Bloomberg აშშ
ვანესა დეზემი, ბრაიან პარკინი, ოლგა ტანასი
რუსული გაზსადენის ,,ჩრდილოეთ ნაკადი 2’’-ის მშენებლობა, რომელმაც მწვავე უთანხმოება გამოიწვია, განახლდა გერმანიის წყლებში 11 დეკემბერს, ერთწლიანი შეჩერების შემდეგ. გაზსადენის ბოლო მონაკვეთის დასრულებას მოჰყვება შეერთებულ შტატებთან ისედაც დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება, რადგან ვაშინგტონში კანონმდებლები აპირებენ სანქციების გამკაცრებას. მილების ჩამწყობი ხომალდი ,,ფორტუნა’’ იწყებს გაზსადენ ,,ჩრდილოეთ ნაკადი 2’’-ის ორი პარალელური წყალქვეშა მონაკვეთის მონტაჟს, რის შესახებაც იუწყება გერმანიის საწყლოსნო გზებისა და ნაოსნობის სახელმწიფო სამმართველო. ,,ფორტუნა’’ ჩაალაგებს გაზსადენის 2,6 კილომეტრს გერმანიის წყლებში, 30 მეტრამდე სიღრმეზე – განაცხადა კომპანიამ, რომელიც პროექტის რეალიზაციას ახდენს
ერთი წლის წინ, როცა 1 230 კილომეტრიანი გაზსადენის დასრულებამდე რამდენიმე კვირა რჩებოდა, სამუშაო შეწყდა იმის გამო, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა იმ კომპანიებს, რომლებიც პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობდნენ. უკვე დეკემბერში, ამერიკელი კანონმდებლები აპირებენ ახალი სანქციების დამტკიცებას. ამ დროისთვის დასამთავრებელია მშენებლობის 160 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის დიდი ნაწილი დანიის წყლებზე მოდის.
შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ 11,2 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენი, რუსეთს უზომო გავლენას მოაპოვებინებს ევროპაზე, ხოლო ამერიკული თხევადი გაზის მწარმოებლებს დააკარგვინებს წილს გაზის ევროპულ ბაზარზე. მიუხედავად მოქმედი სანქციებისა, რუსეთის კომპანია ,,გაზპრომი,’’ რომელსაც ეს პროექტი ეკუთვნის, ცდილობდა ზედმეტი ხმაურის გარეშე მოეძიებინა მშენებლობის განახლების გზა..
გაზსადენის მშენებლობის განახლება არის საკვანძო პირობა, რათა დაიწყოს გაზის მიწოდება რუსეთიდან გერმანიაში, საიდანაც მოხდება მისი განაწილება მთელ ევროპაში.
მას შემდეგ, რაც გამოცხადდა მუშაობის განახლება, გაზპრომის აქციები 3,9%-ით გაიზარდა.
სანქციების შემდეგი პორცია მიმართულია იქითკენ, რომ ხელი შეუშალოს იმ კომპანიებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ამერიკის საფინანსო სისტემაზე და რომელიც უზრუნველყოფს სადაზღვეო და სერთიფიცირების მომსახურებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მილსადენის მშენებლობას აწარმოებენ.
ეს სანქციები, პირველ რიგში, შეეხება სადაზღვევო კომპანიებს Zurich Insurance Group-ს და ნორვეგიულ კომპანიას Det Norske Veritas Holding-ს, რომელიც ზედამხედველობს გაზსადენის უსაფრთხოებას და საიმედოობას.
„ ჩვენ გვაქვს ამ პროექტის რეალიზაციის პროგრამა და ვიცით კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც უნდა მოხდეს ამ პროექტის ხორცშესხმა – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წამომადგენელმა მარია ზახაროვამ 10 დეკემბერს – ჩვენ ასევე მშვენივრად გვესმის, რომ ამერიკა არ შეწყვეტს მცდელობას შეაჩეროს ამ პროექტის რეალიზაცია…“
ამასობაში, გერმანია ცდილობს დაიცვას პროექტის ეს მონაკვეთი და მოძებნოს ისეთი იურიდიული სქემები, რომელიც პროექტს დაიცავს ამერიკული სანქციების ზემოქმედებისგან.
„ გერმანია უნდა მოემზადოს ,,მწვავე კონფრონტაციისთვის’’ და დაიცვას თავისი ინტერესები ამ პროექტში, რის შედეგადაც გაიზრდება რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიისთვის“, ამბობს როლფ მიუტცენიხი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ბუნდესტაგში. ის მხარს უჭერს წინადადებას (რომელიც წამოაყენა მაკლენბურგ-წინა პომერანიის მთავრობამ, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოლიტიკურმა სამშობლომ, სწორედ ამ ტერიტორიისკენ მიემართება ,,ჩრდილოეთი ნაკადი 2’’) შეიქმნას იურიდიული დაცვის ახალი მექანიზმები.
იმ მიწის მთავრობამ, სადაც არის გერმანიაში შემავალი გაზსადენის ბოლო წერტილი, გამოითქვა იდეა, რომ გამოიძებნოს სახელმწიფოს მიერ დაცული იურიდიული პირი, რომელიც ფლობს აქტივებს იმ ფონდში, რომელიც პასუხისმგებელია გარემოს დაცვაზე. ამის შესახებ საუბარია ამ მიწის მთავრობის 23 ნოემბრის წინადადებაში. ფონდის გერმანული სახელწოდება ასე ჟღერს – Stiftung Klimaschuts MV.
ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფედერალური მიწის მაკლენბურგ-წინა პომერანიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს ,,საგანგებო წესით,’’ რათა შექმნას დაგეგმილი ამერიკული სანქციებისგან დამცავი იურიდიული მექანიზმი. მაკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ფინანსებისა და ენერგეტიკის სამინისტროებმა უარი თქვეს კომენტარი გაეკეთებინათ ამ წინადადების შესახებ.
გერმანიის ფედერალური ფონდის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ ფონდები და ტრასტები შესაძლებელია შეიქმნას ფილანტროფული მიზნებით, რაც გულისხმობს ორგანიზაციებში კერძო კაპიტალის გადაცემას და მათი საქმიანობა რეგულირდება ცალკე კანონით.