BBC დიდი ბრიტანეთი
პატრიკ ჯექსონი
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელესკიმ განაცხადა, რომ ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლაში, შეიძლება გადაწყდეს ომის ბედი აღმოსავლეთ უკრაინაში
„დიდწილად აქ წყდება დონბასის ბედი“ – თქვა მან, როცა სამრეწველო ზოლში მიმდინარეობდა ბრძოლა რუსეთისა და სეპარატისტების ძალებთან.
მან თქვა, რომ მისი მებრძოლები, ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგებს აყენებენ მოწინააღმდეგეს.
თუმცა უკრაინული შენაერთები აიძულეს ქალაქის გარეუბნებისკენ გადასულიყვნენ, ამბობს რეგიონის მთავარი უკრაინელი მოხელე.
სერგეი გაიდაიმ, ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა (ლუგანსკი შედის დონბასის შემადგენლობაში – დონეცკის ოლქთან ერთად) განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა უკან დაიხია მას შემდეგ, რაც რუსეთმა „საარტილერიო და საავიაციო დარტყმებით, მიწასთან გაასწორა ტერიტორია “.
„ჩვენები ახლა ისევ ქალაქის გარეუბნებს აკონტროლებენ“ – უთხრა მან ადგილობრივ მედიას. „მაგრამ ბრძოლა გრძელდება და ჩვენები იცავენ სევეროდონეცკს“.
„ვერ იტყვი, რომ რუსები ქალაქს სრულად აკონტროლებენ“ – დასძინა მან.
გუბერნატორის თქმით, სევეროდონეცკსა და მის მიმდებარე ლისიჩანსკში, ადგილზე რჩება – 15 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი.
ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს „ცოცხალი ძალის, იარაღისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი“ დონბასში.
ყოველდღიური ცნობა: გაფრთხილება მარცვლეულის ბლოკირებისა და „საწვავის ციებ-ცხელების“ შესახებ
ომის ფოკუსმა აღმოსავლეთისკენ, მარტის ბოლოს გადაინაცვლა, მას შემდეგ, რაც რუსულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს დედაქალაქ კიევის შემოგარენიდან. დონბასის დიდი ნაწილი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ხელში იმყოფება, 2014-15 წლებში დაწყებული საბრძოლო მოქმედებებიდან მოყოლებული.
სხვა მოვლენებზე საუბრისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა – ანტონიუ გუტიერეშმა ახსენა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგები – მთელ მსოფლიოზე აისახა, ვინაიდან ამით დაზარალდა 1,6 მილიარდი ადამიანი.
„ომის ზეგავლენა სასურსათო უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკასა და ფინანსებზე – არის სისტემური, დამაფიქრებელი და პროგრესირებადი“ – თქვა მან.
BBC-ისთან ინტერვიუში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა – ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა, რომ ჩარევის გარეშე, სასურსათო კრიზისი შეიძლება წლები გაგრძელდეს.
მისი თქმით, აფრიკული ქვეყნები – გაცილებით მეტად დაზარალდებიან ხორბლისა და სასუქების დეფიციტით.
მილიონობით ტონა ხორბალი ინახება უკრაინული პორტების საწყობებში და მის ექსპორტირებას ომის გამო, ვერ ახერხებენ.
საბანკო ექსპერტების აზრით, წლის ბოლომდე რუსეთის ეკონომიკა შემცირდება 15%-ით და კიდევ 3%-ით 2023 წელს – დასავლური სანქციების, კომპანიების მასობრივი გადინებისა და ექსპორტის კლების მიზეზით.
ციფრები – უარესიც შეიძლება იყოს, თუ ევროპა მთლიანად იტყვის უარს რუსულ ენერგომატარებლებზე, აღნიშნავს საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და განაცხადა, რომ სურდა ქვეყნის დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაცია“ – ბრალდება, რომელიც საყოველთაოდ დისკრედიტირებულია.
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაიღუპა 4 253 სამოქალაქო პირი, ხოლო 5 141 დაიჭრა, ამას ემატება ათასობით ჯარისკაცი ორივე მხრიდან, 14 მილიონამდე კაცს კი – საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.