Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

FINANCIAL TIMES   დიდი ბრიტანეთი

გიდეონ რაჰმანი

 

სიმღერა – „ყველაფერი მხოლოდ უკეთ იქნება“ (Things can only get better), თავის დროზე, 1990-იანების ჰიმნად იქცა. ის 1993 წელს დაიწერა, ბერლინის კედლის დაცემიდან 4 წლის შემდეგ და ათწლეულის ლაიტმოტივი გახდა. ამას მოჰყვა ის, რომ აპარტეიდი დასრულდა, აღმოსავლეთ ევროპა დემოკრატიამ მოიცვა, ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობა ჩამოვარდა, ხოლო ოსლოს შეთანხმებამ – დაასრულა კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის

1990-იან წლების სულისკვეთებამ, ფრთა შეასხა მშვიდობის მომხრეებს, დემოკრატებსა და ინტერნაციონალისტებს. დღეს კი ქარი ნაციონალისტების, ომის წამქეზებლებისა და კონსპიროლოგების აფრებს უბერავს.

არის საფრთხე, რომ მომავალ წელს, რუსეთი ხელთ იგდებს ინიციატივას უკრაინის კონფლიქტში. ახლო აღმოსავლეთში გაღვივებული ფრთხილი ოპტიმიზმი, რომელიც ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს  შორის დადებულ აბრაამის შეთანხმებას მოჰყვა, დაირღვა ჰამასის იერიშით და ისრაელის შეჭრით ღაზას სექტორში. ყოვლისმომცველი ომი ახლო აღმოსავლეთში, დღეს გაცილებით მეტადაა მოსალოდნელი, ვიდრე სამშვიდობო პროცესის წარმატება.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სერიოზული პრობლემები შეექმნა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბუკმეიკერების ფავორიტი  დონალდ ტრამპია. ბოლო გამოკითხვებით, ის დამაჯერებლად ლიდერობს მერყევი შტატების უმრავლესობაში, საბოლოო ჯამში კი სწორედ ეს შტატები განსაზღვრავს არჩევნების შედეგს.

ეს დამთრგუნველი მოვლენები – აფუჭებს გლობალურ პოლიტიკურ კლიმატს. მეტიც, მოვლენები ერთურთს კვებავს.

ომმა ღაზაში აიძულა აშშ, დრო და ყურადღება, უკრაინის ნაცვლად სხვა რამისთვის დაეთმო. დაიწყო პირდაპირი კონკურენცია საბრძოლო მასალებზე. უკრაინას ისედაც არ ჰყოფნიდა ჭურვები, ახლა კი ისრაელთან უწევს პაექრობა დეფიციტური საბრძოლო მასალებისთვის. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, როგორც ერთს, ისე მეორეს, წყალივით სჭირდება. დასავლეთი აქამდეც ვერ უზრუნველყოფდა უკრაინის გლობალურ მხარდაჭერას – ისრაელის გამო კი სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. არგუმენტები, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულს სჩადის, შეიძლება ორმაგ სტანდარტად მოინათლოს. ეს მოვლენები ვითარდება უკრაინისთვის სამხედრო მიწოდებების შეფერხების ფონზე და კონტრშეტევა ფაქტობრივად ჩაფლავების პირასაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამხედრო მოქმედებები ჩიხში მოექცა. სინამდვილეში, ჩიხში მოქცევაც  ოპტიმისტური განაცხადია. რუსეთმა თავის ეკონომიკა გადაიყვანა სამხედრო რელსებზე და მომავალი წლისთვის კიდევ მეტ უპირატესობას მოიპოვებს, როგორც შეიარაღების, ისე მებრძოლთა რაოდენობის მხრივ. უახლოეს თვეებში,  რუსული არმია ეჭვგარეშეა გაიმეორებს დარტყმებს უკრაინულ ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე.

ქანცგაწყვეტილი უკრაინა ისევ ძლიერადაა დამოკიდებული დასავლეთის ფინანსურ და სამხედრო  დახმარებაზე. უკრაინის დასავლელმა მხარდამჭერებმა ვერ დაქოქეს იარაღის წარმოება, რათა დასწეოდნენ რუსეთის სამხედრო მანქანას. ამ დროს კი უკრაინის დაფინანსების საკითხი გაიჭედა აშშ-ს კონგრესში, რადგან რესპუბლიკელი ტრამპისტები კონფლიქტის გაგრძელების წინააღმდეგ გამოდიან.

