The Council on Foreign Relations (CFR) აშშ
შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში, 2014 წლის დასაწყისში გაჩაღდა და ხანგრძლივად მოექცა ჩიხში, როცა გამუდმებული სროლები მიმდინარეობდა ფრონტის ხაზის გასწვრივ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთისა და უკრაინის კონტროლირებად რაიონებს, ერთმანეთისგან ყოფს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 2022 წლის 24 თებერვალს, წამოიწყო ახლა უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებმა გამოიწვია ასობით მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ათობით ათასი უკრაინელის გაქცევა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის – ნატოს წევრ პოლონეთში, სადაც გეგმავენ მათ დახმარებას
2021 წლის ოქტომბერში, რუსეთმა დაიწყო სამხედროებისა და ტექნიკის გადასროლა საკუთარ საზღვარზე – უკრაინის მახლობლად. კომერციული თანამგზავრული ფოტოები, სოციალური ქსელების შეტყობინებები და სადაზვერვო მასალები 2021 წლის დეკემბრისთვის, მოწმობდა, რომ ჯავშანტექნიკა, რაკეტები და სხვა მძიმე შეიარაღება, უკრაინისკენ მიემართებოდა ყოველგვარი ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე. დეკემბერში 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი იმყოფებოდა საზღვრებთან. დაზვერვის წარმომადგენლები გვაფრთხილებდენენ, რომ რუსეთი შეჭრას, სავარაუდოდ 2022 წლის დასაწყისში აპირებდა. 2021 წლის დეკემბრის შუა პერიოდში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელშიც ის მოუწოდებდა აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატო), შეეწყვიტათ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ნატოს უარი ეთქვა გაფართოებაზე რუსეთის მიმართულებით და სამომავლოდ არ დაეშვა უკრაინის ნატოში გაერთიანება. აშშ-მ და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა, ეს მოთხოვნები უარყვეს და გააფრთხილეს რუსეთი, რომ დააწესებდნენ უმკაცრეს სანქციებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში დამატებითი სამხედრო დახმარება გაგზავნა, რაც მოიცავდა საბრძოლო მასალებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და სხვა თავდაცვით შეიარაღებას. 2022 წლის თებერვალში, აშშ-სპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრძანება გასცა 3 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის პოლონეთსა და რუმინეთში გადასროლის შესახებ ანუ ნატოს იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება, რათა წინ აღდგომოდა რუსულ არმიას და დაემშვიდებინა თავისი მოკავშირეები. თანამგზავრულ სურათებში ჩანდა რუსული შენაერთების (ცივი ომიდან მოყოლებული ყველაზე დიდი), თავმოყრა ბელორუსის საზღვართან. მოლაპარაკებებს აშშ-ს, რუსეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის (მათ შორის – გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით), ურთიერთობის მოწესრიგება არ მოჰყოლია. იმ დროს, როცა რუსეთმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ირწმუნებოდა გარკვეული ნაწილის საზღვრიდან გაყვანის შესახებ, მოდიოდა ცნობები, რომ ხდებოდა რუსული არმიის დამატებითი შემადგენლობის გადმოსროლა. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებდა უკრაინაში შეჭრას, ეყრდნობოდა რა რუსეთის მზარდ დასწრებას უკრაინის საზღვრებთან. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბრძანება გასცა ჯარის ლუგანსკსა და დონეცკში (უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონი) შეყვანის შესახებ, რომლებიც ნაწილობრივ უკვე კონტროლდებოდა მოსკოვისგან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ. ის ირწმუნებოდა, რომ არმია ასრულებდა „სამშვიდობო“ ფუნქციას. შეერთებულმა შტატებმა, ამას მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა – ლუგანსკისა და დონეცკის, ასევე „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თვის სანქციების დაწესებით. 24 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შეეცადნენ რუსეთი დაერწმუნებინათ – ხელი აეღო უკრაინაში ფართომასტაბიანი შეჭრის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ პუტინმა გამოაცხადა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციის დაწყება, რომლის სამიზნე აღმოჩნდა უკრაინული სამხედრო ობიექტები და ქალაქები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ბაიდენმა ამ თავდასხმას „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ უწოდა. ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინაციაში, მან შემოიღო მკაცრი სანქციები რუსეთის 4 უმსხვილესი ბანკის, რუსეთის ნავთობისა და გაზის მრეწველობის წინააღმდეგ და აკრძალა ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში. გაერო, დიდი შვიდეული, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები, გმობენ რუსეთის ქმედებას და შესაბამისი რეაგირების პირობას დებენ…
პირველი ნაწილის დასასრული