American Thinker აშშ
ედ ბროდოუ
ჩემს თაობას, სჯეროდა შეერთებული შტატების. გვწამდა, რომ ის პატივს სცემდა პიროვნებას, გვჯეროდა მისი კონსტიტუციის, მისი სტატუსის, როგორც ერთადერთი კეთილი ზესახელმწიფოსი ისტორიის მანძილზე. სხვა სიტყვებით, გვწამდა ამერიკის განსაკუთრებულობის. ,,ტრადიციული ამერიკული ფასეულობები იმსახურებს მგზნებარე დაცვას’’- ამბობდა, მწერალი და ტელეწამყვანი მონიკა ქროული. ამ ფასეულობათა გამო წიგნ ,,გათიშულობის’’ ავტორმა, ჩარლზ მიურეიმ ,,ამერიკულ პროექტს’’ უწოდა- ,,ხანგრძლივი ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ ყველას დაანახოს: ადამიანები შეიძლება იყვნენ თავისუფლები, როგორც ინდივიდები და ასეთებად დარჩნენ საკუთარ ოჯახებში და მათ შეუძლიათ იცხოვრონ ღირსეულად, ნებაყოფილობით გაერთიანდნენ საიმისოდ, რომ გადაჭრან საერთო პრობლემები.’’ მოკლედ თუ ვიტყვით, მოგვიწევს აღვნიშნოთ, რომ ცალკეული მოქალაქის უფლებათა პატივისცემა, აქცევს ჩვენ საზოგადოებას უნიკალურად, მსოფლიო ისტორიაში. კონსტიტუცია იმისთვის დაიწერა, რომ შეზღუდოს ხელისუფლების უფლება, ჩაერიოს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში
როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი იცვლება. 2021 წლის დადგომის კვალად იქმნება შთაბეჭდილება, რომ როგორც შექსპირი იტყოდა ,,რაღაც დალპა დანიის სამეფოში.’’ ძნელია განსაზღვრო ამერიკის რღვევის წყარო და მისი ბუნება. როცა პრეზიდენტად ბარაკ ობამა ავირჩიეთ, კაცი, რომელსაც ეზიზღებოდა ეს ქვეყანა, მაშინ ამ მოვლენამ თავის პიკს მიაღწია. 8 წლის განმავლობაში ვუყურებდით, რა გაშმაგებით ესხმოდნენ თავს ამერიკულ ფასეულობებს. ობამამ და მისმა კოლეგა-დემოკრატებმა ახალი ცნებები დანერგეს ჩვენს ლექსიკონში, დემოკრატიული სოციალიზმი, იდენტობის პოლიტიკა, სოციალური სამართლიანობა, განსხვავებულობა, ინკლუზიურობა, პოლიტკორექტულობა, კრიტიკული რასების თეორია, უარყოფის კულტურა და ა.შ. მათი დანიშნულება იყო ხორცშესხმა ექსპრეს – იდეისა – გაანადგურო ყოველივე საუკეთესო ამერიკაში.
თუ თქვენ გინდათ დაანგრიოთ ამერიკა, რა უნდა გააკეთოთ საამისოდ? ,, ამერიკა არასდროს დაინგრევა გარედან – ამბობდა აბრაამ ლინკოლნი – თუ ჩვენ წავიბორძიკებთ და დავკარგავთ ჩვენს თავისუფლებას, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა თავს ჩვენვე გავინადგურებთ.’’ საბჭოთა პრემიერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა დაახლოებით იგივე თქვა 1961 წელს: ,, ჩვენ არ გვჭირდება ამერიკის რაკეტებით განადგურება, ის თავს თავადვე გაინადგურებს.’’ მართალი იყვნენ, თუ არა, ეს ადამიანები?
2019 წლის თებერვალში, შორსმჭვრეტელმა კანადელმა ფსიქოლოგმა ჯორდან პეტერსონმა გამოთქვა შემდეგი აზრი: ,,როგორც ჩანს, პოლიტიკური დაპირისპირება ამერიკელ მემარცხენეთა და მემარჯვენეთა შორის გააქტიურდება და ეს მხოლოდ მიუთითებს აშშ-ში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნდამენტურ სიმყარეზე.’’ პეტერსონის დასკვნა უკვე აღარ ამართლებს – ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები სწორედაც, რომ არ აღმოჩნდა მყარი. პოლიტიკური დაპირისპირება სამოქალაქო ომს უახლოვდება, რაკი პროგრესისტები კონგრესში და ბანდიტები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სოციალურ მედიაში ბღავიან, რომ აუცილებელია კონსერვატიულ შეხედულებებზე ცენზურის დაწესება. მოქალაქეებს, უკვე აღარ სჯერათ საკანონმდებლო ხელისუფლების, სამართლებრივი სისტემის, მასმედიის და ერთმანეთისაც კი. სახელმწიფო მოხელეები ახალისებენ კანონების უპატივცემულობას, რომელთა დაცვაზეც, ოდესღაც ფიცი დადეს. ჩვენ ქალაქებს ღრნის სოციალური მღელვარება, ძარცვა და სხვისი საკუთრების გადაწვა, რადგან მერები და გუბერნატორები ახალისებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
უეჭველია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული. კონგრესი საერთოდ ვერ უძღვება საქვეყნო საქმეებს. რა გააკეთა მან, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის უაზრო მცდელობისა და ჩვენი გადამხდელების ფულის გაგზავნისა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას პირველნი ითხოვდნენ? კორონავირუსის მომიზეზებით, ხელისუფლება ცდილობს შეიჭრას ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, რაკი ნებას ვრთავთ ხელისუფლებას გვიკარნახოს, როდის გავიდეთ სახლიდან, როდის ვიმუშაოთ და რა პირობებით ვაწარმოოთ ბიზნესი. ჩვენ, თანდათან ვკარგავთ დამოუკიდებლობას.
