Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SRF  შვეიცარია

დევიდ ნოიერი

 

ავტომობილის სარკმელში, მოსკოვის ბოლო საცხოვრებელი კვარტლები ,,მიცურავს.’’ წრიული საავტომობილო გზა დედაქალაქს, მისი 12 მილიონი მაცხოვრებლით, შემოგარენისგან მიჯნავს. გზის გასწვრივ მოჩანს ავტოგასამართი სადგურები და სუპერმარკეტები ფართო ავტოსადგომებით.

როგორც იქნა, გადაიშალა სასოფლო სივრცე: ფართო  მინდვრები  ლამის ჰორიზონტამდე, აქა-იქ მოჩანს დასახლებები. პოდმოსკოვიე – ასე უწოდებენ ოლქს დედაქალაქის ირგვლივ. ის შვეიცარიაზე უფრო დიდია. ამ ადგილებში ბევრ მოსკოველს აქვს აგარაკი

მოსკოვის სამხრეთით, 70 კილომეტრში, მდებარეობს სააგარაკე დასახლება პიკალოვო. აქ ასამდე სახლია: ნაწილი ხის, ნაწილი აგურის. როგორც წესი, სახლები გარშემორტყმულია მაღალი ყრუ ღობეებით. თუ შიგნით მოხვდები, აღმოაჩენ მოვლილ ბაღებს, საბავშვო აუზებს, ყვავილნარებს, ჩვეულებრივი ადამიანების სამყაროს.

მაღალი მწვანე ჭიშკრის მიღმა – ელენეს სამეფოა. მან თავი მხოლოდ სახელით გაგვაცნო – ელენა, ის გერმანულის მასწავლებელია, პენსიაზე გასული. მას ფართო სპორტული მაისური, ჯინსები და ფლოსტები აცვია, მოკლედ, ტიპიური სააგარაკე გარდერობით გვხვდება. ზაფხულის დიდ ნაწილს ის აგარაკზე ატარებს: ,,აბა, რა გაჩვენოთ? – კითხულობს ელენა – აჰ, განახებთ ყველაფერი რით დაიწყო.’’

ელენას ბაღის სიღრმეში, ხის სახლთან მივყავართ და აღებს კარს. ჩვენს წინ – ძველი საბავშვო ველოსიპედია, კიდევ სააგარაკე მზისდამცავი ქოლგა და რამდენიმე დაფა. ის, რაც ახლა საკუჭნაოს ჰგავს, ოდესღაც მთელი ოჯახის საცხოვრებელი იყო. ისე, როგორც სხვა საბჭოთა მოქალაქეებმა, ელენემ და მისმა აწ უკვე გარდაცვლილმა ქმარმა, 1980-იან წლებში, სახელმწიფოსგან პატარა მიწის ნაკვეთი მიიღო. პირველი ნაგებობა მასზე თავისი ხელით ააგეს.

,,მეუღლემ მუყაოსგან სახლის მოდელი შეაწება. მას სურდა ნატურალური ზომის ასეთი სახლი აეგო’’- ჰყვება ელენა. ოცნება რამდენიმე წლის წინ ასრულდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ელენამ საკმაო გასამრჯელო

მიიღო თარგმნის წყალობით და ამ ფულით, როგორც იქნა, ააგო სახლი – ორსართულიანი ნაგებობა, ორქანობიანი სახურავით და ტერასით, რომელიც თავდაპირველ მუყაოს ვარიანტში იყო მოცემული.

                               აგარაკი – ეს სულის მდგომარეობაა

რას ნიშნავს აგარაკი ელენასთვის? ,,მოსკოვში პატარა ბინა მაქვს, ოროთახიანი. მართალია, მიყვარს ქალაქში ცხოვრება, მაგრამ აქ, ქალაქგარეთ, მაქვს მიწის ნაკვეთი, ის მე მეკუთვნის, მე ვარ აქურობის ბატონ-პატრონი და რაც მსურს, იმას ვაკეთებ.’’

