Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  ბრიტანეთი

 

რუსული სამხედრო გემი, რომელიც ოთხშაბათს აფეთქების შედეგად დაზიანდა, ჩაიძირა – იტყობინება რუსეთის თავდაცვის უწყება.

შავი ზღვის ფლაგმანი – „მოსკვა“, ბუქსირით გადაჰყავდათ პორტისკენ, როცა „ზღვაზე არსებულმა შტორმმა“, მისი ჩაძირვა გამოიწვია, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

სარაკეტო კრეისერი 510-კაციანი ეკიპაჟით, წარმოადგენდა რუსული სამხედრო ძალმოსილების სიმბოლოს და ის სათავეში ედგა საზღვაო შეტევას უკრაინაზე.

კიევი ამტკიცებს, რომ გემი ჩაიძირა უკრაინული რაკეტების მოხვედრის შედეგად. მოსკოვი თავდასხმის შესახებ დუმს. მისი თქმით, ხომალდი განადგურდა გემზე გაჩენილი ხანძრის მიზეზით.

რუსული მხარის ვერსიით, ხანძარმა გამოიწვია ხომალდზე არსებული საბრძოლო მასალების აფეთქება, მთელი ეკიპაჟი კი გადაიყვანეს შავ ზღვაში შორიახლოს განლაგებულ რუსულ გემებზე. უფრო დეტალური ინფორმაცია არ სახელდება.

თავდაპირველი განცხადების შემდეგ, რომ სამხედრო გემი მწყობრში იყო, ოთხშაბათ საღამოს, რუსეთის სახელმწიფო მედიამ შეგვატყობინა –  „მოსკვა“ ჩაიძირა.

„ბუქსირით გადაყვანის დროს… პორტის მიმართულებით, ხომალდმა დაკარგა წონასწორობა ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, რაც გამოიწვია საბრძოლო მასალების აფეთქებამ. ზღვაზე არსებული არახელსაყრელი პირობების გამო, გემი ჩაიძირა“ – ასე ახდენს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ციტირებას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო – Tacc-ი.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ „მოსკვას“ მოხვდა უკრაინული წარმოების რაკეტები „ნეპტუნი“ – იარაღი, რომელიც შემუშავდა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და შავ ზღვაზე უკრაინისთვის სამხედრო-საზღვაო საფრთხის მატების შემდეგ.

მაღალი რანგის უკრაინელმა მოხელემ განაცხადა, რომ „მოსკვა“-ს ბორტზე უნდა ყოფილიყო 510-კაციანი ეკიპაჟი.

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს, „მოსკვამ“ სახელი გაითქვა იმით, რომ კუნძულ „ზმეინნი“-ზე განლაგებულ მესაზღვრეთა მომცრო გარნიზონს შესთავაზა დანებება, რაზეც, როგორც გახმაურდა, უცენზურო რადიოშეტყობინებით უპასუხეს.                               თავდაპირველად საბჭოთა პერიოდში აგებული „მოსკვა“, მწყობრში 1980-იანი წლების დასაწყისში ჩადგა. ხომალდის აწყობა დაიწყო უკრაინის სამხრეთ ქალაქ ნიკოლაევში, რომელიც ბოლო დღეებში ძლიერად იბომბებოდა რუსული მხარის მიერ.

მართვადი რაკეტებით აღჭურვილი კრეისერი, მანამდე, მოსკოვმა სირიის კონფლიქტში გამოიყენა, სადაც ის უზრუნველყოფდა რუსეთის ძალების საზღვაო მხარდაჭერას.

არსებული მონაცემებით, მასზე იყო 16 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ვულკანი“, სანაღმო-სატორპედო და ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღების მთელი კომპლექსი.

თუ უკრაინული თავდასხმა დადასტურდა, მაშინ 12 490 ტონა წყალწყვის „მოსკვა“, იქნება ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი, რომელიც მოწინააღმდეგის თავდასხმის შედეგად, II მსოფლიო ომიდან მოყოლებული ჩაიძირა.

ეს მეორე დიდი ხომალდია, რომელიც რუსეთმა დაკარგა შეჭრის დღიდან. მარტში, სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ განადგურდა უკრაინელების თავდასხმის შედეგად – ბერდიანსკის ყურეში. ესაა პორტი აზოვის ზღვაში, რომელიც რუსეთმა მიიტაცა.

By admin