BBC დიდი ბრიტანეთი
მეთ მერფი
რუსული კომპანია Wagner Group-ის მეთაურმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაეთანხმა მის მოთხოვნას – დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ. ეს მოხდა, პრიგოჟინის მუქარიდან რამდენიმე დღეში, როცა მან განაცხადა, რომ გაიყვანდა თავის ხალხს ბახმუტიდან
გასულ სამშაბათს ევგენი პრიგოგოჟინმა შერისხა თავისი რუსი კოლეგები და უხამსი გინებით აღსავსე ტირადით მიმართა მათ. ეს გამოსვლა, მან ათობით გვამის წინაშე მდგარმა ჩაწერა.
მეორე დღეს მან თქვა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები 10 მაისს ბახმუტს გაეცლებოდნენ.
თუმცა ორშაბათს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დასთანხმდა მოთხოვნას, მიეწოდებინათ მისთვის შეიარაღება ქალაქში „ბრძოლის გაგრძელებისთვის საჭირო რაოდენობით“.
პრიგოჟინის მხრიდან საკუთარი სიტყვის უკან წაღება, სიურპრიზი არ არის. ის ცდილობს პოპულარობის მოხვეჭას და ადრეც არაერთხელ გადაუთქვამს თავისი დაპირება.
რუსული საკადრო არმია და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები, უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ ბახმუტის ხელში ჩაგდებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქს არ გააჩნია სტრატეგიული ღირებულება.
ოფიციალური პირები დასავლეთში თვლიან, რომ მართალია ათასობით კადრის ჯარისკაცი და ვაგნერის წევრი გვერდიგვერდ იბრძვიან, მაგრამ ეს კავშირი არ არის მაინცდამაინც მარტივი.
პრიგოჟინი მუდმივად აკრიტიკებს რუს ჩინოვნიკებს იმის გამო, რომ ისინი, მისი აზრით, არ ავლენენ საჭირო თანადგომას ბრძოლის წინა ხაზზე მყოფთა მიმართ.
თავის გამოსვლაში, პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინაში შეჭრილ რუსულ არმიას მეთაურობდა ოქტომბერ-იანვრის პერიოდში, დაინიშნა რუსეთის ოფიციალურ შენაერთებსა და „ვაგნერის“ დაქირავებულებს შორის ურთიერთქმდების კოორდინატორად.
„ესაა ერთადერთი კაცი არმიაში გენერლის ვარსკვლავებით, რომელმაც იცის, როგორ იბრძოლოს – ამბობს პრიგოჟინი – არც ერთი სხვა გენერალი, არ გამოირჩევა გონიერებით“.
ვინ არის გენერალი სუროვიკინი?
მართალია პრიგოჟინს არ გამოუცხადებია, რომ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება ბახმუტის დატოვების შესახებ, მაგრამ აღნიშნა, რომ მის „მებრძოლებს ნება მისცეს, „მოიქცნენ ბახმუტში ისე, როგორც საჭიროდ თვლიან“ – ეს კი სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი ბახმუტში რჩებიან.
კრემლს რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია პრიგოჟინის განცხადებაზე.
„ვაგნერს“ ჰყავს საკუთარი ფავორიტი მეთაურები, აქვს პირადი მიზნები და მოტივაცია – იმავე პრიგოჟინს, საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, აქვს პირადი შიდაპოლიტიკური ამბიციები.
თავდაცვის მინიტრი – სერგეი შოიგუ და გენშტაბის უფროსი – ვალერი გერასიმოვი, არაერთხელ მოხვდნენ „ვაგნერის“ მეთაურის რისხვის სამიზნეში და ეს ხდება ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში არსებული დაჯგუფებების კინკლაობის ფონზე.
გასული ოთხშაბათის გამოსვლაში, პრიგოჟინი რისხვას აფრქვევდა: „შოიგუ! გერასიმოვ! სადაა… საბრძოლო მასალები? … ეს ხალხი წამოვიდა მოხალისედ და ის იხოცება იმის გამო, რომ თქვენ გასუქდეთ წითელი ხით გაწყობილ კაბინეტებში?“
მან განაცხადა, რომ „ვაგნერის“ დანაკარგი „ყოველდღიურად იზრდება გეომეტრიული პროგრესიით“ და ეს ხდება – სწორედ შეიარაღების უკმარისობის გამო.
იმავდროულად უკრაინელი ოფიციალური პირები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი იმის მიმართ, რომ პრიგოჟინი მართლაც აპირებდა თავისი მებრძოლების ბახმუტიდან გაყვანას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ – ანა მალერმა პარასკევს განაცხადა, რომ ვაგნერი ყველა მხრიდან თავს უყრიდა მებრძოლებს ბამუტთან, რათა გამარჯვების დღისათვის – სრულად დაუფლებოდა ქალაქს.