კარინა, ელენეს უფროსი ქალიშვილი, პანდემიის გამო უმეტეს დროს აგარაკზე ატარებს. ის ბაღში ზის შორტებში , პილოტის შავი სათვალეებით. კარინა ტოფ-მენეჯერია კულტურის სფეროში. ის სიამოვნებით ჰყვება დასავლეთ ევროპაში მოგზაურობას: იყო იტალიაში, ლუგანოში, ციურიხში.

მიუხედავად ამისა, დასძენს: ,,ეს ჩემი სამშობლოა და რა თქმა უნდა მომწონს აქაურობა. დღეს, სოკოზე ვიყავით და მისგან გემრიელ სუფს მოვამზადებთ. ამას გარდა, აგარაკი – ეს ჩემი ბავშვობის მუზეუმია, ყველა ნივთი იმდროინდელია – თეფშები, ლამბაქები, ლამპები, ავეჯი.’’

აგარაკი, კარინას მოგონებით ავსებს. ის, რომ გარემო აქ უჩვეულოა, ტუალეტი კი ორმოზე დგას, მას საერთოდ არ ანაღვლებს, პირიქით:. ,,გვაქვს საკმარისი ფული, რომ ავაშენოთ ცივილიზებული სახლი, როგორიც ევროპაშია, მაგრამ ეს ჩემი არ იქნება, ვინაიდან აგარაკზე კომფორტი – არ არის მთავარი. აგარაკი ეს სულის მდგომარეობაა.

 

                                 სტუმრად ,,მისტერ აგარაკთან’’

პირველი აგარაკები, ასე ვთქვათ, რუსი არისტოკრატების საზაფხულო რეზიდენციები იყო. კომუნისტებმა კი აგარაკი მასობრივ მოვლენად აქციეს. დღეს რუსეთში ოჯახების 40% ფლობს საზაფხულო სახლებს.

კიდევ ერთი დასახლება, მოსკოვის აღმოსავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს. ანდრეი ტუმანოვი აღებს რკინის ჭიშკარს და საკუთარ ნაკვეთში გვეპატიჟება. თუ ვინმეს შეუძლია აგარაკებზე მოგვითხროს, პირველ რიგში მას, რუს ,,მისტერ აგარაკს.’’

თითქმის 30 წლის წინ, მან შექმნა სააგარაკე ჟურნალი და დროთა განმავლობაში მეაგარაკეთა მთავარ ლობისტად იქცა ქვეყანაში. იყო დრო, ის პარლამენტშიც იჯდა.

 

                                „მეაგარაკეები- სანიმუშო მოქალაქეები არიან’’

ის თვლის, რომ სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს მეაგარაკეთათვის: ,,როცა მესმის, რომ    სახელმწიფო ენერგეტიკული კონცერნი  გაზპრომი – არის ეკონომიკის მთავარი საყრდენი, ასე ვპასუხობ: არა, ასეთი დასაყრდენი არიან მეაგარაკეები. 1990-იან წლებში, სწორედ ჩვენ გადავარჩინეთ რუსეთი დაშლისგან. ადამიანებს მოჰყავდათ ბოსტნეული აგარაკებზე და თავი ასე გადაირჩინეს.’’

მართლაც, 1990-იან წლებში აგარაკი ბევრისთვის იყო, არა დასასვენებელი ადგილი, არამედ თავის რჩენის საშუალება. მაგრამ ამ დრომ ჩაიარა. დღეს, პომიდორითა და კიტრით, რუსეთის სუპერმარკეტები გადავსებულია.

მიუხედავად ამისა, ტუმანოვი მეაგარაკეებს სახელმწიფოს საყრდენად მიიჩნევს. ,,აგარაკის მფლობელები – სანიმუშო მოქალაქეები არიან: ისინი პრაქტიკულად არ დადიან დემონსტრაციებზე და დროულად იხდიან გადასახადებს. პირველ რიგში, მათ სურთ, რომ სისტემა შენარჩუნდეს. მათ არ სურთ ცვლილებები, რადგან შიშობენ, რომ დაკარგავენ საკუთრებას.’’