ყველაზე მძიმე ცოდვა ჩვენი ადმინისტრაციისა – არის მისი უძლურება ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. როგორც ჟურნალი ,, US NEWS & WORLD REPORT’’-ი წერს: ,,აშშ-ს 2012 წლის ივლისისა და 2018 წლის დეკემბრის არჩევნები იყო გაცილებით უარესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა არჩევნები სხვა დემოკრატიებში და შეძლებულ საზოგადოებებში.’’ ამ შეფასების წყაროა 2019 წლის მოხსენება პროექტისა ,,სამართლიანი არჩევნებისთვის,’’ რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის თაოსნობით განხორციელდა. ამ აღმოჩენას წესით უნდა ეიძულებინა ამერიკელები გაეუმჯობესებინათ მდგომარეობა ამ სფეროში.
მაგრამ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ამ კიბეზე კიდევ ერთი საფეხურით დაგვწია. ჩვენ გვაქვს ათასობით წერილობითი ჩვენება, ფიცის ქვეშ მიცემული, რომლებიც ადასტურებს თაღლითობას ხმის მიცემისას. შეჩერდა ხელმოწერების ნამდვილობის, კონკრეტულ შტატებში არჩევნების დროს დარღვევების, ფოსტის საშუალებით მიღებული ბიულეტენების, ბიულეტენების წინა ვადით შევსების ფაქტების, ხმის მიცემის დუბლირების, მკვდარი სულების, ავტომატიზებული ხმის მიცემის პროცედურის დარღვევებისა და მანიპულაციების შემოწმების პროცესი. ადამიანები ფიცის ქვეშ ჰყვებიან იმის შესახებ, რაც არჩევნებზე ნახეს. ამასთან, ისინი რისკზე მიდიან, რადგან თუ მათი ჩვენებები გაბათილდა, მათ სირცხვილის ბოძზე გააკრავენ, ან სულაც ფიზიკურად გაუსწორდებიან – ამბობს წარმომადგენელთა პალატის წევრი მაიკლ ქლაუდი – აშკარა უმოქმედობა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებებში მითითებულ დარღვევებზე, სტატისტიკურ შეუსაბამობაზე და თაღლითობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო არჩევნებზე, დიდ შეშფოთებას იწვევს.’’ ეს მართლაც შემაშფოთებელია, მაგრამ სრულად შეესაბამება იუსტიციის სამინისტროს, გამოძიების ფედერალური ბიუროს, საგადასახადო სამმართველოს მიდრეკილებებს. გფბ-ს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის უარმა, ბრალი წაეყენებინა ჰილარი კლინტონისთვის, ასევე ობამას მიერ აშშ-ს საგადასახადო სამმართველოს კონსერვატორთა ჯგუფების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად გამოყენების მიჩქმალვამ და სპეცპროკურორ დარემის გამოძიების ,,დამუხრუჭებამ’’, საბოლოოდ მოარღვია ამერიკელი ხალხის რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ.
მიუხედავად მასმედიის მცდელობისა დამალოს სიმართლე, საზოგადოებამ იცის, რაც ხდება. მსახიობმა, ჯეიმს ვუდმა ტვიტერში დაწერა: ,,70 მილიონი ამერიკელი აღშფოთებულია ამ ბინძური არჩევნების გამო. ჩვენ ვერ მივიღებთ ასეთ თაღლითურ შედეგებს.’’ ყოველ ჯერზე, როცა პრეზიდენტი ცდილობს გამოააშკარაოს თაღლითობა, მასმედია წამლავს ეთერს, ერთი და იგივე ცრუ ფრაზით: ,,ტრამპის უსაფუძვლო ბრალდებები.’’ მე ჟრუანტელი მივლის, როცა ეს სიცრუე მესმის, რომელსაც იმეორებს CNN-ი, New York Times-ი და Washington Post-ი. ჩვენი მასმედია, უკვე აღარ გამოხატავს კონსერვატიულ შეხედულებებს და უარს ამბობს საკუთარ – „რესპუბლიკური ფასეულობების მოდარაჯე ქოფაკის’’ როლზე.
როგორ ერს ვუტოვებ საკუთარ შვილებს? თუ დროზე არ გამოვფხიზლდით, ეს იქნება ძალზე უგვანი ქვეყანა. შესაძლოა, ოლდის ჰაქსლი, ავტორი წიგნისა ,,მამაცი ახალი სამყარო’’ მართალი იყო, როცა წინასწარმეტყველებდა ,,დიქტატურას უცრემლოდ… ერთგვარ უმტკივნეულო კონცლაგერს, სადაც ადამიანებს წაჰგვრიან თავისუფლებას და ისინი ამას სიხარულით მიიღებენ, რადგან ისინი პროპაგანდითა და ,,ტვინის გამორეცხვით’’ დაწრეტილნი იქნებიან ყოველგვარი სურვილისგან ამბოხებისა.