Tiscali.cz ჩეხეთი
რადეკ ხლუპი
უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი არ ვითარდება დასავლეთისთვის პოზიტიურად, სულ მცირე – ერთი ასპექტით
როცა გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მეზობელ უკრაინაში 75 ათასიანი არმია და ასობით ჯავშანტექნიკა გაგზავნა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, კონფლიქტის ესკალაციის შიშით, უარი თქვა ომში მონაწილეობაზე.
თუმცა რეაგირების გარეშე, დასავლეთი ვერ დარჩებოდა.
მან დაიწყო უკრაინის მომარაგება (და დღემდე აგრძელებს) იარაღით , საბრძოლო მასალებით, რაკეტებით, დრონებით, ტანკებითა და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკით, რამაც საშუალება მისცა აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას, წინააღმდეგობა გაეწია მასზე ძლიერი მტრისთვის და კონტრშეტევაზეც გადასულიყო.
დასავლეთმა დაიწყო ეკონომიკური ომი რუსეთთან, დაბლოკა მისი მთელი იმპორტ-ექსპორტი, დააყადაღა რუსი ოლიგარქების მდიდრული იახტები, გაყინა მათი ქონება და მოახდინა რუსეთის ფედერაციის იზოლირება SWIFT-ის სისტემიდან. ყოველივე ეს კეთდებოდა რუსეთის ეკონომიკის პარალიზებისა და კრემლის გამოფხიზლებისთვის. ამას გარდა, დასავლეთმა შეზღუდა რუსული ფრენები ევროპაში და რუსული ნავთობის იმპორტი, დააწესა ჭერი მის ღირებულებაზე. ამ ზომებმა რუსეთის ეკონომიკას გარკვეული ზიანი მიაყენა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
რა იყო შეცდომა
გერმანული გამოცემა „ ბილდი“ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაცია დასავლური სანქციების გვერდის ავლას, ახერხებს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის საშუალებით. რუსული იმპორტი – გერმანულ ავტომობილებზე, ქიმიურ საშუალებებზე და ელექტრონიკაზე – 2021-22 წლებში, საგრძნობლად გაიზარდა.
ასე მაგალითად კრემლმა გააფართოვა ვაჭრობა ყაზახეთთან და სომხეთთან. სომხეთის ხელისუფლებამ, „უოლ სთრით ჯორნალ“-ის მასალების პასუხად (რომ დიდძალი სანქცირებული საქონელი რუსეთში, შედის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან), უარყო მისი მხრიდან შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.
პარალელურად დასავლეთმა სანქციები დაუწესა მდიდარ რუსებს, მაგრამ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მათთვის იოლია სანქციებისთვის თავის არიდება. ყოველ მათგანს აქვს ორმაგი მოქალაქეობა და ისინი ფუფუნების საგნებს უცხოეთში ყოფნისას იძენენ. ნავთობსა და გაზზე შეზღუდვების გამო, რუსეთის ფედერაციამ მზერა მიაპყრო ინდოეთსა და ჩინეთს. ორივე ამ ქვეყნის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ, გაურკვეველია და ისინი რუსულ ნავთობს ფასდაკლებით ყიდულობენ.
ამგვარად რუსეთის ეკონომიკა არ განადგურებულა, ის უბრალოდ დასავლეთიდან აღმოსავლეთზე გადაერთო. როგორც ამერიკული გამოცემა „სფექთეითორი“ წერს: „დასავლეთმა სანქციების ომი, მსოფლიოზე თავისი გავლენის გადაჭარბებული შეფასებით წამოიწყო“.
რუსეთის ეკონომიკა ციფრებში
გასული წლის აპრილში მსოფლიო სავალუტო ფონდმა გააკეთა პროგნოზი, რომ რუსული ეკონომიკა, 2022 წელს – 8,5 პროცენტით შემცირდებოდა, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 2,3 პროცენტი იქნებოდა. თუმცა რუსეთის მშპ, გასულ წელს – 2.1 პროცენტით შემცირდა, წელს კი მსფ – მის ზრდასაც კი წინასწარმეტყველებს.
როგორც „სფექთეითორის“ ექსპერტები აღნიშნავენ, მთავარი შეცდომა იყო ის, რომ სანქციებს არ შეუერთდნენ არადასავლური სახელმწიფოები. მათთან ერთად, სანქციების შედეგები რუსეთისთვის, გაცილებით დამანგრეველი იქნებოდა.
სხვაგვარად ივარაუდეს გასულ წელს – იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათი აზრით, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას, იმაზე მეტად დაარტყა, ვიდრე ამას კრემლი აღიარებს. მათი კვლევით, რუსეთის იმპორტ-ექსპორტი კოლაფსის პირასაა და ამან მოახდინა რუსული წარმოების პარალიზება, რადგან მრეწველობის უკლებლივ ყველა სფერო, დამოკიდებულია იმპორტზე. იელის უნივერსიტეტის სწავლულები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ფედერაცია – ეკონომიკური უფსკრულისკენ მიექანება.