ქართული პოლიტიკის ორომტრიალში, თითქოსდა ჩაიკარგა მცირე ხმის წინ მომხდარი ფაქტი: პარლამენტში დარეგისტრირდა ახალი ფრაქცია, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური სახელწოდებით – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“. მასში გაწევრიანდნენ ,,სტრატეგია აღმაშენებელი,” ,,რესპუბლიკური პარტია,” ,,გირჩი – მეტი თავისუფლება” და აწ უკვე დამოუკიდებელი დეპუტატები – ტარიელ ნაკაიძე და გრიგოლ ვაშაძე. რა შეიძლება ამთავითვე ითქვას ამ წამოწყებაზე: ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვეულებრივ სრულ ინერტულობას იჩენენ ქვეყნისთვის სასიცოხლო ინტერესების მიმართ, საოცარ კრეატიულობას იჩენენ საკუთარი თავის რეკლამირების კუთხით – სხვა საქმეა, რომ ამგვარი შემოქმედებითი წვის პროცესში, მათ მუდმივად ღალატობთ ტაქტი და გემოვნება. საქართველოს რომელიმე მოქალაქემ შეიძლება გაიკვირვოს – რა შუაშია აქ – შარლ მიშელი, მაგრამ ასე, შეიძლება ძალზე შორს შევტოპოთ.. იგივე „შუაშია“, რაშიც იყო – ჯორჯ ბუშის ქუჩა, რეიგანის ძეგლი რიყეზე და ბევრი რამ. ამგვარი მკრეხელური აზრებით, ხომ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს არჩევნების ტოტალური გაყალბების ფაქტიც და ვაითუ ანატოლი მარჩენკოს, როგორც პოლიტპატიმრის ია-ვარდით ფენილი გზა, უფრო რელიეფურად წარმოჩნდეს, ვიდრე ნიკანორ მელიას მარტვილობა?! ამის გამო, ფრაქციაში გაწევრიანებული პარტიების მხარდამჭერები, უთუოდ შემოგვწყრებიან
ეს ისე, სალაღობოდ, თორემ საკვირველი მართლაც არაფერია. ბოლოს და ბოლოს, რაიმე რომ გაგიკვირდეს, საპირისპირო გამოცდილება უნდა გქონდეს. გიორგი ვაშაძის პარტიის ეს ფაბლისითი ჩვეული ნაბიჯია, ტრადიციული ნაზავი – მეტიჩრობისა და პირმოთნეობის და არანაირი ზიანი არ მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის (ისე, როგორც სარგებელი). მეტიც, ის ქართულ აუდიტიორიაზე, საერთოდ არ ყოფილა გათვლილი. ასე რომ, თვალი დაუდგეს ევროპას! თანაც იუსტიციის სახლის კონცეფციის ავტორმა იმხელა აღიარება ჰპოვა დასავლეთში ,რომ ამგვარი პატარა ცუღლუტობა ნამდვილად მიეტევება. მერე რა, რომ იმ მომსახურებას, რაც დღეს რამდენიმე ათეული ლარი ჯდება, დაუბრკოლებლად იღებდი ნებისმიერ სახლმართველობაში – სულ რაღაც 5 მანეთად. ვიღაც იტყვის, რომ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და რომ ეს იყო კორუფციული გარიგება. კორუფციასთან ბრძოლის უსარულო და რაც მთავარია, უშედეგო კამპანიის ბაირახტარებს, შეგვიძლია მარტივი არგუმენტი შევაგებოთ: კორუფცია, არის ფულის გადანაწილების მახინჯი სისტემა, როცა მისი ყველა მონაწილე, იღებს გარკვეულ სარგებელს, თანამედროვე პოლიტიკურ ელიტას ამ სისტემის შეცვლა კი არ სურს, უბრალოდ განაწილება არ უყვარს – არც ლეგალური და არც არალეგალური. