The Spectator დიდი ბრიტანეთი
სვეტლანა მორენეცი
1914 წელს, შობის დადგომამდე, ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა გვერდზე გადადეს იარაღი და მტრის სანგრებს მიაშურეს, რომ ერთმანეთისთვის გადაეცათ საჩუქრები და ერთად დაემარხათ დაღუპულები. მოგვიანებით მათ ფეხბურთიც ითამაშეს – ეს იყო ხანმოკლე მაგრამ სულისშემძვრელი ნათელი ეპიზოდი პირველი მსოფლიო ომის საშინელებათა ისტორიაში
ამ კვირაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ვიკტორ ორბანი შეეცადა, გაეცოცხლებინა ეს ისტორიული მაგალითი და მან მხარეებს შესთავაზა სიმბოლური საშობაო დაზავება და ტყვეთა გაცვლა. მან დაურეკა ვლადიმირ პუტინს და მას მთელი საათი ესაუბრა. მოგვიანებით კი ორივემ ერთად, ამ ინიციატივის ჩაფლავებაზე პასუხისმგებლობა, დააკისრა ვლადიმირ ზელენსკის. რა მოხდა სინამდვილეში?
სიტყვიერი კამათი დაიწყო მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ გააკრიტიკა ორბანი – უკრაინის ზურგს უკან მოქმედების გამო. მან X-ის საშუალებით მიმართა უნგრეთის პრემიერს და განაცხადა: „იმედი გვაქვს, ორბანი მოსკოვში ასადსაც არ დაუკავშირდება და ამ უკანასკნელის გაუთავებელს ლექციებს არ მოისმენს“. კიევის რეჟიმი თავშეკავებით, დიპლომატიურ ტონში, დროდადრო აკრიტიკებდა მსოფლიო ლიდერებს, რომ ისინი უკრაინის საკითხს სათავისოდ იყენებენ და ამიტომ რეკავენ მოსკოვში – მაგალითად ასე იყო შოლცის შემთხვევაში, რომელმაც პუტინს დაურეკა თებერვალში, როცა მის ქვეყანაში არჩევნები ელოდა და სურდა მშვიდობისმყოფელად წარმოჩენილიყო. რაც შეეხება ორბანს, არც ის მორიდებია მკვეთრ განცხადებებს, თუმცა მის მიმართ ბრალდება, არცთუ უსაფუძვლოა: უკრაინელები ორბანს პუტინის მოკავშირედ მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის ხშირად აფერხებს კიევისთვის დახმარების გადაცემის პროცესს – ალბათ თავის მოტყუება იქნება, რომ ეს პრეტეზია უსაფუძვლოდ მივიჩნიოთ.
უნგრეთის პრემიერი განაწყენდა და ასევე მკვახედ უპასუხა ზელენსკის, ისე რომ არ გაუმხელია პუტინის რეაქცია მის წინადადებაზე. ამასობაში, კრემლმა სასწრაფოდ გამოაქვეყნა საკუთარი პოზიცია და ზავის ჩაშლაში ბრალი დასდო კიევს. არადა ზელენსკის არ შეეძლო უარეყო ის, რაც არ იცოდა. მისმა მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ უნგრულ მხარეს – კიევთან არაფერი განუხილავს. „როგორც ყოველთვის, კიევს არ დაუვალებია უნგრეთისთვის მისი სახელით მოქმედება – თქვა ლიტვინმა – ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა, უსაფრთხოების მყარი გარანტიები, ფუჭი ლაპარაკის ნაცვლად და არა თვითპიარი“. მან დასძინა, რომ უკრაინა თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს ტყვეთა გაცვლის შესახებ და ამაში ორბანს, რაიმე წვლილი არ მიუძღვის“.
თუმცა ცეცხლის შეწყვეტა – ესაა უკანასკნელი, რაც ახლა შეიძლება პუტინს სურდეს. მხოლოდ წინა თვეში, რუსული არმია დაეუფლა 5-ჯერ მეტ ტერიტორიას (725 კვადრატულ კოლომეტრს) ვიდრე, მთელი გასული წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა სჭირდებოდეს მას ცეცხლის შეწყვეტა?
პოკროვსკის ბედი – დონეცკის ოლქში, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა „ ეჟვნების ჰიმნი“, ბეწვზე ჰკიდია. გუშინ ქალაქში გამორთეს გაზი, ხოლო უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა, შეაჩერა მუშაობა კუთვნილ ქვანახშირის საბადოში, რადგან მაღაროს რუსები მიუახლოვდნენ. 10 წლის წინ, უკრაინამ დაკარგა 80% მისი ქვანახსირის საბადოებისა, როცა მოსკოვმა მიიტაცა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების უმეტესი ნაწილი. ამის შემდეგ, სწორედ პოკროვსკი წარმოადგენდა კოქსვისთვის საჭირო ქვანახშირის ძირითად წყაროს. თუ ქალაქი დაეცა, უკრაინაში ფოლადის წარმოება შემცირდება 2-ჯერ, რაც აისახება იარაღის წარმოებაზეც.
როგორც რუსეთის საგარეო უწყება ირწმუნება, მოსკოვი შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი „დაეშვება მიწაზე“ და მიიღებს პუტინის პირობებს, რომლებიც მან ივნისში წარმოადგინა. ზელენსკისგან ასევე მოითხოვენ ჯარების გაყვანას უკრაინული ოლქებიდან, რომლებიც პუტინს ბოლომდე არც აქვს დაკავებული. ამას გარდა, უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. მოსკოვი ასევე მოითხოვს, გაუქმდეს ყველა დასავლური სანქცია. ვიდრე ეს პირობები არ დაკმაყოფილდება და სანამ ტრამპი არ მოიფიქრებს იმას, როგორ დასვას პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან, მანამდე გაგრძელდება სასანგრე ბრძოლები და რუსული სარაკეტო დარტყმები მრავალტანჯულ უკრაინულ ქალაქებზე, მათ შორის იმ დღეებში, როცა დანარჩენი მსოფლიო საშობაო მხიარულებაში ჩაეფლობა. ორბანი მართალია ერთ რამეში: უეჭველია, რომ წინ გველის – ყველაზე საშინელი კვირეები კონფლიქტის ისტორიაში.