეთი მცდელობები შეანელებს ამერიკის ძალისხმევას, უზრუნველყოს კონტინენტის უსაფრთხოება. მაგრამ ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების კვალად, საფრანგეთი უფრო ხისტი ხდება. ბრატისლავაში მაკრონი გამოვიდა მოწოდებით, უკრაინისთვის მკაფიოდ განესაზღვრათ „ნატოს წევრობის გზა“ ვილნიუსის მომავალ სამიტზე, ივლისის თვეში. მიუხედავად ასეთი რადიკალური ფერიცვალებისა, ფრანგი ლიდერი, რომელიც 2019 წელს საუბრობდა ნატოს „ტვინის კვდომაზე“, ჯერჯერობით მაინც თავს იკავებს იმ პოზიციისგან, რომ ალიანსმა უნდა იმოქმედოს ევროპის საზღვრებს მიღმაც.
დღეს საფრანგეთში სერიოზულად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მიეცეს უკრაინას უსაფრთხოების სრულფასოვანი და საიმედო გარანტიები. 19 ივნისს, პარიზში შეიკრიბებიან თავდაცვის მინისტრები, რათა ისაუბრონ ევროპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და „ სიღრმეში წვდომის საშუალებებზე.“ მაკრონმა ისიც კი თქვა, რომ დისკუსიის დღის წესრიგში უნდა განხილულიყო საფრანგეთის ბირთვული იარაღის საკითხი“.
დღეს გერმანია და საფრანგეთი ფიქრობენ ახალი ევროპის ჩამოყალიბებასა და იმაზე, თუ როგორ მოერგონ ახალ პირობებს. ამ დისკუსიებში წარმოჩნდება მრავალი წინააღმდეგობა. ერთი ლიდერი სტყვაძუნწი და ფრთხილია, მეორე პრეტენზიული და რისკიანი. ამდენად მათთვის ძნელია საერთო ენის გამონახვა. ახლა ისინი ეთანხმებიან გაფართოების იდეას, მაგრამ მოუწევთ მრავალი დაბრკოლების გადალახვა, რათა შეთანხმდნენ ახალ სამოქმედო წესებზე ევროკავშირის შიგნით. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ატომური ენერგეტიკის, შეიარაღების შესყიდვისა და საბიუჯეტო საკითხებში. გერმანია, ისე როგორც ამერიკა, შიშით ეკიდება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ის წონასწორობიდან გამოჰყავს მაკრონის სწორხაზოვან პოლიტიკას. საფრანგეთში კი არ მოსწონთ ქაოსი მმართველ კოალიციაში და მისი სიზანტე.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში – ევროპელებს ასწავლა, რომ მათი კონტინენტური ორგანიზაცია, ყველა გამოვლინებით, გაცილებით ფართოა, ვიდრე პარიზისა და ბერლინის კავშირი. დღეს ბერლინი ნაკლებად წუხს საფრანგეთის ქმედებებზე, ხოლო საფრანგეთი მეტ მზაობას იჩენს საიმისოდ, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირის სხვა ქვეყნებისკენ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირში არაფერი ხდება საფრანგეთისა და გერმანიის მოურიგებლად. როგორც წესი, ისინი განსხვავებულად ჭვრეტენ ბევრ საკითხს, მაგრამ ჰყოფნით ნება, ერთად გადალახონ წინააღმდეგობები. პარიზისა და ბერლინის ეს თვისება კი, უკიდურესად მნიშვნელოვანია ახალი ევროპის კონტურების განსაზღვრისთვის.