წინა პუბლიკაციაში შევეხეთ სოფელ კაზრეთში, მისი მებატონის, ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ერთ-ერთი მებრძოლი ლიდერის, მეფე ერეკლე მეორის შვილიშვილის ალექსანდრე ორბელიანის ბიოგრაფიის ნაწილს. პუბლიკაციის დასასრულს მივუთითებდით, რომ მკითხველს მომავალში მოვუთხრობდით კაზრეთში ალექსანდრე ორბელიანის შთამომავლების მოღვაწეობის შესახებ.
მანამდე, კიდევ ერთხელ გავეცნოთ ალექსანდრე ორბელიანის გენეტიკურ შთამომავლობას:
მეფე ერეკლე მეორე
თეკლა – ერეკლეს უმცროსი შვილი
ალექსანდრე ორბელიანი – თეკლას უფროსი შვილი
დარეჯანი (დარია) – ალექსანდრეს შვილი
ევგენი (გენო) ქობულაშვილი – დარეჯანის შვილი.
გავიხსენოთ, რომ, იმ დროისათვის საქართველოში (ისევე, როგორც მეფის რუსეთში) ბატონყმური წყობილება იყო, და ალექსანდრე ორბელიანი სოფელ კაზრეთის „კანონიერ“ მებატონედ ითვლებოდა, ვინაიდან, სოფელი კაზრეთი ალექსანდრე ორბელიანის მეუღლის – ეკატერინე ბარათაშვილ-ზურაბიშვილის მზითვის კუთვნილება იყო.
მიუხედავად ბატონყმური სისტემის არსებობისა, უნდა აღინიშნოს, რომ კაზრეთელებს აშკარად გამართლებიათ, რომ მათი ბატონი იყო ისეთი იშვიათი ადამიანური თვისებების მქონე, გამორჩეული მამულიშვილი და დიდად განათლებული პიროვნება, როგორიც ალექსანდრე ორბელიანი გახლდათ. გარეგნულადაც დასტურდებოდა ალექსანდრე ორბელიანის ბაგრატიონთა და ორბელიანთა შთამომავლობა, ხოლო, სამშობლოსადმი გამორჩეული სიყვარული გენეტიკურად იყო მასში ჩანერგილი. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ციმბირში რომ ასახლებდნენ დედამისი – თეკლა მას ასე ისტუმრებდა: „წადი შვილო, ღვთისთვის მიმიბარებიხარ, უბედობას ნუ გაუტყდები, ამისთვის, რომ ქვეყანაზე ბევრნი უბედურნი არიან და ერთი ჩვენი სახლიც იყოს“.
ალექსანდრე ორბელიანი რომ თავისი დროის გამორჩეული პიროვნება და ქვეყნის დიდად მოამაგე იყო, ეს იმითაც დასტურდება, რომ იგი იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის მოსაზრებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავისი დროის გამოჩენილი ქართველი პოეტი, სამხედრო (გენერალ-ლეიტენანტი) პიროვნება და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ორბელიანი. არსებობს ასეთი ფაქტი: რუსეთის ხელისუფლებისადმი მიძღვნილი ლექსი (გრიგოლ ორბელიანი მეფის რუსეთის არმიის ჩინოსანი იყო), გრიგოლ ორბელიანმა არ გამოაქვეყნა, ვიდრე ალექსანდრე ორბელიანი ცოცხალი იყო, რადგან, მან იცოდა ალ.ორბელიანის დამოკიდებულება მეფის რუსეთისადმი.
ალ. ორბელიანს მრავალი ლიტერატურული ჩანაწერი ჰქონდა, მათ შორის შემორჩენილია კაზრეთის „სათხის“ და „სამების“ ეკლესიების წარწერების ჩანაწერები.
ალ. ორბელიანი იგონებს: „ბაბილაშენიდგან აქ ამოვედით (სათხის ეკლესიაში -მ.ო.)… ამ ეკლესიის კარიბჭედან ასომთავრულიდგან ასე გადმოვწერე მხედრულათ: „გლახაკი იოანე უღირსმან (ღირს მყო ღმერთმან – ექვთიმე თაყაიშვილი ასეც განმარტავს – მ.ო.) აღვაშენე. დაიფარენ ღმერთმან მეფეთა მეფისა გიორგისა სახსრად, ფრიად ცოდვილისა სულისა ჩემისა მოიხსენე უფალო“.
სათხის ეკლესიის წარწერაში მოხსენიებულ მეფედ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და ლევან მუსხელიშვილი თამარ მეფის შვილს – ლაშა-გიორგის მიჩნევდნენ. თუმცა, ბოლო წლებში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თაოსნობით და კომპანია „არემჯის’“ ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარე, სათხის ტაძრის მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოებისას, მიაკვლიეს კანკელის დაკარგულ ფრაგმენტს. მისი საშუალებით, სპეციალისტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ წარწერაში მეფე გიორგი მესამე იგულისხმება.
ალ. ორბელიანს ეკუთვნის ასევე კაზრეთის სამების ეკლესიის წარწერის ჩანაწერი:„მოიხსენე უფალო წიაღსა შენსა ცხოვრებასა ბატონიშვილი ბოვანელი მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ წმინდასა ამას მონასტერსა… ვინცა ამა მონასტერსა შიგან ჟამსა შეხვიდეთ, შენდობას ეტყოდეთ ღვთის მიმართ“.
ალ. ორბელიანის შვილიშვილი მარიამ ქობულაშვილი – შერვაშიძე იგონებს: „როცა პაპა ალექსანდრე გარდაიცვალა, ბევრნი მოდიოდნენ, სინჯამდნენ ხელნაწერებს, ზოგი დატოვეს, ზოგი წაიღეს. დიმიტრი ბაქრაძემაც წაიღო ხელნაწერები. რაც დარჩა იონა მეუნარგიამ გამოართვა ცოლს და წაიღო“.
