Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

სვეტლანა დოროში კიევიდან და ეკატერინე ხინკულოვა ლონდონიდან

 

 ВBC News-ის ყოფილი ჟურნალისტი – ალეკსანდრ ბონდარენკო, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უკრაინაში, ფრონტის ხაზზე მოკლეს

2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, ის ჩაირიცხა მოხალისედ ტერიტორიული თავდაცვის შენაერთში, მუშაობდა კომუნიკაციისა და მედია-ტრენინგის ექსპერტად, შემდეგ კი, როგორც მებრძოლი, წარმოადგენდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

მისი დაღუპვის დეტალები, ჯერჯერობით დაუდგენელია.

მეგობრები ამბობენ, რომ „მას სიკვდილი ბრძოლაში წამოეწია“.

მეგობრებმა, ყოფილმა კოლეგებმა ბიბისი-დან და ფართო მედიათანამეგობრობამ პატივი მიაგო ნიჭიერ ჟურნალისტს, რომელიც ჩამოყალიბდა კომუნიკაციის წარმატებულ სპეციალისტად. საშა ან საშკო, როგორც მას უწოდებდნენ, წარმოშობით ლუგანსკიდან ანუ აღმოსავლეთ უკრაინიდან იყო.

ის მუშაობდა ბიბისი-ს უკრაინის ბიუროში 2007-11 წლებში, ჯერ ახალი   ამბების რეპორტიორად, წამყვანად და რადიოპროგრამების რედაქტორად, რომელიც უკრაინიდან მაუწყებლობდა. მოგვიანებით მან დატოვა ბიბისი და სამუშაოდ სხვა მედიაორგანიზაციებს მიაშურა.

ომის დასაწყისში ბონდარენკო კომუნიკაციის ექსპერტად და მედია-ტრენერად მუშაობდა. ის იყო პასუხისმგებელი უკრაინული საკომუნიკაციო სააგენტო BMA-ს სპეციალურ პროექტებზე. მისი კოლეგები დღემდე იგონებენ მის გონიერებას, იუმორსა და ხმას.

საშა იყო ერთ-ერთი იმ ათასობით უკრაინელიდან, რომელმაც მიატოვა სამოქალაქო სამუშაო იმისთვის, რომ დაეცვა სამშობლო რუსული შეჭრისაგან.

არმიაში გაერთიანებულ უკრაინელებს შორის, იყო ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინული როკ-ჯგუფი Antytila, რომლის წევრები სამხედრო მედიკოსები გახდნენ, იგივე ითქმის ტელეწამყვანებზე – პაველ კაზარინსა და იური მაცარსკიზე.

ომის გაშუქების დროს, რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა. უკრაინელი ოპერატორი, რომელიც იტალიელ რეპორტიორთან ერთად მუშაობდა, გასულ კვირაში დაიღუპა, როცა ისინი სამხრეთის ქალაქ ხერსონში, სროლაში მოყვნენ.

ვასილი სამოხვალოვი BMA-დან, პატივს მიაგებს საშა ბონდარენკოს, როგორც კაცს, რომელმაც მოხალისეობა პირველი დღესვე გადაწყვიტა: „რკინის ნებისყოფის კაცი იყო, მკაფიო მოტივაციით. საუკეთესო მუსიკალური ფლეილისტი ჰქონდა“.

ბიბისი-ს უკრაინული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი – მაჩეკ ბერნატ-რეშჩინსკი ამბობს, რომ კორპორაციას ძალიან გაუმართლა იმით, რო  საშა კიევის გუნდში აღმოჩნდა.

„ამ ექსტრაორდინალურ პიროვნებას ყოველთვის ჰქონდა გამოწვევები, მთავარი გამოწვევა კი ქვეყნის რუსული აგრესიისგან დაცვა იყო.“

ბონდარენკომ დაამთავრა ლუგანსკის პედაგოგიური კოლეჯი და კარიერა ერთ-ერთ რადიოსადგურში – აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო, ვიდრე წამყვან უკრაინულ ტელეარხებზე და ბიბისი-ს უკრაინულ სამსახურში გამოჩნდებოდა.

BBC-ის მთავარი რედაქტორი უკრაინაში – მარტა შოკალო იხსენებს ყოფილ კოლეგას:

„ვუყურებ ჩვენს ერთობლივ ფოტოსურათებს და ტირილს ვერ ვიკავებ, თუმცა მახსენდება უდარდელი დღეებიც კიევის ოფისში, როცა ამდენს ვიცინოდით“ – ამბობს მარტა შოკალო.

საშა აგრძელებდა ტელეჟურნალისტად მუშაობას, აშუქებდა მასობრივ ანტისამთავრობო პროტესტებს კიევის მაიდანზე – 2013-14 წლებში, შემდეგ კი 2014 წელს განხორციელებულ ყირიმის ანექსიას. როგორც აღმოსავლეთ უკრაინის მკვიდრი, მისი თვალით დანახული უკრაინულ-რუსული პრობლემატიკა,  განსაკუთრებით ფასეული იყო.

მან, როგორც თავგადაკლულმა სპორტსმენმა, აისრულა დიდი ხნის ოცნება და გადაცურა ბოსფორი. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საშას უკანასკნელ სურათს აწერია: „ტყეში, სადღაც ხარკოვთან“.

By admin