ასე რომ აგარაკი, არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც ოცნებას ეძლევი. აგარაკი, ახდენს პოლიტიკური რეჟიმის სტაბილიზაციას.

 

აგარაკი, როგორც კულტურული ფენომენი

აგარაკი, ასევე კულტურული ფენომენია. მუსიკოსები ქმნიდნენ მუსიკას, პროზაიკოსები თხზავდნენ რომანებს, პოეტები ლექსებს. დღესაც, მოსკოვის კულტურულ ინტელიგენციას, გული ბუნებისკენ და ზაფხულის ჩრდილისკენ მიუწევს.

აგერ, ზაფხულის საღამო, ერთ-ერთ არტისტულ აგარაკზე. აქ თავი მოუყრია 20-მდე კაცს: მუსიკოსები, ჟურნალისტები, მხატვრები… მიირთმევენ ღვინოს, საკვებს შეექცევიან და მერე , როცა დაბნელდება ჯგუფი კოცონთან მოიყრის თავს. ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი მღერიან რუსეთის მიყრუებულ პროვინციებში შექმნილ ხალხურ სიმღერებს. სიმღერები სავსეა გარდასულ დროთა ნოსტალგიით.

საუკეთესო რუსეთი

მოშორებით დგანან დენის ლიხინი და ალექსეი ბლინკინი, ორი მოწიფული მამაკაცი. ისინი ბავშვობას იხსენებენ. ,,რა კარგი იყო მაშინ, მეგობრებთან ერთად, აგარაკზე – ამბობს ალექსეი. დენისი კი დასძენს: ,,განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობლების ბაღებში დავძვრებოდით და ხენდროს ვიპარავდით’’. ორივე ხარხარებს.

ალექსეი მუსიკოსია, დენისი კი ყოველწლიურად ალტერნატიული მუსიკის მასშტაბურ ფესტივალებს ორგანიზატორობს. რატომ? ალექსეი ამბობს: ,,აგარაკზე მთავარია რეალობას მოწყდე. აგარაკი ის ადგილია, სადაც შეგიძლია სხვანაირად იცხოვრო.’’ როგორც ალექსეი ამბობს, აგარაკი, ეს უპირველესად განსაკუთრებული ემოციებია, მყუდროების პიროვნული სივრცე. დენისს, ყურადღება პოლიტიკურ ასპექტზე გადააქვს.

,,როცა პოლიტიკოსს დაითხოვენ, რას ამბობენ? ივან ივანიჩი აგარაკზე წავიდაო. აგარაკი გადასახლების ადგილია. ასე ითვლებოდა ძველ დროში და აი, საბჭოური რეალიები ისევ ბრუნდება  ქვეყანაში.’’

ალექსეი ეთანხმება ,,ჩვენ ცხოვრებას ჩარჩოებში აქცევენ, როგორც მაშინ,  არავინ გეკითხება გინდა ეს თუ არა.’’

ოპოზიციონერებისთვის გამოტანილი სასამართლო განაჩენები, დაპატიმრებები, ნავალნის მოწამვლა. 2020 წელს, რუსეთის თავზე ცა მოიქუფრა. დენისი ახდენს ნობელიანტ იოსებ ბროდსკის ციტირებას, რომელიც ხელისუფლებამ ჯერ ციხეში ჩააგდო, შემდეგ კი აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა. ,,თუ მაინცდამაინც იმპერიაში უნდა იცხოვრო, ეგებ პატარა სახლში  მაინც, სადმე ზღვის პირას.’’

აგარაკი ეს  მეტია, ვიდრე საზაფხულო სახლი. ესაა ადგილი, რომელსაც შეგიძლია თავი შეაფარო, გაიხსენო ბავშვობა და თავი ბედნიერად იგრძნო. ეს სულ სხვა, უკეთესი რუსეთია.

 

By admin