Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE GUARDIAN  დიდი ბრიტანეთი

ჯონ ჰენლი

 

 პოლონეთის ნაციონალ-კონსერვატიულმა მთავრობამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა რიტორიკა ბრიუსელთან დაპირისპირებაში –  კანონის უზენაესობის საკითხებზე. ის იმუქრება, რომ „ყველა იარაღს“ გამოიყენებს ევროპის კომისიის წინააღმდეგ და თუ საჭირო გახდა, შექმნის კოალიციას მისი თავჯდომარის გადასაყენებლად

თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა „ეცდება კედელთან მიგვამწყვდიოს, ჩვენ არ დაგვრჩება არჩევანი – გარდა იმისა, რომ ჩვენ ხელთ არსებული არსენალიდან ყველა იარაღი გამოვიყენოთ და ვუპასუხოთ პრინციპით – თვალი თვალის წილ“ – განაცხადა მმართველი პარტიის – „ სამართალი და სოლიდარობა“ (PIS) – გენერალურმა მდივანმა კშიშტოფ სობოლევსკიმ.

პოლონეთის სახელმწიფო რადიოკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სობოლევსკიმ განაცხადა, რომ თუ კომისია არ გამოყოფს 32 მილიარდ ევროს პანდემიასთან საბრძოლველად, ვარშავა ბრიუსელის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს, ვეტოს დაადებს ევროკავშირის ინიციატივებს და ჩამოაყალიბებს კოალიციას ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი ევროკომისართა კოლეგიის გადასაყენებლად.

მუქარა გაისმა მას შემდეგ, რაც იაროსლავ კაჩინსკიმ (ის ვიცე-პრემიერობიდან ივნისში გადადგა, მაგრამ რჩება PIS-ის თავჯდომარედ), ასევე განაცხადა, რომ პოლონეთმა შეასრულა შეთანხმების თავისი წილი ვალდებულება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და ეს მოხდა ევრიკავშირის ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

„ჩვენი მხრიდან – პირობა დაცულია, მათ კი ის დაარღვიეს. დადგა დრო დასკვნების გამოტანისა. უნდა ვეცადოთ, რომ გაირკვეს პრობლემის არსი, თუმცა ისედაც  ნათელია თუ რა ხდება“ – დასძინა მან.

ვარშავა უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩაება ევროკომისიასთან დავაში – აღდგენისათვის განკუთვნილი თანხების მოსაპოვებლად. ბრიუსელი კი ითხოვს, რომ პოლონეთმა შეასრულოს „ეტაპობრივი პროცედურები“ კანონის უზენაესობის სფეროში, რათა მოხდეს მისთვის გრანტებისა და კრედიტების განბლოკვა.

პოლონეთის მთავრობამ, რომლის სასამართლო რეფორმა, ბევრის აზრით, ნეგატიურად აისახა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და არღვევს ევროკავშირის სტანდარტებს, გასულ თვეში გააუქმა მოსამართლეებისთვის შექმნილი დისციპლინური პალატა. მის შემოღებას, თავის დროზე, დიდი კამათი მოჰყვა.

თუმცა იმ ცნობის ფონზე, რომ ამ პალატის ნაცვლად, შეიქმნება ახალი პოლიტიკურად კონტროლირებადი ორგანო, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა:  პოლონეთმა ვერ მიაღწია იმგვარ პროგრესს, რომ ეს გამხდარიყო საფუძველი პირველი ფულადი ტრანშის გამოყოფისთვის.

კაჩინსკის თქმით, მთავრობა არ აპირებს გადადგას შემდგომი ნაბიჯი კომისიის მოთხოვნათა შესასრულებლად. მან ბრიუსელი ამხილა იმაში, რომ ამ უკანასკნელს სურს „გაანადგუროს კანონის უზენაესობა პოლონეთში“ და აიძულოს ქვეყანა „ბოლომდე დაექვემდებაროს გერმანიას“.

პოლონეთი „ვერ ეწერება რუსულ-გერმანულ გეგმაში, რომლითაც აპირებენ ევროპის მართვას“ – თქვა კაჩინსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონური ოპოზიცია გაურიგდა ბრიუსელსა და სხვა სახელმწიფოებს,  რათა „მოახერხოს ჩვენთვის თავისუფლების, სუვერენიტეტის წართმევა და გაგვძარცვოს“.

როგორც გამოკითხვები მოწმობს, პოლონელ ამომრჩეველთა უმეტესობა – ემხრობა ევროპის 27 წევრის კავშირში დარჩენას. ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ  PIS-ის სულ უფრო აგრესიული პოზიცია, საბოლოოდ გამოიწვევს ქვეყნის ევროგაერთიანებიდან გარიცხვას.

„არავინ აღიქვამს სერიოზულად ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ სახსრებს, ამჯობინებს – პოლონელები ამყოფოს სიღარიბეში, უკანონობაში, დამოუკიდებლობაწართმეულ სასამართლო სისტემაში… POLEXIT-ი (პოლონეთის გამოსვლა ევროკავშირიდან) – წერდა ტვიტერზე ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ წარმომადგენელი გჟეგოჟ სხეტინა – უჭკუობისა და დაკნინების სიმბოლოა“.

 

 

 

 

By admin