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. იქნებ აგვიხსნან, რატომ არის, რომ ჩვენზე მეტად კორუფციაში ჩაფლულ ქვეყნებში ცხოვრების უფრო მაღალი დონე (მხოლოდ ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყნები არ იგულისხმება, სხვა მაგალითიც უამრავია). თუ ის მარტივი ჭეშმარიტება დგება ეჭვქვეშ, რომ ნებისმიერი რეფორმა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როცა ცვლილება იწვევს სისტემის გაუმჯობესებას? ან ის გაგვიმარტონ ადამიანურ ენაზე, რატომ არ შეიძლებოდა ეს ინოვაციური მოდელი სახელმწიფოს ხელში არსებულ ასობით, არქიტექტურულადაც უფრო მიმზიდველ შენობებში ამოქმედებულიყო და ასეულობით მილიონი ლარი უსახური ნაგებობების შენების ნაცვლად, თუნდაც იმ მიუსაფარი მოხუცებისა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის, ღირსეული პირობების შექმნას მოხმარებოდა, რომელთა შესახებაც, ყასიდად, ამხელა ალიაქოთია ატეხილი. ისე, თუ მეხსიერება არ გვღალატობს ამ ულტრათანამედროვე იუსტიციის სახლებში, სწორედ რომ „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ფორმდებოდა სახელმწიფოს მიერ მიტაცებული კერძო საკუთრება, მათ შორის – ღამის საათებში.
როგორც ჩანს, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ეს ინიციატივა, ერთ-ერთია ვაშაძის ინოვაციური არსენალიდან, რომლის შესახებაც ამ პარტიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პერიოდში ყურები გამოგვიჭედეს. მკითხველს, ალბათ ახსოვს ვაშაძის ერთდროს უერთგულესი თანამებრძოლის, პარტია „კანონი და სამართალის“ (სახელწოდება ალბათ წარსულში პოპულარული ინდური ფილმით – „დანაშაული და სასჯელი“ – იქნა შთაგონებული) ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადება: „ამ კაცს თავი პროექტებით აქვს გამოტენილი“. ძნელი სათქმელია ვის რა პროექტებით თუ პროჟექტებით აქვს თავი გაძეძგილი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ალიანსმაც ჩაიულურის წყალი დალია და ეს არ იყო გასაკვირი, რადგან ქართულ პოლიტიკაში ამგვარ ერთობებს, არა აქვს იდეოლოგიური ან სოციალური საფუძველი. ვერავინ იტყვის, რა არის ის სხვაობა, რაც მაგალითად „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქრთველოს“ ან ჯაფარიძის გირჩის ნამსხვრევს – დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად აყალიბებს. არც არაფერი, აქედან დასკვნა: ის, რაც ამ განკერძოებას ასაზრდოებს, არის უკიდეგანო პიროვნული ამბიცია, პირველკაცობის დაუოკებელი წყურვილი. სწორედ ამ მიზანს ექვემდებარება უარმიო გენერლების (პარტიის ლიდერების) ნებისმიერი ნაბიჯი. ასე რომ, სრულიადაც ლოგიკურია პარტნიორების ცვლა ერთჯერადი ხელსახოცებივით და ე.წ. სიტუაციური ალიანსები, რისი გაგება მრავლისმნახველ ქართველ ამომრჩეველსაც კი უჭირს.
ახლა, რაც შეეხება უშუალოდ ფრაქციას: მისი სულისჩამდგმელის გიორგი ვაშაძის თქმით, ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება, თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძეა გამწესებული, ფრაქციის აპარატს კი სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. ეს შემადგენლობა თავისთავად სიპტომატურია, უიმედო აზრებს აღძრავს და აი რატომ: რესპუბლიკელები კარგა ხანია ჩამოყალიბდნენ პრინციპულად უპრინციპო პოლიტიკურ წარმონაქმნად, რომლის წევრებმაც თავის ხანგრძლივ პარაზიტულ ცხოვრებაში უკვე მიაღწიეს შთამბეჭდავი ეგზემპლარის – ასკარიდას ზომა-წონას. მართალია, ისინი იხტიბარს არ იტეხენ, მაგრამ როგორც ჩანს, თავადაც მშვენივრად აცნობიერებენ საკუთარ ელექტორალურ პოტენციალს ანუ ხელმძღანელობენ პრინციპით, საკვები ნახე, „ მასპინძელ ორგანიზმს“ რას კითხულობ.
