THE WASHINGTON POST აშშ
მარკ ა. ტისენი
Post Opinions-ის მიმომხილველმა მარკ ა. ტისენმა, ვარშავაში ინტერვიუ ჩამოართვა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. გთავაზობთ ამონარიდებს ამ რედაქტირებული საუბრიდან:
მარკ ტისენი: ნატოს სამიტზე, როცა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან უკმაყოფილება გაისმა (ლიდერების ერთობლივი განცხადების საპასუხოდ, რომელიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ეხებოდა), ის გააკრიტიკეს და თქვეს, რომ პრეზიდენტი უმადურობას იჩენს, მიუხედავად გაწეული დახმარებისა. ეს თითქოსდა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ, ერთგვარი ქველმოქმედებაა. მართლაც ასეა, თუ უკრაინა ვალდებულად გვთვლის იმის გამო, რომ ის მსხვერპლად სწირავს თავის შვილებს, მათ სიცოცხლეს, რათა დაგვიცვას რუსული საფრთხისგან?
ანჯეი დუდა: მე ასე ვიტყოდი: არ მსურს ვიმსჯელო ამ კატეგორიებით – არც ჩვენ ვიჩენთ ქველმოქმედებას უკრაინის მიმართ და არც უკრაინა არის ამ საქმით დაკავებული. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, არ იყო ვინმეს მიერ პროვოცირებული. რუსეთს თავს არავინ დასხმია, პირიქით…
მზად ვართ თუ არა საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა, შევეგუოთ ვითარებას, როცა რუსეთის ნებას არ აძლევს უკრაინელ ხალხს, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, გადაწყვიტოს რომელ ალიანსს შეუერთდეს და ვინ იყოს მისი მოკავშირე?
მარკ ტისენი: თქვენ ამბობთ, რომ ამერიკამ და პოლონეთმა უნდა შეაჩერონ რუსული იმპერიალიზმი…
დღეს უკრაინელები იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, იცავენ თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და ტერიტორიას…
ისინი იბრძვიან თავად. ჩვენ მათ ვუგზავნით იარაღს. რატომ? იმიტომ, რომ შეძლონ დაიცვან საკუთარი თავი და ტერიტორია. როცა ვამბობ – „ჩვენ“-ს, ვგულისხმობ არა მხოლოდ პოლონელებს. „ჩვენ“ – ანუ ამერიკელები, ფრანგები, ბრიტანელები, გერმანელები – მთელი დემოკრატიული სამყარო. ჩვენ, პოლონელებს, უამრავი მიზეზი გვაქვს, რომ უკრაინელები იარაღით მოვამარაგოთ…
დემოკრატიულმა სამყარომ ისიც იცის, რომ ნებისმიერი აგრესორი, რომელიც 21-ე საუკუნეში არღვევს დემოკრატიული სახელმწიფოს საზღვრებს, უნდა იყოს შეჩერებული.
- იმის ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ არ ეხმარებიან უკრაინას და არ აწვდიან მას უფრო მეტ იარაღს, სახელდება ის, რომ პუტინი მუდმივად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით. თუ გაფიქრებთ, რომ პუტინმა შეიძლება მართლაც შეასრულოს ეს მუქარა?
არა, არ ვფიქრობ, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ვთვლი, რომ რუსეთში ბირთვული არსენალი – კოლექტიური კონტროლის ქვეშაა და მისი გამოყენება არ არის დამოკიდებული ვლადიმირ პუტინის ერთპიროვნულ ნება-სურვილზე. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებისთვის – ერთზე მეტი ადამიანია საჭირო.
თუ საქმე ბირთვული საფრთხეზე მიდგა, მე ბევრად მეტად მაფიქრებს პოტენციური პრობლემები, რომლებიც უკრაინაში არსებულ ატომურ ელექტროსადგურებს უკავშირდება. ვშიშობ, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც, რასაც დაერქმევა ბირთვული ავარია. ჩემი აზრით, აფეთქება (ატომურ სადგურზე) უფრო შეიძლება მოხდეს, ვიდრე მისი იარაღის სახით გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ საქმე გაქვთ კაცთან, რომელიც მოესწრო ჩერნობილის სადგურის აფეთქებას შორეულ 1986 წელს, როცა მათ ატომური სადგური ხელში აუფეთქდათ ანუ მათივე კონტროლქვეშ ყოფნისას.
- აწარმოებდა თუ არა საერთო-საბრძოლო ოპერაციას პოლონეთი – შორი მოქმედების იარაღისა და ავიაციის გარეშე? თუ არა, მაშინ რატომ ვაძალებთ დღეს ამას უკრაინელებს. რა არა აქვთ მათ ისეთი, რაც აუცილებლად სჭირდებათ?
უკრაინას მიეწოდა შორსმსროლელი არტილერია და მისი დახმარება დღესაც გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკრაინას უფრო თანამედროვე შეიარაღება აქვს, ვიდრე რუსეთს.კითხვა სხვაგავარად უნდა დაისვას: საკმარისია კი უკრაინის შეიარაღება საიმისოდ, რომ მან გარდატეხა მოახდინოს ომში და გაიმარჯვოს? პასუხი უარყოფითი იქნება.შეიარაღება ნამდვილად არ არის საკმარისი. ამას ჩვენ ვხვდებით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის უკრაინელები ვერ ახერხებენ კონტრშეტევის მიზნების რეალიზაციას. მოკლედ, მათ დამატებითი დახმარება სჭირდებათ.