ალექსანდრე ორბელიანის გარდაცვალების შემდეგ კაზრეთის მებატონე მისი შვილიშვილი ევგენი (გენო) ქობულაშვილი იყო.
ევგენი (გენო) დავითის ძე ქობულაშვილი (1856-1915 წწ.) საქართველოში ერთ-ერთი მდიდარი კაცი იყო. მას ეკუთვნოდა:
– მამულები, რომელიც მოიცავდა ბორჩალოს (მარნეული) და ახალქალაქის მაზრების ტერიტორიებს;
– მას ეკუთვნოდა სახლი თბილისში, სადაც ახლა სამხატვრო აკადემიაა;
– ქობულაშვილები იყვნენ საქართველოს მეფეების პირადი მდივნები.
ამავე დროს იბადება კითხვა: როდესაც სოფელ კაზრეთში, სიცოცხლის ბოლო წლებში, ალექსანდრე ორბელიანის და, შემდგომ, გენო ქობულაშვილის ბატონობას ეხება, როგორღა იქნებოდნენ ისინი ბატონები, როდესაც საქართველოში ბატონყმობა 1864 წლის 13 ოქტომბერს ოფიციალურად გაუქმდა?
ამ კითხვის პასუხი ასეთია: ბატონყმობის გაუქმებამ გლეხებს მხოლოდ პიროვნული თავისუფლება მოუპოვა, ქონებრივად კი გლეხი კვლავ მებატონის დამოკიდებულებაში დარჩა, ანუ, ეგრეთწოდებული დროებითი ვალდებულება იმას ნიშნავდა, რომ, წლების განმავლობაში, ვიდრე გლეხი მიწას არ გამოისყიდიდა, ყოველგვარი გადასახადი (გარკვეული ცვლილებებით) გლეხს ისევ მებატონისათვის უნდა გდაეხადა.
ასეთ ვითარებაში უხდებოდათ ურთიერთობა კაზრეთელ გლეხებს სიცოცხლის ბოლო წლებში ალექსანდრე ორბელიანთან, და შემდგომ, – გენო ქობულაშვილთან, რომელიც თავისი დიდი წინაპრის მსგავსად, კაზრეთელი გლეხების მიმართ ღირსეული და პატიოსანი დამიკიდებულებით გამოირჩეოდა.
ბუნებრივია, რომ კაზრეთში მის მებატონეებს შესაფერისი საცხოვრებელი სახლიც უნდა ჰქონოდათ და სოფლის გამორჩეულ ადგილზე, გენო ქობულაშვილის ბატონობის დროს, სახლი კიდეც აშენდა, რომელსაც „საზაფხულო აგარაკი“ უწოდეს. მშენებლობა დაწყებულა 1905 წელს და დასრულებულა 1912 წელს. სწორედ ამ შენობაში, 1923 წელს გაიხსნა დაწყებითი სკოლა 4-კლასიანი პროგრამით. მასწავლებელი მღვდლის შვილი – დაშა ყოფილა. გარდა ადგილობრივი ბავშვებისა, მოსწავლეები მეზობელი რაიონების სოფლებიდანაც იყვნენ, რომლებიც სკოლის შენობაშივე ცხოვრობდნენ, ვინაიდან ყოველდღიურად სოფლებში წასვლა-მოსვლა შეუძლებელი იქნებოდა, მოსწავლეები კვებითაც აქვე იყვნენ უზრუნველყოფილი.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის სკოლის გახსნა მეტად გაბედულ აქტს ნიშნავდა, რამდენადაც 1918 წლის 26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა, საქართველომ 1921 წლის 25 თებერვალს ისევ დაკარგა და ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი ჯერ კიდევ სტაბილური არ იყო.
კაზრეთის 4-წლიანი სკოლა 1930 წელს 7-წლიანად გადაკეთდა, ხოლო, 1938 წელს – საშუალო სკოლად. ამ შენობაში კაზრეთელი მოსწავლეები ზუსტად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ღებულობდნენ განათლებას. 1972 სასწავლო წელს „ძველი“ სკოლა – ქობულაშვილების სახლიდან ახალ, თანამედროვე შენობაში გადავიდა (ამჟამად კაზრეთის #1 საჯარო სკოლა).
კაზრეთელები არ ივიწყებდნენ და ყოველთვის დიდი მადლიერებით აღნიშნავდნენ ქობულაშვილების სიკეთეს, რომელთა ძალისხმევით მრავალმა თაობამ მიიღო განათლება.
კაზრეთის უკანასკნელი ბატონი ევგენი (გენო) ქობულაშვილი 1915 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა, მის შვილებს კი, კაზრეთის მოსახლეობასთან წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ.
ადამიანის ცხოვრება წარმავალია, თუმცა, ზოგიერთი მათგანის ღვაწლის ნაკვალევი წარუშლელია, ისევე, როგორც, კაზრეთის ისტორიის თანმდევი, წარუშლელი გვარებია: ორბელიანი, ბარათაშვილი, ზურაბიშვილი, ქობულაშვილი.
ასეთია ისტორიული ფურცლების ამონარიდი სოფელ კაზრეთის ბიოგრაფიიდან. უფრო ვრცლად კაზრეთის ისტორია განხილულია ჩემ წიგნში „კაზრეთი“, რომელიც გამოიცა 2017 წელს და საჩუქრად გადაეცა დაბა კაზრეთის მოსახლეობას – ყოველ ოჯახს.
მიხეილ ოქრიაშვილი