THE GUARDIAN დიდი ბრიტანეთი
ჰელენა სმიტი
საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა , კირიაკოს მიცოტაკისმა ერს სიტყვით მიმართა: 15 ივნისი იქნება გლობალური კოროვირუსული პანდემიით დაგვიანებული ტურისტული სეზონის ოფიციალური დაწყების თარიღი, ხოლო 1 ივლისიდან განახლდება პირდაპირი საერთაშორისო ფრენები.
დამსვენებლებს არ გაამწესებენ კარანტინში, მაგრამ მათ უნდა გაიარონ კორონავირუსის ტესტები, განაცხადა ქვეყნის ხელმძღვანელმა, რომელიც ცდილობს შეამციროს ვირუსის უცხოეთიდან შემოტანის შიში.
სიტყვით გამოსვლისას, რომელშიც ხაზი გაესვა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობას საბერძნეთის ეკონომიკისთვის, მიცოტაკისმა თქვა: ”ჩვენს ვიზიტორებს ჩაუტარდებათ ტესტები და დაცული იქნება ჯანმრთელობის ზოგადი პროტოკოლები… ყოველივეს კი გადაფარავს ჩვენი ნათელი მზე და ბუნებრივი სილამაზე”.
მიცოტაკისმა, რომელიც კრიზისის პერიოდში დროგამოშვებით მიმართავდა ბერძნებს, ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც დაგეგმილია ტურიზმისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.
სავარაუდოდ, პირველი უცხოელი ტურისტი ქვეყანაში მანქანით მეზობელი ბალკანეთის ქვეყნებიდან შემოვა, სადაც ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დაბალი დონე აღირიცხა.
მთავრობა ცდილობს საბერძნეთი უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს ტურ-ოპერატორებისთვის, რომლებმაც უახლოეს დღეებში უნდა დაასრულონ პაკეტური შეთანხმებები. მიცოტაკისის განცხადებით, მომავალი ხუთი თვის განმავლობაში სატრანსპორტო გადასახადები 24% -დან 13% -მდე შემცირდება, რაც საწვავს, შესაბამისად თვითმფრინავისა და ავტობუსის ბილეთებს გააიაფებს. დაიწევს საფასური ყავაზე, გამაგრილებელ სასმელებზე და ღია ცის ქვეშ კინოთეატრებზე…
საბერძნეთმა, დროული რეაგირების წყალობით, კორონავირუსით ინფიცირების სანიმუშოდ დაბალ დონე შეინარჩუნა…
ოთხშაბათს, ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებმა დააფიქსირეს 2,850 დადასტურებული შემთხვევა და 166 დაღუპული.
…მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, რომელმაც სულ ახლახან დაიწყო გამოსვლა თითქმის ათწლეულის განმავლობაში არსებული ეკონომიკური კრიზისისგან, ბევრი რამ არის სახიფათო. გასულ წელს საბერძნეთმა მიიზიდა რეკორდული რაოდენობის – 33 მილიონი ტურისტი – ეს ციფრი 3-ჯერ აღემატება ქვეყნის მოსახლეობას.
იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით