Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE WASHINGTON POST  აშშ

ერინ ქანინგჰემი, ელენ ფრენსისი, ნატალია აბაკუმოვა, ადამ ტეილორი და დენ როზენცვეიგ-ზიფი

 

 უკრაინელი მეომრები გაშმაგებით ებრძვიან რუს ჯარისკაცებს სოლედარის კონტროლისთვის, იტყობინება უკრაინული არმია. ორივე მხარე ცდილობს თავად აკონტროლოს საინფორმაციო ნაკადები, უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე მარილის მომპოვებელ ქალაქში მიმდინარე სისხლიანი შეტაკებების შესახებ. ხუთშაბათ საღამოს შექმნილი ზოგადი ვითარებითა და გეოლოკაციური კადრების მიხედვით, რომელთაც ეყრდნობიან ანალიტიკოსები, რუსები სავარაუდოდ აკონტროლებენ ქალაქის დიდი ნაწილს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უარყო მოსაზრება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ან „ვაგნერის“ ბოევიკებმა აიღეს ქალაქი, რომელიც ახლოსაა ბრძოლებით მოცულ ბახმუტთან. აქ რუსების წარმატებას, შეეძლო მოეტანა სიმბოლური გამარჯვება მოსკოვისთვის.

შეერთებულ შტატებს არ შეუძლია განჭვრიტოს ბრძოლის შედეგი, განაცხადა ოთხშაბათს თეთრი სახლის წარმომადგენელმა – ჯონ ქირბიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე და დაამატა, რომ თუ რუსი მებრძოლები მართლაც აიღებენ ქალაქს, „ეს ვერ მოახდენს სტრატეგიულ გავლენას თავად ომზე. რა თქმა უნდა, ეს ვერ გააბათილებს ან ვერ შეასუსტებს უკრაინელების ძალისხმევას – გაათავისუფლონ საკუთარი ტერიტორიები.“ განსაკუთრებით, ეს ითქმის დონბასზე: „ქალაქები და სოფლები ხშირად გადადიოდა ხელიდან ხელში“ თქვა მან. „ასე რომ, ნაადრევად ნუ ჩამოწერთ უკრაინელებს.“

ბრძოლა სოლედარისთვის

„მთავარი საკითხია – სოლედარი, ბახმუტი და მთელი დონეცკის მიმართულება – თქვა ზელენსკიმ თავის ოთხშაბათის მიმართვაში: „ ჩვენ  დეტალურად გავაანალიზეთ საჭირო გადაწყვეტილებები, ის, თუ რა სახის მხარდაჭერაა აუცილებელი და რა ნაბიჯები უნდა გადადგან მეთაურებმა უახლოეს დღეებში.“ ზელენსკიმ მაღალი შეფასება მისცა 77-ე და 46-ე აერომობილურ ბრიგადებს, რომლებიც ამ რაიონში იბრძვიან.

გეოლოკაციური კადრები, რომლებიც გადაღებულია ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, აჩვენებს, რომ რუსი მებრძოლები სავარაუდოდ აკონტროლებენ „თუ მთლიანად სოლედარს არა, მის დიდი ნაწილს მაინც“, ასე აფასებს ვითარებას, აშშ-ში განთავსებული ანალიტიკური ცენტრი – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი. თუმცა რუსეთის წარმატება სოლედარში, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მის გვერდით მდებარე ქალაქი ბახმუტს, გარდაუვალი ალყა ემუქრება, აღნიშნულია ISW-ის შეფასებაში. ბრიგადის გენერალი ალექსეი გრომოვი, რომელიც უკრაინული არმიის მაღალი რანგის ჩინოსანია, ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე აცხადებდა, რომ სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება, თუმცა მას არ უთქვამს, თუ რომელი მხარე აკონტროლებდა ქალაქს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გამოუცხადებია სოლედარის დაკავება, თუმცა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შესრულდა „გიგანტური სამუშაო“, როცა მას ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე, ქალაქში არსებულ სიტუაციაზე ჰკითხეს. „მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ და სხვა სადავო ქალაქებში – აღნიშნა პესკოვმა – ძირითადი სამუშაო, ჯერ კიდევ წინაა.“

By admin