ვლადიმირ პუტინს ბრძოლის გაგრძელების დამატებითი მიზეზები გამოუჩნდა იმ პერსპეტივის ფონზე, რომ ტრამპი შეიძლება თეთრ სახლს დაუბრუნდეს და უკრაინა ბედის ანაბარა მიატოვოს.

ტრამპის გამარჯვების ალბათობა მკვეთრად გაიზარდა ღაზაში კონფლიქტის გაჩაღებით. ბაიდენს სჭირდება ახალგაზრდა პროგრესისტებისა და არაბული წარმოშობის ამერიკელთა  მხარდაჭერა. თუ პროგრესისტები სახლში დარჩნენ ან მარგინალ პოლიტიკოსებს მისცეს ხმა, მაშინ შესაძლოა სასწორის პინა ტრამპის სასარგებლოდ გადაიხაროს. რა თქმა უნდა აბსურდია იმის მტკიცება, რომ ტრამპი თეთრ სახლში პროპალესტინურ განწყობებს დააბრუნებს – ყოფილი პრეზიდენტი, დღემდე იმუქრება მუსულმანების აშშ-ში შესვლის აკრძალვით… მაგრამ ისტორია სავსეა მოულოდნელობებით.

ამას გარდა, მსოფლიო საზოგადოებრიობის დაჟინებული ყურადღება ისრაელისა და ღაზას მიმართულებით, შესაძლოა ფარად იქცეს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სხვა ადგილებში. ბოლო კვირეები მასობრივი დეპორტაცია და მოქალაქეების იძულებითი გადაადგილება, ხდებოდა პაკისტანში, სუდანსა და მთიან ყარაბაღში.

დიდია საფრთხე, რომ სხვა გადაუდებელი საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს. კლიმატის ცვლილება სულ უფრო დამთრგუნველია. კლიმატის სამიტი COP28, რომელიც თვის ბოლოს დუბაიში გაიმართება, უდავოდ ღაზას სექტორის ნიშნით წარიმართება.

რაკი აშშ გაიხლართა ქვეყნის გარეთ, ხოლო ქვეყნის შიგნით არასტაბილურია, ჩინეთმა შესაძლოა დრო იხელთოს. ამ ეტაპზე გამოიკვეთა ვაშინგტონისა და პეკინის დაახლოების ნიშნები, მაგრამ საერთო სურათი ისეთია, რომ ჩინეთი ცდილობს ჩააჩოჩოს აშშ წყნარი ზღვის რეგიონიდან – შესაძლოა მან ეს ყველგან სცადოს.

სი ძინპინის ამბიციების ეპიცენტრი კვლავ ტაივანია. ანალიტიკოსები ვაშინგტოში ვარაუდობენ, რომ სიმ უბრძანა ჩინელ სამხედროებს, ემზადონ კუნძულზე შეჭრისთვის 2027 წლისთვის. ჩინეთის შესაჩერებლად ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად დაიცავდა ტაივანს. რაკი ამერიკა დაბნეული და  გაყოფილია, კუნძულზე  ზეწოლამ შეიძლება უკვე მომავალ წლისთვის გადმოიწიოს. ეს დაპირისპირება, თავის მხრივ, დაემატება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

ამ გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ სიმღერაში „ყველაფერი მხოლოდ უკეთ იქნება“, რომელსაც ჯგუფი – D:Ream  ასრულებდა, კოდირებული იყო სიტყვა – ოცნება. 30 წლის შემდეგ კი ირკვევა, რომ ოცნება უკვე დასრულდა.

ალბათ უკიდეგანო ფატალიზმი იქნება, ვამტკიცოთ, რომ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაფერი თანდათან გაუარესდება, მაგრამ იმის გაცნობიერება კი გვმართებს, რომ ნიავმა ავისმომასწავებლად დაჰბერა და ის თანდათან ძალას იკრებს.

 

By admin