პაატა მანჯგალაძე დღემდე ახალი, უცნობი ფიგურაა ვაშაძის მჭიდში, ამიტომ უარგუმენტო კრიტიკა არას გვარგებს. რაც შეეხება სერგო ჩიხლაძეს, მას გაგანია პანდემიის დროს ტელეგადაცემებში ხშირად წარმოგვიდგენდნენ სამედიცინო სფეროს ექსპერტად, რისი შეფასებაც სპეციალისტებისთვის მიგვინდია. რაც შეეხება მის პოლიტიკოსობას, ამ სფეროში – ჩიხლაძე აშკარად დაწყებითი კლასის მოწაფეა, თანაც დაბალი აკადემიური მოსწრებით. სხვა დასკვნის საფუძველს არ იძლევა მისი განცხადება იმის შესახებ, რომ „ჩვენში, ფაქტობრივად ტოტალიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდა“ (ეს „ტოტალიტარული“ ეტყობა, „ტოტალურად გაყალბებული არჩევნების“ ბოდვითი სინდრომის რეციდივია). როგორც ირკვევა, მას ზერელე წარმოდგენაც კი არა აქვს დიქტატორულ და ლიბერალ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემების რაობასა და ფორმებზე. ისე ნეტავ, როგორ დასრულდებოდა ჩიხლაძის საჯარო გამოსვლა, თუნდაც ფსევდოტოტალიტარულ რეჟიმების დროს, ვთქვათ „შავი პოლკოვნიკების“ საბერძნეთში ან სალასარის პერიოდის პორტუგალიაში, არაფერს ვამბობთ ფაშისტურ გერმანიაზე. რაც შეეხება სტალინურ ეპოქას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ასეთი გამოსვლა საუკეთესო ვარიანტში, დასრულდებოდა ე.წ. ,,უკაზით’’ (25 წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წლით გადასახლება ანუ ბელომორკანალზე ან მაგადანის ოლქში საუკუნის პროექტებზე დასაქმებით – აი, ბესარიონოვიჩს ნამდვილად ჰქონდა თავი გამოტენილი პროექტებით). უარეს და უფრო სავარაუდო ვარიანტზე საუბრიდან, უბრალოდ თავს შევიკავებთ.
ზოგადად, შარლატანობა ჩვენი ყოფის „თანამდევი, უკვდავი“ ნიშანია. საერთოდ, პოლიტიკოსების თაღლითობასაც არ ექნებოდა ამგვარი გასაქანი, რომ არა ამავე პროცესის მონაწილე შარლატანი ექსპერტ-ანალიტიკოსები, აი ისეთნი, ერთი ბროშურა და სტატიაც რომ არ შეუქმნიათ, არამცთუ რაიმე ფუნდამენტური ნაშრომი იმ სფეროში, რომელზეც ასეთი რიხით საუბრობენ. და კიდევ, ამ ვითარების სულისჩამდგმელი, უბადლო შარლატანი – თავისუფალი მედია, რომლის ჟურნალისტებსაც ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ დრენაჟი და ტრენაჟორი, ან პანსიონი და პანთეონი… თაღლითობასთან ერთად, შარლატანობის ერთ-ერთი ნიშანი ხომ სწორედ მოჩვენებითობა, ფსევდოგანსწავლულობა და პოზიორობაა! მათთვის, უცხოა პროფესიული კეთილსინდისიერება და სოციალური პასუხისმგებლობა. როგორც პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტები ამბობენ, ამომრჩეველი ირჩევს იმ კანდიდატს, რომელთანაც, ასე თუ ისე, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას. ასე, რომ ამგვარი პარტიების (ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლიდერს) არჩევნში ნაჩვენები შედეგებით, შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით დავადგინოთ, რამდენი შარლატანი, მოძალადე ან უტიფარია ჩვენს საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი.
.